Accessibility links

logo-print

სახალხო დიპლომატია, როგორც კონფლიქტის მოგვარების გზა


გიორგი ვოლსკის შეხვედრა კონფლიქტის თემებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან

გიორგი ვოლსკის შეხვედრა კონფლიქტის თემებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი სამეგრელოს რეგიონში კონფლიქტის თემებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაზე მათი მოსაზრებები მოისმინა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, კონფლიქტის დარეგულირების ერთ-ერთი რეალური გზა მოსახლეობის დაახლოებაა, მაგრამ ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანის უფლებების დაცვას მთავარ საკითხად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ქართულ-აფხაზური კავშირების განახლებისთვის რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენაა საჭირო.
ამ კანონმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართულ-აფხაზურ ეკონომიკურ კავშირებს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ყოველგვარი ეკონომიკური აქტივობა ისჯება. ოკუპანტი თავის ადგილზეა და თავის საქმეს აკეთებს. ეს კანონი ზღუდავს არა ოკუპანტს, არამედ გვზღუდავს ჩვენ. ამიტომ ამ კუთხით რაღაც გასაკეთებელია...


ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრმა ოთარ აძინბაიამ განაცხადა, რომ სამეგრელოს აფხაზეთთან ნათესაობა და საერთო ტრადიციები აკავშირებს. ის კონფლიქტის მოგვარების გზად სახალხო დიპლომატიას, კერძოდ, ძველი კავშირების აღდგენას მიიჩნევს:

„კონფლიქტის მოსაგვარებლად უნდა მივიდნენ ის ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ერთმანეთის. აფხაზები ის ხალხია, რომლებსაც დიდი კულტურული კავშირი ჰქონდათ მეგრელებთან და, რასაკვირველია, შემდეგ მთელ საქართველოსთან. 40 წელს გადასულმა ყველა აფხაზმა ბრწყინვალედ იცის ქართული ენა. ჩვენ ტრადიციებით ერთი ვართ. დღესაც მეგრელი ქალი აფხაზ ვაჟზე ქორწინდება, შემდეგ ეს ქართული მაყრიონი გადაჰყავთ აფხაზეთში და მიდის ქორწილები. ეს შერიგების ერთ-ერთი გზაა“, - ამბობს ოთარ აძინბაია.

ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ ხელმძღვანელის ალუ გამახარიას თქმით, სამეგრელოდან უნდა დაიწყოს სახალხო დიპლომატიის განვითარება ქართველებსა და აფხაზებს შორის, ამის უმთავრეს ხელის შემშლელ ფაქტორად კი ის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს ასახელებს:

„ამ კანონმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართულ-აფხაზურ ეკონომიკურ კავშირებს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ყოველგვარი ეკონომიკური აქტივობა ისჯება. ოკუპანტი თავის ადგილზეა და თავის საქმეს აკეთებს. ეს კანონი ზღუდავს არა ოკუპანტს, არამედ გვზღუდავს ჩვენ. ამიტომ ამ კუთხით რაღაც გასაკეთებელია“.

პარლამენტის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახალხო დიპლომატიაზე ადრეც ხშირად საუბრობდნენ, მაგრამ დღეს მოისმინა იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებსაც რეალურად საქმის კეთება შეუძლიათ.

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

„საკმარისად ინფორმირებულია საზოგადოება, რა ხდება საქართველოში და რა ხდება მსოფლიოში. საკმაოდ საინტერესო წინადადებები მოვისმინეთ. განსაკუთრებით საინტერესო იმ ადამიანების მოსაზრებებია, რომლებიც აფხაზეთიდან არიან და ურთიერთობები და კავშირები ახსოვთ და ისევ აქვთ. იმედია, ამ ან მომდევნო თვის ბოლოს ჩვენ შევაჯერებთ მიღებულ წინადადებებს და რაღაც სტრატეგიული გეგმის სახით წარმოვადგენთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კონფლიქტების საკითხების განხილვა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის წარმომადგენლობისა და საზოგადოება „ზუგდიდელის“ ინიციატივით მოეწყო. საკითხების განხილვა დღეიდან გურიაში, შემდეგ აჭარასა და იმერეთშია დაგეგმილი. ზუგდიდში გამართულ შეხვედრას არასამთავრობო სექტორთან ერთად ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ედიშერ თოლორაიაც დაესწრო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG