Accessibility links

logo-print

დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო


ერგნეთი

ერგნეთი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო. ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ქართულ მხარეს გუშინ გადმოსცეს. ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის მცხოვრებლები ამირან ჯეირანაშვილი და ლევან შუბითიძე ცხინვალის იზოლატორიდან უკვე გაათავისუფლეს. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად დღეს და ხვალ ოსური მხარე კიდევ რამდენიმე ადამიანს გამოუშვებს. პოლიციის დეტექტივ–გამომძიებელი ვახტანგ ავაზაშვილი აცხადებს, რომ მალე სოფელ კირბალში დაკავებულ 18 წლის უშანგი დოთიაშვილსაც გაათავისუფლებენ.

უშანგი დოთიაშვილი რუსმა მესაზღვრეებმა სოფლის განაპირას იმ დროს დააკავეს, როცა ის ფიჩხს აგროვებდა. დოთიაშვილი ჯერ ღრომში, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. სოფელ კირბალის მოსახლეობა მიმდებარე ტყეში თანასოფლელთა ხშირი დაკავებით შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლებას გადამჭრელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. კირბალელების განცხადებით, შეუძლებელია სოფლის ეკლესიასა და სასაფლაოსთან მისვლა, რადგან იქ მუდმივად რუსები იმყოფებიან და მათი დაკავება გარდაუვალია.

გორის რაიონში უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ქართულ და ოსურ სოფლებს შორის არალეგალური მიმოსვლა აღდგენილია. ბილიკებითა და შემოვლითი გზებით ნათესავები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს გადადიან. მცირე მოცულობით სავაჭრო ურთიერთობებიც უკვე აღდგა. განსაკუთრებული მიმოსვლა ქვეში–არცევის მიმართულებით შეინიშნება. ასეთი მომოსვლა ზოგისთვის წარმატებით სრულდება, ზოგს კი მესაზღვრეები აკავებენ ხოლმე. რამდენიმე დღის წინ ოსმა ძალოვანებმა ქართულ მხარეს საქართველოს 6 მოქალაქე გადასცეს.

გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უპრობლემოდ შეაღწიეს და ისინი მხოლოდ უკან დაბრუნებისას დააკავეს. ჯამბულ დუდაშვილი ჰყვება, რომ ოსურ სოფელ ზემო არცევში ავადმყოფ ბიძას წამალი ჩაუტანა.

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებულ მიწის ნაკვეთებში სამუშაოდ წასულ ადამიანებსაც ხშირად აკავებენ ხოლმე, მაგრამ ბოლო დღეებში - იმ დროს, როცა ჟენევაში მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მიმდინარეობდა - ოსურმა მხარემ საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება დაიწყო. დე ფაქტო ხელისუფლება სანაცვლოდ საქართველოს ციხეებში მყოფი ოსი ეროვნების პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამ წინადადებას ოსური მხარე დიდი ხანია ყველა დონის შეხვედრაზე აყენებს. მხარეები პატიმრების გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.
XS
SM
MD
LG