Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი სახელმწიფო სტრატეგია


კონფერენცია ადამიანის უფლებების შესახებ
კონფერენცია ადამიანის უფლებების შესახებ
საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასტუმრო „რედისონში“ ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს სამომავლო სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის შექმნის შესახებ მსჯელობდნენ. ეს არის პირველი მცდელობა ქვეყნისა, ჰქონდეს ადამიანის უფლებების თაობაზე ერთიანი ხედვა. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვამდე შეკრებილებმა მოისმინეს საქართველოში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის საკონსულტაციო და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგის მოხსენება. ადამიანის უფლებათა დამცველები სტრატეგიის შექმნის იდეას იწონებენ და იმედოვნებენ, რომ ის მხოლოდ ფურცელზე არ დარჩება.

საქართველოს პირველად ექნება ადამიანის უფლებათა საკითხებში სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა, განაცხადეს სტრატეგიაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მიერ იყო ინიცირებული. სტრატეგიის შემუშავების პროცესში, პარლამენტსა და სახალხო დამცველთან ერთად, ჩართული იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის გახსნისას განაცხადა, რომ, მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც ახალ ხელისუფლებას ხვდა წილად, ქვეყანა ისწრაფის ევროინტეგრაციისკენ და, ამ თვალსაზრისით, სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვა იქნება მთავარი პრიორიტეტი:

„უნდა ჩავატაროთ რეფორმები და ამ რეფორმებმა შეუქცევადი უნდა გახადოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის დამოუკიდებლობა და მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, იქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მთავრობას ექნება ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის სამოქმედო გეგმა. ყველასთვის უფრო ნათელი გახდება, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და ნამდვილად გვსურს საქართველოში დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტების შესაფერისი ადამიანის უფლებები“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სიტყვებით კი, ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა უდრის ქართული სახელმწიფოს შექმნას. მისივე სიტყვებით, ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა არის ხელისუფლების დღევანდელი და ყოველდღიური საზრუნავი:
დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„დღემდე სხვა პრიორიტეტები ჭარბობდა - ითვლებოდა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მოიცდიდა მანამ, სანამ აშენდებოდა ძლიერი სახელმწიფო, გამოსწორდებოდა ეკონომიკური ვითარება, გაუმჯობესდებოდა უსაფრთხოების სიტუაცია და ა. შ. ეს ყველაფერი არასწორია და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ მივდივართ ევროპისკენ, ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ევროპა გახდა ის ევროპა, რომლისკენაც ჩვენ წასვლა გვინდა, მას შემდეგ, რაც ადამიანი გახდა მთავარი ღირებულება, ადამიანის უფლებებით შეიზღუდა სახელმწიფო ძალაუფლება და ადამიანის კეთილდღეობისთვის იქნა აწყობილი სახელწიფო სისტემაც“.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ადამიანის უფლებების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ძირითადად დაეყრდნობა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის საკონსულტაციო და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშს და სახალხო დამცველის ანგარიშებში გამოვლენილ უფლებადარღვევებს.

თავის მხრივ, თომას ჰამარბერგმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის აუცილებლობის შესახებ, ხაზი გაუსვა ფარული ჩანაწერების არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ, მისი სიტყვებით, განადგურდა ათასობით პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი მასალები, ჯერ კიდევ არის დარჩენილი ფაილები, რომელთა შესახებაც ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არსებობა, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიას, თუმცა, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ აღსრულდება კონკრეტულ უფლებადარღვევებზე სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებები:

„მე მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანას, რომელსაც ახლა არ დავასახელებ, სამჯერ ჰქონდა უკვე ასეთი სტრატეგია, თვითონ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არსებობა არ არის პანაცეა. ამ სტრატეგიაში, სამოქმედო გეგმაში უნდა ჩაიდოს კონკრეტული მექანიზმები მისი მონიტორინგის“.
მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორის ფუნქციები; მნიშვნელოვანია, რომ შსს-ზე განხორციელდეს ეფექტური ზედამხედველობა, რათა თვალთვალისა და მიყურადების არსებული მექანიზმები აღარ იქნეს გამოყენებული...
ეკა გიგაური

გიორგი გოგიას ამ მოსაზრებას იზიარებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. მისი სიტყვებით, ადამიანის უფლებათა სფეროში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ყოველთვის დარჩება გასაკეთებელი საქმე. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი თვალს ადევნებს გამოუძიებელი საქმეების გამოძიების პროცესს და ახლა მთავარი სწორედ ამ პრეცედენტების შექმნა იქნება, რათა ადამიანის უფლებათა დაცულობის აღქმა გაჩნდეს:

„კონკრეტულ პრეცედენტებს აქვს ძალიან დიდი და სერიოზული მნიშვნელობა, კონკრეტული თანამდებობის პირების განცხადებებს და მათ მესიჯებს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს არის ძალიან კარგი“.

ინსტიტუციურ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ემხრობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. მისი სიტყვებით, სტრატეგიასა და გეგმაში სწორედ ეს მექანიზმები უნდა ჩაიდოს:

„მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორის ფუნქციები; მნიშვნელოვანია, რომ შსს-ზე განხორციელდეს ეფექტური ზედამხედველობა, რათა თვალთვალისა და მიყურადების არსებული მექანიზმები აღარ იქნეს გამოყენებული“.

დეკლარირებულ დონეზე, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა თითქოს მოგვარებული საკითხი იყო, ამბობს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თამჯდომარე კახა კოჟორიძე. მისი სიტყვებით, საქართველო მრავალ საერთაშორისო კონვენციას იყო მიერთებული, ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს უფლებადარღვევების აღმოფხვრას არ უწყობდა ხელს.

„მართალია, ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიის, როგორც დოკუმენტის, შედგენა, მაგრამ მნიშვნელოვანია მისიის იმპლემენტაცია, განხორციელება და მონიტორინგი და ის, თუ როგორ განხორციელდება პრაქტიკაში ის, რაც დაიწერება სტრატეგიაში“.

კახა კოჟორიძეს მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მთავარი ფუნქცია სახალხო დამცველს უნდა დაეკისროს, თუმცა გამოითქვა აზრი, რომ მთავრობასა და პარლამენტს შორის არანაკლებ უნდა გადანაწილდეს მონიტორინგის ფუნქცია და განსაკუთრებული როლი დაეკისროს პრემიერ-მინისტრს, რომელიც იქნება სწორედ სტრატეგიაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისო კომისიის მაკოორდინებელი პირი.

თომას ჰამარბერგი
თომას ჰამარბერგი
საქართველოში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საკონსულტაციო და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგი კი იმედოვნებს, რომ სტრატეგია რეალურ ცხოვრებაშიც შესრულდება:

„ვფიქრობ, მთავარია, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულმა მეთოდოლოგიამ რეალურ ცხოვრებაში იმუშაოს, მთავარია, რომ ჩვენს მცდელობას ამ სფეროში რეალური ცვლილება მოჰყვეს. ეს არის მთავარი იდეა, რასაც მე ოპტიმისტურად ვუყურებ. ეს იქნება ის, რაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს ხალხს ამ ქვეყანაში“.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG