Accessibility links

logo-print

გუშინ საღამოს სოფელ კნოლევის მცხოვრები 30 წლის გია თოთლაძე ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. თოთლაძე სოფლის განაპირას იმყოფებოდა, რა დროსაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ბრალდება წაუყენეს. თოთლაძე ცხინვალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, გადაიყვანეს. კნოლევის მცხოვრები ბადრი ციქუბაძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი თოთლაძის ოჯახის წევრები ახლა ვლადიკავკაზელი ნათესავების იმედით ფიქრობენ დაკავებულის გასათავისუფლებლად ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდას.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ვითარება დაიძაბა. კოშკა-მერეთის მიმართულებით რუსეთის საბრძოლო ავიაცია დაფრინავდა. ეს ყველაფერი წინ უძღოდა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე სამხედრო წვრთნების დაწყებას. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, რუსეთის სამხედრო ბაზის ჯარისკაცები სასროლეთებზე საცეცხლე მომზადებას გადიან. ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღე რუსული ავიაციისა და სროლის ხმა ესმის, რის გამოც შეშფოთებულები არიან.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მერეთში, შამილ თუხარელი, ამბობს, რომ სოფელ კოშკას მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, სადაც ფერმერები, დაკავების შიშით, გადასვლას ვერ ახერხებენ.

16 დეკემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და საოკუპაციო ხაზთან ადამიანების დაკავების ფაქტებს გააპროტესტებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG