Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გემრიელი კერძი შეცვლის მტრისადმი ამერიკელების დამოკიდებულებას


პიტსბურგის „კონფლიქტის სამზარეულო“
პიტსბურგის „კონფლიქტის სამზარეულო“
როცა რომელიმე ქვეყანა მტრად მიგაჩნიათ ან გეშინიათ მისი, მიირთვით იქაური კერძი და გემო განწყობას შეგიცვლით. ასეთია კონცეფცია აშშ-ში, პენსილვანიაში, პიტსბურგში მდებარე ერთი რესტორნისა, რომელსაც „კონფლიქტის სამზარეულოს“ უწოდებენ და რომლის თანადამაარსებელიცაა ჯონ რუბინი. ეს რესტორანი სტუმრებს მხოლოდ იმ ქვეყნების კერძებს სთავაზობს, რომლებთანაც აშშ-ს რეალური სამხედრო კონფლიქტი აქვს ან სიტყვის დონეზე დაპირისპირება თუ სხვა ამგვარი გართულებული ურთიერთობა, ანუ სთავაზობს, ეგრეთ წოდებული „ურჩი ქვეყნების“ კერძებს. რუბინი, მაგალითად, შეეცადა „ფესენჯუნის“ - ქართული ხარჩოს მონათესავე ირანული კერძის - მეშვეობით ამერიკელებისთვის შთაეგონებინა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა ამ კულტურის ერთადერთი მახასიათებელი არ არის. ირანელები „ფესენჯუნს“, ქათმის ხორცის კერძს, ქართველების მსგავსად, ნიგვზითა და, სიმჟავისათვის, ბროწეულით ამზადებენ. ურიგო კერძი არ გამოდის. რესტორნის გახსნის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, იქ მზადდებოდა ვენესუელური, ავღანური, ირანული და კუბური კერძები. პროფესორი ჯონ რუბინი, რომელიც კარნეგი მელონის პრესტიჟულ კოლეჯში ხელოვნებას ასწავლის, განმარტავს, თუ რას ისახავდნენ მიზნად ის და რესტორნის მეორე დამაარსებელი, დოუნ უელესკი, როცა „კონფლიქტის სამზარეულოს“ დაფუძნების იდეა გაუჩნდათ: ერთი ის იყო, რომ სურდათ პიტსბურგი სხვადასხვა ეთნიკური სამზარეულოებით გამოეცოცხლებინათ და, მეორეც, უნდოდათ ამერიკელებისთვის შეეთავაზებინათ ახალი გზა მტრულად თუ, უბრალოდ, არაკეთილად განწყობილი ქვეყნების შესაფასებლად. რუბინი ასე მსჯელობს ამ იდეის თაობაზე:

„გადავწყვიტეთ გაგვეხსნა რესტორანი, რომელშიც ხალხს სხვა კუთხით -კულტურისა და კერძების ჭრილში - წარვუდგენდით ირანის მსგავს ან სხვა, მართლაც სამხედრო კონფლიქტი ვისთანაც გვაქვს, ისეთ ქვეყნებს. ეს ხომ ამა თუ იმ მხარის გაცნობის ყველაზე მიმზიდველი ხერხია ყოველთვის".

რუბინისა და უელესკის რესტორანი მხოლოდ კერძებით როდი იზიდავს ხალხს. ისინი ამ თავიანთ ინიციატივას პროექტის სახით წარმოადგენენ და ხალხს საერთო სუფრასთან იწვევენ სწორედ იმ ქვეყნების გარშემო სასაუბროდ, საკამათოდ და ერთმანეთისთვის აზრების გასაზიარებლად, რომლებსაც პოლიტიკოსები და მედია უარყოფითად ხატავენ. რესტორნის ყველა თანამშრომელი, მზარეულისა თუ მიმტანის ხელოვნების გარდა, უნდა ფლობეს ეთნოგრაფის უნარს, რომ საჭიროების შემთხვევაში გააცნოს და აუხსნას სტუმარს ირანში, ვენესუელასა თუ სხვა ქვეყანაში არსებული ვითარება. ამ საკითხზე დაწვრილებით საუბრობს რუბინის პარტნიორი, უელესკი:

„ამ პროექტის ბევრი მისიიდან ერთ-ერთი ისაა, რომ გაჩნდეს აზრთა საჯარო გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა. ქუჩაში ვერც ისე ხშირად შეხვდებით ადამიანს, ირანისა თუ ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკაში გარკვეულს, თუმცა ამინდზე ან სპორტის ამბებზე ყველასთან შეგიძლიათ ბაასი. თავისთავად ეს ცუდი არ არის, მაგრამ უკეთესი ხომ არ იქნებოდა, ნაცვლად იმისა, მხოლოდ მედია აკეთებდეს ამას, ყოველდღიურად პოლიტიკურ თემებზე ჩვენც ვსაუბრობდეთ?!“

რესტორანი იწვევს ქალაქში მცხოვრებ ემიგრანტებს და მათ შესაძლებლობას აძლევს ილაპარაკონ თავიანთი ქვეყნის კულტურასა და პოლიტიკაზე იმ კუთხით, რა კუთხითაც ამ საკითხებზე საუბარს ამერიკელი მოქალაქე მედიით ვერ გაიგონებს. „კონფლიქტის სამზარეულომ“ პიტსბურგსა და თეირანს შორის ტელეხიდი მოაწყო, ამჯერად - სკაიპის მეშვეობით: ირანშიც და ამერიკაშიც სუფრასთან მსხდომნი ერთსა და იმავე კერძებს შეექცეოდნენ, საუბრობდნენ, კამათობდნენ და ერმანეთს აზრებს უზიარებდნენ. ორივე მხარე ერთმანეთს უყურებდა დიდ ეკრანზე და ისეთი განცდა იქმნებოდა, ჰყვება უელესკი, თითქოს ერთ დარბაზში ვისხედით, ერთად ვიყავითო:

„ასეთ მომენტებს დიდი ზემოქმედება აქვთ ადამიანებზე. ისინი გრძნობენ, რომ პარალელურად რაღაც მსგავსი ხდება იქ, სამყაროს მეორე ბოლოში, სადაც ვიღაც ზის და ზუსტად იმავე კერძს შეექცევა, რომელსაც თვითონ... და ისინი ერთნაირი ცხოვრებით ცხოვრობენ“.

სკაიპით ვახშმობა მხოლოდ ირანელებთან ერთად არ მოუწყვიათ პიტსბურგელებს. მსგავსი საღამოები გაატარეს ქაბულელ კინომატოგრაფისტებთან, ასევე ვენესუელელ, კარაკასელ რადიოჟურნალისტებთან ერთად. ყოველთვის, როცა რესტორანი რომელიმე ქვეყანას ირჩევს, მთელი ყურადღება მის კულტურაზეა გადატანილი და არა მხოლოდ კერძები, ამ ქვეყნის ტრადიციის მიხედვით მზადდება თვით ყუთები და გასახვევი ქაღალდიც კი, რითაც სტუმრებს საჭმელი შინ მიაქვთ. და ბუნებრივია, რომ ასეთი მიდგომა კერძების მრავალფეროვნებას განაპირობებდეს. როცა ირანის დღეებია, მხოლოდ „ფესენჯუნს“ არ სთავაზობენ სტუმრებს. ამ კერძს მოჰყვება „ქაბაბ გუბიდე“ - დაკეპილი ხორცისა და ხახვის სენდვიჩები, ასევე „ხორეშთ ყორმე ზაბზი“ - მოშუშული ბოსტნეული, ახალი მწვანილით, და სხვა. იგივე ხდება, როცა ავღანეთის ჯერი დგება ან კუბისა, როცა მზადდება „ლეჩონ ასადო“ - შემწვარი იუკა, რა თქმა უნდა, წითელი ლობიოთი და ბრინჯით. შეიძლება ვინმემ იკითხოს, ვინ ახერხებს ამ ყველაფრის დამზადებასო. ერთი კაცი ახერხებს, სახელად რობერტ საიერი, პროფესიონალი მზარეული, რომელიც ყველა წყაროს იყენებს კერძების რეცეპტების მოსაძიებლად, მათ შორის, უშუალოდ ადამიანებს, პიტსბურგელ ემიგრანტებს ეკითხება, შენი დედისა თუ ბებიის დამზადებული საჭმელებიდან ყველაზე მეტად რა მოგწონდაო და იქვე იღებს პირველ შთაბეჭდილებას, თუ რა კერძთან აქვს საქმე. ამ ეტაპისთვის „კონფლიქტის რესტორანს“ ოთხი ქვეყნის სამზარეულოს კერძები აქვს სიაში. რუბინი და უელესკი ფიქრობენ ამ სიაში ჩრდილოეთ კორეაც შეიყვანონ: ფხენიანი, თავისი ბირთვული პროგრამით, საკმაოდ აღიზიანებს ვაშინგტონს. მაგრამ „კონფლიქტების სამზარეულო“ არ აპირებს მიმართოს სირიას, სახელმწიფოს, რომელზეც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა,შეიძლება წითელი ხაზი გადალახოს, თუკი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგო. რუბინი ამბობს, სიამოვნებით ვიმუშავებდი სირიის თემაზე, მაგრამ მინდა გავერიდოთ ახლო აღმოსავლეთს, რადგან მაშინ ჩვენს დისკუსიებში მთელი მსოფლიო უნდა ჩაერთოსო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG