Accessibility links

logo-print

აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერა უკრაინას, საქართველოსა და მოლდავეთს


ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 4 დეკემბერს ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის წინააღმდეგ. რეზოლუცია აღიარებს აღნიშნული ქვეყნების უფლებას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უზრუნველყონ სუვერენიტეტის განხორციელება და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის ტერიტორიებიდან. რა გამოხმაურება მოჰყვა ამერიკის კონგრესის რეზოლიციას საქართველოში?

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს სამხედრო ძალების განთავსებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და მიმართავს ზომებს, რომლებიც ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციას ემსახურება. რეზოლუციაში ხაზგასმულია ისიც, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური და სამხედრო დაშინების, ეკონომიკური იძულებისა და აგრესიის სხვა ფორმებს მიმართავს იმისთვის, რომ ქვეყანა კონტროლის ქვეშ მოაქციოს და ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლო ურთიერთობის დამყარებაში.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რეზოლუციის კომენტირებისას ამბობს, რომ დოკუმენტი არის უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის სუვერენიტეტის მხარდაჭერა:

“რუსეთთან ძალიან მკაცრი პოზიციითაა გამოხატული, რომელიც მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს ჯარები მოლდოვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან და დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის იმ ძირითად პრინციპებს, რაც მან ამ ქვეყნებთან მიმართებაში დაარღვია. ამ ქვეყნებს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა უწევთ არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმებით, არამედ იძულებულნი არიან, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყონ ძლიერი თავდაცვითი სისტემებით. ამ ქვეყნებს ძლიერი მხარდაჭერა სჭირდებათ“.

სამწუხაროა, რომ ამ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, როდესაც რუსეთმა აბსოლუტურად ნიღაბი ჩამოიხსნა და ღია აგრესიაზე გადავიდა უკრაინაში და რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია ევროკავშირისგან, - სანქციები მაქვს მხედველობაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან...

თავად რეზოლუციაში კი ნათქვამია, რომ რუსეთი განაგრძობს მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო აგრესიას უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის წინააღმდეგ და მოუწოდებს რუსეთს დაასრულოს სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა. რეზოლუცია მოუწოდებს თეთრ სახლს უკრაინა „თავდაცვითი აღჭურვილობით, მომსახურებითა და წვრთნით უზრუნველყოს და სეპარატისტული ძალების პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა დაასრულოს“. კონგრესი ასევე მიმართავს ნატოს მოკავშირეებს და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორებს, შეწყვიტონ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა. ამ რეზოლუციის ფონზე საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ მაჭავარიანი, ქვეყნის ხელისუფლებას არაადეკვატურობაში ადანაშაულებს და მას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს:

“სამწუხაროა, რომ ამ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, როდესაც რუსეთმა აბსოლუტურად ნიღაბი ჩამოიხსნა და ღია აგრესიაზე გადავიდა უკრაინაში და რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია ევროკავშირისგან, - სანქციები მაქვს მხედველობაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, სანქციები და სხვა ზომები მაქვს მხედველობაში, ასევე კონგრესისგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამაში, ამ პროცესში ვიყოთ ჩართულნი, - სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება თითქოს ამ პროცესს ერიდება“.

რა თქმა უნდა, განცხადება ისეთი მაღალი რანგის საკანონმდებლო ორგანოსი, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია...

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ რეზოლუციებს იურიდიული ძალა არა აქვთ, მათი პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა მაინც აღსანიშნავია:

“რა თქმა უნდა, განცხადება ისეთი მაღალი რანგის საკანონმდებლო ორგანოსი, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ამ განცხადებას ყურადღებით წაიკითხავენ ჩვენი მოკავშირეები, ასევე ჩვენი ოპონენტები“.

ხელისუფლების მიერ რეზოლუციის ტექსტში ასახული საფრთხეების ადეკვატური აღქმის, ფორსირებისა და ხაზგასმის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, თავის მხრივ,, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, შორენა ლორთქიფანიძე:

“ცივი ომის რიტორიკა იგრძნობა რაღაცნაირად უკვე ამ ტექსტში და ამას წინ უძღოდა ობამას განცხადებები. ძალიან ცუდია, ალბათ, საქართველოსთვის, რომ ის ამ ზეწოლის ერთ-ერთი ცენტრია ამ საერთაშორისო ურთიერთობებში, მეორე მხრივ, კარგია, რომ ამის შესახებ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან არის განცხადება გაკეთებული. პრინციპში, სერიოზული საფრთხეების წინაშე ვდგავართ“.

შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია არის დოკუმენტი, რომელშიც რუსეთის ზეწოლის ყველა ცენტრია წარმოდგენილიო. ექსპერტი რეზოლუციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასევე საქართველოს საკითხის ინტერნაციონალიზაციისა და საფრთხეების გამოაშკარავების კუთხით.

რეზოლუცია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 411 ხმით 10-ის წინააღმდეგ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG