Accessibility links

logo-print

კონფლიქტის ზონის სოფლების მოსაგვარებელი პრობლემები


სოფელი ხურვალეთი

სოფელი ხურვალეთი

20 მილიონი ლარი დაიხარჯება კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთათვის, ითქვა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის რიგით მეორე, სამუშაო შეხვედრაზე. გაზიფიცირება, წყალმომარაგება და მიწების საკუთრებაში რეგისტრაცია - ეს ის საკითხებია, რომელთა მოსაგვარებლადაც მუშაობა უკვე დაწყებულია.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე ის პრობლემები განიხილეს, რომლებიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობას აქვს. კომისიას ხელმძღვანელობენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, სხდომაზე განიხილეს უკვე შესრულებული სამუშაოებიც და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს - მათ შორის, სოფლების გაზიფიცირების, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის საწვავით მომარაგების თემაზე. დავით ნარმანიას სიტყვებით, ამ ყველაფრის დასაფინანსებლად, სულ, 20 მილიონი ლარი იქნება საჭირო:

დავით ნარმანია

დავით ნარმანია

„გაზიფიცირება, დაწყებული 1 ნოემბრიდან, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყველა სოფელში მოესწრება და დასრულდება. ყველა პრობლემა, რაც დღეის მდომარეობით იყო დასმული და გაანალიზებული ჩვენი მხრიდან, უკვე ყველა საკითხთან დაკავშირებით გავაკეთეთ კონკრეტული გრაფიკები და შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ამ საკითხებზე იმუშავებენ“.

დავით ნარმანიას სიტყვებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია სოფლების მიხედვით სარწყავი სისტემების რეაბილიტაციისა და გაწმენდის თაობზე. ასევე დადგინდა 38 სოფლის გაზიფიცირების 6-თვიანი ვადა. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ ცენტრალურ გაზიფიცირებაზე, არამედ გაზის თითოეულ აბონენტთან მიყვანაზე.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შეხვედრის მიმდინარეობისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დროულად უზრუნველყოფს მოსახლეობის ფორმალურ საკუთრებაში არსებული მიწის რეგისტრაციას და მათ ოფიციალურ საკუთრებაში გადაცემას:

„საჯარო რეესტრმა, იუსტიციის სამინისტროს სიპ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზღვრისპირა სოფლებში - იქ, სადაც მოსახლეობას არ აქვს დარეგისტრირებული საკუთარი მამაპაპეული მიწები, აღვრიცხოთ ეს მიწები სწრაფი ტემპით და იქ, სადაც არის საშუალება, რომ დარეგისტრირდეს სწრაფ რეჟიმში, მოხდეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რიგ შემთხვევებში საკუთრების უფლების აღიარებაც და თუ არის შემთხევები, სადაც საკადასტრო მონაცემი არაზუსტია, ჩვენ, ყოველგვარი საფასურის გარეშე, საჯარო რეესტრის მეშვეობით ამ დაზარალებულ მოსახლეობას მოვემსახუროთ“.
ჩვენ გვქონდა შემთხვევა, რომ წითელუბანში ნამდვილად იქ მცხოვრები ადამიანის მიწის ფართობი მოიხნა ჩვენ მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოსულების, წინაგრის მოსახლეობის მიერ და, ცხადია, თუკი საჯარო რეესტრში იქნება დარეგისტრირებული, რომ ეს ნამდვილად ამ პიროვნებისაა, თავისთავად კარგი იქნება...

მიწის საკუთრების საკითხი რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საზღვრისპირა სოფლებისთვის, ადასტურებს შავშვების ტერიტორიული ორგანოს რწუნებული მანანა თვაური. მისი სიტყვებით, იმის გამო, რომ მიწის საკუთრებაში გადაცემის პროცედურა ძვირად ღირებულია, მოსახლეობის უმეტესობას ის საკუთრებაში რეგისტრირებული არ აქვს, რის გამოც ხშირად პრობლემებს აწყდებიან მისი მოხმარების თვალსაზრისით:

„აუცილებელი და საჭიროა, იმიტომ რომ, აი, ჩვენ გვქონდა შემთხვევა, რომ წითელუბანში ნამდვილად იქ მცხოვრები ადამიანის მიწის ფართობი მოიხნა ჩვენ მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოსულების, წინაგრის მოსახლეობის მიერ და, ცხადია, თუკი საჯარო რეესტრში იქნება დარეგისტრირებული, რომ ეს ნამდვილად ამ პიროვნებისაა, თავისთავად კარგი იქნება“.

ამასთან, მანანა თვაურის განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, იგეგმება სოფლების მოსახლეობისთვის ტრანსპორტის გამოყოფა, რათა მოსწავლეებმა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა საბავშო ბაღსა და სკოლაში გადაადგილება უფრო მარტივად შეძლონ.

დღესვე სოფელ დვანში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იმყოფებოდა. თამარ სანიკიძის განცხადებით, აუცილებელია სოფლების სკოლების ინტერნეტით აღჭურვა, რაზეც სახელმწიფო იზრუნებს.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს შეხვდნენ. შეხვედრაზე დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფის თაობაზე იმსჯელეს.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია 1 ოქტომბერს შეიქმნა. 16 ოქტომბრის შეკრება კომისიის საქმიანობაში რიგით მეორე შეკრება იყო.
XS
SM
MD
LG