Accessibility links

კონფლიქტის ზონაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო პლატფორმა


ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელ ფესიბუკში საინფორმაციო-საკომუნიკაციო პლატფორმა შექმნეს. ბოლო დროს ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ პირველად რადიო თავისუფლებამ ამ პლატფორმიდან გავრცელებული ინფორმაციით შეიტყო. ეს არის ერთგვარი სამოქალაქო ჟურნალისტიკა - ახალგაზრდები საკუთარ სოფლებში მომხდარი ამბების შესახებ წერენ. მათ არასამთავრობო ორგანიზაცია , იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ დაეხმარა. თემურ ჯალაბაძე სოფელ ქორდში ცხოვრობს. იგი საინფორმაციო-საკომუნიკაციო პლატფორმის ხშირი მომხმარებელია. ინფორმაციას სხვა სოფლებიდანაც იღებს და თვითონაც ავრცელებს.

ვერა გრიგორიანი ცხინვალიდან დევნილია. მისი თქმით, ამ ქსელიდან, ახალი ამბების გარდა, ახალგაზრდები ინფორმაციას იღებენ საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების შესახებაც.

ბოლო წლების განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ადამიანები და იძულებით გადაადგილებული პირები მუდმივად განიცდიდნენ ინფორმაციის ნაკლებობას. ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანებმა არ იცოდნენ რა პროექტებს ახორციელებდნენ მათ დასახმარებლად სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ასევე უცნობი იყო სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში რომელი პრობლემების მოგვარებას ენიჭებოდა პრიორიტეტი. ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ რეგიონში 2002 წლიდან მუშაობს, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას უფრო მეტი ყურადღება დაეთმო.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი ამბობს, რომ, ამ პროექტის ფარგლებში, ჯერ ახალგაზრდები მომზადდნენ, შემდეგ კი მათ კომპიუტერები და მოდემები დაურიგდათ. მისი თქმით, ახალგაზრდები უკვე ცდილობენ არა მარტო თვითონ მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, არამედ ეს ინფორმაცია თემში მცხოვრებთათვისაც ხელმისაწვდომი გახადონ. გარდა ამისა, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლები მიიღებენ ინფორმაციას ახალი პროგრამებისა და პროექტების, ასევე კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებისა და დევნილი მოსახლეობის საჭიროებებისთვის იქნება განკუთვნილი.

ამჟამად საინფორმაციო-საკომუნიკაციო პლატფორმაში ინფორმაცია 10 სოფლიდან ვრცელდება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები კონფლიქტის ზონის ყველა სოფელში უნდა იყოს და ამისთვის შესაბამის გზებს ეძებენ.

საინფორმაციო-საკომუნიკაციო პლატფორმა ნაწილია პროექტისა „კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების უფლებების გაძლიერება“, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.

XS
SM
MD
LG