Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზარდა თუ არა დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკავებულთა გასათავისუფლებელი ჯარიმის ოდენობა


წუხელ სოფელ კირბალთან დაკავებული არმაზ თაყაძე და ძმები მურმან და თამაზ დოთიაშვილები გაათავისუფლეს. ცხინვალელმა სამართალდამცავებმა ისინი ქართველ პოლიციელებს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს. დაკავებულები სახლში საღამოს 8 საათზე მივიდნენ. კირბლის მცხოვრებლები 20 იანვარს სოფლის სასაფლაოსთან რუსეთის სასაზღვრო ნაწილის წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. თაყაძე და დოთიაშვილები ტყესთან ახლოს ფიჩხის მოსაგროვებლად იყვნენ გასულები. სოფელი კირბალი ღრომის ხეობას ესაზღვრება, ეს ხეობა და მიმდებარე ტყე კი რუსეთის მესაზღვრეებს აქვთ ოკუპირებული და ტყის სიახლოვეს გასულ კირბალელებს ხშირად ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალის იზოლატორში ყველაზე მეტი დაკავებული სწორედ კირბალიდან მოხვდა. სხვა წინა დაკავებების მსგავსად, ამ ისტორიაშიც განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი სიახლე. სხვა დაკავებების დროს გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახი 2000 რუბლიან ჯარიმას იხდიდა ხოლმე, ამ შემთხვევაში კი, როგორც დაკავებულთა ოჯახის ნათესავი ნიკოლოზ დოთიაშვილი ამბობს, ოსურმა მხარემ თანხა გააათმაგა. მისი თქმით, მათ ცხინვალიდან დაუკავშირდა უცნობი ქალი, რომელმაც თავი ადვოკატად წარადგინა და დაკავებულთა გათავისუფლებაში 3000 ლარი მოითხოვა.

ცხინვალიდან გაზრდილი თანხის მოთხოვნას ზეღდულეთის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული ზაზა მუზაშვილიც ადასტურებს. იგი რადიო თავისუფლებას თაყაძის და დოთიაშვილების გათავისუფლების დეტალებზე ესაუბრა. მისი თქმით, საქმეში დაკავებულთა ოსი ნათესავები ჩაერთვნენ და საბოლოოდ სამივეს გასათავისუფლებლად 2000 ლარი გადაიხადეს. მუზაშვილი ვერ ხსნის, რატომ მოითხოვეს ამხელა თანხა, როცა წინა შემთხვევებში დაკავებულებს 2000 რუბლის (დაახლოებით, 120 ლარის) სანაცვლოდ უშვებდნენ ხოლმე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების დროს ოსური მხარე ყოველთვის ირწმუნება, რომ ეგრეთ წოდებული ჯარიმის თანხა არ გაზრდილა, თუმცა, მისი თქმით, ოსური მხარე ამ თემაზე მუდმივად სპეკულირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების მცხოვრებლებს ყოველთვის აფრთხილებენ, რომ თავი შეიკავონ საეჭვო ტერიტორიებზე გადასვლისგან, მაგრამ, ამის მიუხედავად, დაკავებები მაინც ხდება, დაკავებულების ოჯახის წევრებს კი ცხინვალიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ყოველთვის სხვადასხვა თანხას უსახელებენ.
XS
SM
MD
LG