Accessibility links

logo-print

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი მცხოვრები - 60 წლის გივი ქისიევი და 40 წლის კახა ბეღელური - დააკავეს. ქისიევი და ბეღელური სოფლის მინდვრებში საქონელს მწყემსავდნენ, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. დაკავებულებს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს და სოფელ წინაგარის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ბეღელურმა ტელეფონზე დარეკვა მოასწრო და ოჯახის წევრებს დაკავების შესახებ აცნობა. დაკავებულის ნათესავი ლელა ბეღელური ამბობს, რომ დაკავებულებს ეგრეთ წოდებული საზღვარი არ გადაუკვეთიათ და საქონელს სოფლის მინდვრებში აძოვებდნენ.

წითელუბნელების განცხადებით, სოფლის პირუტყვს ყოველთვის იმ ადგილებში აძოვებენ, სადაც მათი თანასოფლელები დააკავეს. მათთვის გაუგებარია, სად გადის საოკუპაციო ხაზი. ამ ადგილებში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, რასაც არაერთი ინციდენტი მოჰყვა. წითელუბნის მინდვრებში არც მავთულხლართებია გაბმული, ადგილობრივმა მოსახლეობამ კი არ იცის, სადამდე შეუძლია გადაადგილება.

ქისიევისა და ბეღელურის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთი ციხელაშვილმა. მისი თქმით, უკვე ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და შესაბამისი უწყებები დაკავებულთა გასათავისუფლებლად მოლაპარაკებას აწარმოებენ.

დაკავებულთა ოჯახის წევრები ახლა ცხინვალიდან სატელეფონო ზარს ელოდებიან. როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლო ეგრეთ წოდებულ საზღვრის დამრღვევებს ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებს ხოლმე. სოფელ წითელუბანსა და ხურვალეთში ვითარება რამდენიმე თვის წინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც რუსეთის მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ამ სოფლების კუთვნილ მიწის ნაკვეთებში გადმოსწიეს და ახალი საოკუპაციო ხაზი დააფიქსირეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG