Accessibility links

logo-print

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების გაზიფიცირება


გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ბუნებრივი აირი შეჰყავთ. სოფელ ხურვალეთში, რომელიც ოსურ სოფლებს ესაზღვრება, სამუშაოების დასრულებას ნოემბრისთვის გეგმავენ. ხურვალეთელები წლების განმავლობაში შეშას მეზობელი ტყიდან ეზიდებოდნენ, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ ტყეში რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლები შევიდნენ და იქ შესულ საქართველოს მოქალაქეებს აკავებდნენ ხოლმე. ხურვალეთში მცხოვრები ნიკოლოზ ქოთოლაშვილი ამბობს, რომ ამ პროექტით სოფელს ზამთარში გათბობის პრობლემა მოუგვარდება.

აგვისტოს ომის შემდეგ ხურვალეთელები შეშას გორის ბაზარზე ყიდულობდნენ. ამჟამად 1 მანქანა შეშა 800 ლარი ღირს. ვინც ამ თანხის მოგროვებას ვერ ახერხებდა, ხეხილის ბაღებს ჩეხდა და ზამთარში ასე თბებოდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შავშვების თვითმმართველ თემში მანანა თვაური აცხადებს, რომ სოფლის გაზიფიცირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

სოფელ ხურვალეთში გაზიფიცირების სამუშაოებს შ.პ.ს „კონსტრუქცია 21“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 კილომეტრი სიგრძის მილის გაყვანა, ასევე ამომყვანების, მრიცხველებისა და გამანაწილებლების დამონტაჟება. ბუნებრივ აირს მოსახლეობას სახლამდე უფასოდ მიუყვანენ. პროექტის ღირებულება 280 ათას ლარს შეადგენს. 300-მდე ოჯახი გაზს უკვე ნოემბრის თვეში მიიღებს. „კონსტუქცია-21“-ის დირექტორი კახაბერ ბაბილოძე აცხადებს, რომ ერთ თვეში გაზიფიცირების სამუშაოები კიდევ რამდენიმე სოფელში დასრულდება.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ხურვალეთში სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მისი ინფორმაციით, წლის ბოლომდე გორის მუნიციპალიტეტის 33 სოფლის გაზიფიცირება დასრულდება. მისი თქმით, სახელმწიფომ პირველ ეტაპზე პრიორიტეტი ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებს მიანიჭა.

გორის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში წლის ბოლოსთვის ბუნებრივ აირს 8799 ოჯახი მიიღებს. საქართველოს ბიუჯეტიდან, საქართველოს მასშტაბით, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირებისთვის 19 მილიონი ლარია გამოყოფილი.

XS
SM
MD
LG