Accessibility links

logo-print

საოკუპაციო ხაზთან აქციის ჩატარების მცდელობა ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ 5 წევრის დაკავებით დასრულდა. 17 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთთან ჩავიდნენ და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან აქციის ჩატარება და იქ კარვის გაშლა მოინდომეს, თუმცა ჯერ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობას წააწყდნენ, შემდეგ კი დაპირისპირება მოუხდათ პოლიციელებთან, რომლებიც მათ გადაადგილებას ეწინააღმდეგებოდნენ. შეხლა-შემოხლის დროს „თავისუფალი ზონის“ 5 წევრი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს. „თავისუფალი ზონის“ წევრი კობა ხაბაზი ამბობს, რომ ვერ მიიღეს არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ არ შეიძლებოდა აქციის ჩატარება საოკუპაციო ხაზთან.

ამ აქციას წინ უძღოდა კიდევ ერთი აქცია, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თანაბრად აკრიტიკებდა ხელისუფლების, ოპოზიციისა და მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის ქმედებას საოკუპაციო ხაზთან. ხურვალეთის მოსახლეობა ორ ფაქტს აპროტესტებს: მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული აქციისას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დემონტაჟს და ანდრო ბარნოვის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.ხურვალეთელები ამბობენ, რომ ამგვარი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. ადგილობრივთა თქმით, ამ დღეებში მომხდარი პროვოკაციების გამო საფრთხის ქვეშ დადგა მათი მოსავლის აღების საკითხი, რადგან აღარ იციან ოსური მხარე ამის საშუალებას კიდევ მისცემს თუ არა. გუშინ საღამოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან მწყემსები გამოყარეს და იქ მსხვილფეხა პირუტყვის გადაყვანა აუკრძალეს. ხურვალეთის მცხოვრები შორენა აბულაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ხურვალეთელებს და წითელუბნელებს ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ მეზობელ ოსურ სოფლებთან და ადგილობრივი მცხოვრებლები პროვოკაციის თავიდან აცილებას ცდილობენ. აღსანიშნავია რომ წითელუბანსა და ხურვალეთშიც არაერთი შერეული ქართულ-ოსური ოჯახი ცხოვრობს და ახლა მათი მთავარი საზრუნავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსავლის აღებაა.

ხურვალეთის მცხოვრები მანანა თვაური აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილის მიწის ნაკვეთები მოექცა, ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია პროვოკაციის წინააღმდეგ გამართა, რათა მოსავლის აღების საშუალება მიეცეთ.

დღეს ხურვალეთის შესასვლელთან, პოლიციის საგუშაგოზე, სამართალდამცავების სიმრავლე შეინიშნებოდა. საოკუპაციო გამყოფი ხაზისკენ გადაადგილების უფლებას ისინი ადგილზე ჩასულ მედიის წარმომადგენლებს არ აძლევდნენ და ამას მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხსნიდნენ. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ოსურ მხარესთან მოლაპარაკებები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოსავლის აღებასთან დაკავშირებით დადებითად გადაწყდა და მათ ხელს არავინ შეუშლის.

ვითარება ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ გამწვავდა - იქ, სადაც ერთი კვირის წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დააყენეს. ეს ბანერი მოგვიანებით ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა ამოიღო და გადააგდო, ბანერის ადგილას კი საქართველოს დროშა აღმართეს. დროშასთან გუშინ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი რობერტ გაზაევი შეიარაღებულ ნიღბიან პირებთან ერთად მივიდა, საქართველოს დროშა ჩამოხსნა და იქ მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება სასაზღვრო ბანერს ისევ დაამონტაჟებს, ხოლო ქართულ მხარესთან ამ სოფლებში შექმნილ ვითარებას ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს. ამ ყველაფრის შემდეგ ქართველმა სამართალდამცავებმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მისვლა მედიის წარმომადგენლებს და სოფელში პროტესტის გამოსახატავად ჩასულ მოქალაქეებს შეუზღუდეს, რადგან მიიჩნევენ, რომ პროვოკაციისა და ვითარების გამწვავების ალბათობა დიდია.

ხურვალეთისა და წითელუბნის მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით დახმარებას სთხოვს, რათა დროულად მოახერხონ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ მიწის ნაკვეთებში მოსავლის აღება. გარდა ამისა, ადგილობრივი მცხოვრებლები მძიმე სოციალურ და საყოფაცხოვრებო პრობლემებზეც საუბრობენ. მათი თქმით, სოფელს არა აქვს ბუნებრივი აირი, სარწყავი და სასმელი წყალი, ახლა კი საფრთხის წინაშე საარსებო მოსავლის აღების საკითხიც დადგა. ხურვალეთელები და წითელუბნელები ახლა თვალს შორიდან ადევნებენ იმ ტერიტორიას, სადაც მათი ნაკვეთებია და მიახლოებას ვერ ბედავენ. ისინი ყოველ წუთს ელოდებიან რომ, გუშინდელის მსგავსად, რუსეთის მესაზღვრეები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ისევ გამოჩნდებიან და ახალ ბანერს დაამონტაჟებენ. ახლა ადგილობრივი მცხოვრებლები ორშაბათის მოლოდინში არიან: ამ დღეს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG