Accessibility links

logo-print

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გასული 1 წლის განმავლობაში


კონფერენცია საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

კონფერენცია საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკისა და ტენდენციების ერთწლიანი შეჯამების საფუძველზე, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, ყველაზე დახურული და ყველაზე გახსნილი საჯარო დაწესებულებები დაასახელა. კვლევის შედეგები 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემა გაუმჯობესდა. სტატისტიკაში ეს ტენდენცია შემდეგნაირად აისახა: თუ არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების რაოდენობა 51 პროცენტის ნიშნულში თავსდებოდა, არჩევნების შემდეგ მაჩვენებელმა 81 პროცენტს მიაღწია, უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები კი 30-დან 11 პროცენტამდე შემცირდა. „2012 -2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ ნომინაციაში სამინისტროებს შორის პირველ სამეულში მოხვდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ინფრაქსტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საჯარო ინფორმაციის გახსნილობის თვალსაზრისით სამინისტროს ცხრათვიანი საქმიანობის მონიტორინგის შედეგებით კმაყოფილია:

“ჩვენ დაგვაჯილდოვეს, როგორც დიდი მიღწევის - სწორედ გამჭვირვალობის მიღწევის -კუთხით. სამწუხაროდ, შარშან ჩვენი სტრუქტურა იყო ყველაზე ოროსნების კატეგორიაში, როგორც ყველაზე გაუმჭვირვალე. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია. ის, რაც ხდება თავდაცვის სამინისტროში, არის ზოგადად მთავრობის პოლიტიკის ხორცშესხმა, რომ ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული ხალხის,ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე და საზოგადოებამ უნდა იცოდეს თითოეული თეთრი, რომელიც თავდაცვის უწყებისთვის არის გამოყოფილი, ხმარდება ჯარისკაცს“.
ჩვენ არ გვქონია არც ერთი პასუხგაუცემელი განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ინფორმაციას გავცემთ დროულად და თუ ინფორმაციას სჭირდება დამუშავება, ძალიან სწრაფ ტემპებში ვამუშავებთ, რომ ათდღიანი ვადა დავიცვათ...

ირაკლი ალასანიას კოლეგა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია კი აზუსტებს, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის არც ერთი მოთხოვნა რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია:

“ჩვენ არ გვქონია არც ერთი პასუხგაუცემელი განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ინფორმაციას გავცემთ დროულად და თუ ინფორმაციას სჭირდება დამუშავება, ძალიან სწრაფ ტემპებში ვამუშავებთ, რომ ათდღიანი ვადა დავიცვათ. 101 მოთხოვნა იყო შემოსული ჩვენს სამინისტროში და 101-ვეზე გაცემულია პასუხი და გაცემულია შესაბამისი საჯარო ინფორმაცია“.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012-2013 წლებში 224 საჯარო დაწესებულებაში ინფორმაციის მოთხოვნის 5 625 განცხადება შევიდა. აქედან სრულყოფილი პასუხი 788-ს გაეცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ცალკეულ საჯარო დაწესებულებებში არსებულ ცუდ შედეგებს ტექნიკურ პრობლემებს უკავშირებს და ფიქრობს, რომ, კორექტული შეკითხვის დასმის შემთხვევაში, შედეგი 100 პროცენტიანი იქნება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მიმართულებით შედარებით ცუდი მაჩვენებლები აქვთ მთავრობის კანცელარიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი


“მე მგონია, პრობლემები არ არსებობს - საერთოდ, ყველა გახსნილია - მათ შორის, რეიტინგი... ეს ნორმალურია - ვიღაცას უფრო ნორმალურად აქვს შესრულებული ინსტრუქცია, რის მიხედვითაც მოეთხოვება, ვიღაცას ნაკლებად. მაგრამ გამჭვირვალობის პრობლემა არც კანცელარიაში არსებობს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაც მათ ევალებათ. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მე მაგაზე პასუხს არ ვაგებ. მე მგონი, რომ ყველაფერი ნორმაშია - ელემენტარულად ვიღაცამ შეიძლება ეს ინსტრუქცია უფრო სწორად დაიცვა, თორემ გამჭვირვალობის პრობლემა ჩვენს მთავრობაში დღეს არ არსებობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად კი, ნომინაცია „2012-2013 წლების ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას ერგო. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის სერტიფიკატები კი გადაეცათ ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების გამგეობებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის - www. Opendata.ge”-ის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი რიგით მესამე ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დირექტორი ქეთევან ხუციშვილი მესამე ანგარიშის შესახებ ამბობს, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მმართველობის სტილიც გამოიცვალა და, საჯარო ინფორმაციის გახსნილობის თვალსაზრისით, პირველ ეტაპზე წინსვლა თვალშისაცემია. თუმცა, პროგრესის მიუხედავად, ქეთევან ხუციშვილი ხაზს უსვამს ერთ, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან გარემოებას:
ქეთევან ხუციშვილი

ქეთევან ხუციშვილი


“როდესაც დღეს ხდება გამოთხოვა ინფორმაციისა რაღაც ხარჯებზე, ეს ძირითადად ეხება წინა წლის ხარჯებს, ამიტომ, ბუნებრივია, ყოველი ახალი ხელისუფლება ადვილად გასცემს ინფორმაციას ძველი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ. აი, სწორედ ახლა სამოქალაქო სექტორმა უნდა სცადოს, რაც შეიძლება უფრო მობილიზებული იყოს, რომ არ გაჩნდეს კვლავ ტენდენცია ახალი ხარჯების დაფარვის“.

თავის მხრივ, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი ლევან ავალიშვილი, იზიარებს რა ქეთევან ხუციშვილის აზრს იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიერ ინფორმაციის გასაჯაროვების ნებაში მნიშვნელოვანი პროგრესია, აქვე აღნიშნავს, რომ კიდევ უფრო ნათელი გახდება ტენდენციები მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება სრულად აიღებს ძალაუფლებას და რუტინულ საქმიანობაზე გადავა:

“გარკვეულწილად, რაღაც ტენდენციები არის, რომ ის მუხტი, რომელიც თავიდან იყო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, დღეს ცოტა იკლებს. ვნახოთ, როგორი იქნება ეს ცვლილებები. ჩვენ ამ მონიტორინგს სულ ვახორციელებთ და, პრინციპში, კარგად ჩანს ყველაფერი“.

საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სამოქალაქო სექტორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწას. ამ მიმართულებით სამოქალაქო სექტორთან სოლიდარულია იუსტიციის სამინისტროც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება ეს - კანონმდებლობაში ცვლილებებით თუ დამოუკიდებელი კანონის - ინფორმაციის თავისუფლების აქტის - მიღებით.
XS
SM
MD
LG