Accessibility links

logo-print

დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ


ცხინვალში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ შეტევა გრძელდება. დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა მურატ ვანეევმა საინფორმაციო სააგენტო „რესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ყველანაირი ურთიერთობა ქართველ პარტნიორებთან კანონსაწინააღმდეგო და ამორალურია. მისი აზრით, მიზანშეწონილი იქნება სამართლებრივი აქტის მიღება, რომელიც ამ ურთიერთობებს შეზღუდავს. ვანეევი მიიჩნევს, რომ რადგან სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც არ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა ქართველ კოლეგებთან, მით უმეტეს, რომ სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს, რაზე საუბრობენ იმ შეხვედრებზე, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ. თვითაღიარებული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი მხოლოდ სტიქიური კატასტროფების დროს თანამშრომლობას მიიჩნევს დასაშვებად. ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი, გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხურბათი მიიჩნევს, რომ ვანეევის ინიციატივას ოსურ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ ექნება. ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში იგი აცხადებს, რომ არაერთმა ოსმა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა თბილისის კლინიკებში მკურნალობით შეძლო.

თემურ ცხურბათის ყველა საბრძოლო მოქმედების დროს ხელში იარაღი ეჭირა და იბრძოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ის მტრად და მეხუთე კოლონის წარმომადგენლად იმის გამო გამოაცხადა, რომ იგი ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგში ხშირად მონაწილეობს. რამდენიმე წლის წინ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამაში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები იღებდნენ მონაწილეობას. ცხურბათის აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი ბრალდებების აბსურდულობა კარგად ესმით, მაგრამ მათ განსხვავებული აზრის მოსმენა აღიზიანებთ. არასამთავრობო სექტორში თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები არიან და ამიტომ მათზე შეტევა ხშირად ხორციელდება.

ნუთუ სხვა პრობლემა არა გვაქვს რესპუბლიკაში, რომ 4 არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოურ აგენტებად გამოაცხადო და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტი აუკრძალო? თითქოს ჩვენი სახელმწიფო ყოველთვე აცხადებდეს კონკურსებს გრანტებზე...
ადამიანის უფლებადამცველი ცენტრის - „მემორიალის“ - იურიდიული მრჩეველი კირილ კარატაევი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის განცხადება უაზრობაა, რადგან ადამიანებს აქვთ უფლება თვითონ გადაწყვიტონ ვისთან, როგორ და როდის იურთიერთონ, ხოლო ის, თუ რომელი ურთიერთობაა მორალური და რომელი ამორალური, იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი არ არის. კარატაევი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ვითარება ჩრდილოეთ კორეას აგონებს.

მურატ ვანეევის განცხადებას დისკუსია მოჰყვა სოციალურ ქსელ ფეისბუკში - ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს და ვანეევის კრიტიკა დაიწყეს. პოლიტოლოგი დინა ალბოროვა სოციალური ქსელის საკუთარ კედელზე წერს:

„ნუთუ სხვა პრობლემა არა გვაქვს რესპუბლიკაში, რომ 4 არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოურ აგენტებად გამოაცხადო და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტი აუკრძალო? თითქოს ჩვენი სახელმწიფო ყოველთვე აცხადებდეს კონკურსებს გრანტებზე. ვანეევს არ უფიქრია იმაზე, რომ მთელი ჩვენი მთავრობა და თვითონ მთავარი უცხოური აგენტები არიან, იმიტომ რომ უცხო ქვეყნიდან, რუსეთიდან ფინანსდებიან?“

ზურაბ ბენდიანიშვილი, ხელმძღვანელი კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, ამბობს, რომ თიბილოვის ხელისუფლება არასამთავრობო სექტორს კონკურენტად მიიჩნევს, სამოქალაქო სექტორის იზოლირების მცდელობა კი უშედეგო იქნება.

2007 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის რატიფიცირება მოახდინა. ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, რომ ვანეევის განცხადება ეწინააღმდეგება დეკლარაციას და ადამიანის უფლებების შემზღუდველია.
XS
SM
MD
LG