Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციის ისტორია


24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. 1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო სახელმწიფოს უზენაესი კანონი - კონსტიტუცია. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. კონსტიიტუციის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში გამოიფინა ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა საზეიმო მიღება.

საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობა ჯერ კიდევ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს უნდა დაწყებულიყო. შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო საკონოსტიტუციო კომისია, მაგრამ მას მუშაობის დაწყებაც კი არ დასცალდა. კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორის, ავთანდილ დემეტრაშვილის, თქმით, საქართველო აღმოჩნდა ერთგვარ საკონსტიტუციო ვაკუუმში, რადგანაც ხელისუფლების შესახებ კანონი ვერ სწევდა კონსტიტუციის მაგივრობას.

„შესაბამისად, 1993 წელს შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რათა ქვეყანა გამხდარიყო ცივილიზებული და მიმზიდველი მსოფლიოს დანარჩენი სახელმწიფოებისათვის. წარმოუდგენელია სახელმწიფო შედგეს მისი ძირითადი კანონის, კონსტიტუციის გარეშე“, უთხრა ავთანდილ დემეტრაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ავთანდილ დემეტრაშვილი - მაშინდელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი - ამბობს, რომ კომისიის ორწლიანი მუშაობა დაგვირგვინდა 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მიღებით. აღსანიშნავია ის, რომ მაშინდელი პარლამენტი გამორჩეულად პლურალისტური იყო: საკანონმდებლო ორგანო შედგებოდა 14 პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებისა და დამოუკიდებელი დეპუტატებისგან:

„კონსტიტუციის შემუშავება და მიღება მოხდა მსოფლიოში აპრობირებული, ლეგიტიმურ-კანონიერი გზით: შეიქმნა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელმაც შეიმუშავა და მის მიერ, ანუ კომისიის მიერ, წარდგენილი მიიღო ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა. ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ მიღებული კონსტიტუცია იყო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ამგვარი შეფასების საფუძველს ვენეციის კომისიას ის გარემოება აძლევდა, რომ დაფუძნდა ისეთი არჩევითი ინსტიტუტები, როგორიცაა პარლამენტი და სახელმწიფოს მეთაური. გარდა ამისა, ახალ კონსტიტუციას ჰქონდა ძალიან პროგრესული და ძლიერი მეორე თავი ადამიანის უფლებების შესახებ და ამ უფლებების დამცავი ახალი ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოს სახით, თუმცა ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულ კონსტიტუციაში მოგვიანებით არაერთი ცვლილება შევიდა. ყველაზე მასშტაბური გამოდგა პარლამენტის მიერ 2004 წლის 6 თებერვალს მიღებული ცვლილებები და დამატებები. ადა მარშანია, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, იხსენებს, რომ ცვლილებებს მხარი მხოლოდ 16-მა დეპუტატმა არ დაუჭირა:

„ჩემ თვალწინ გადაუარეს კონსტიტუციას. ელემენტარული პროცედურების დაცვის გარეშე, დღე-ნახევარში მიიღეს“.

არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი კონსტიტუცია სანაგვეზე არის გადასაგდები. ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში საჭიროა რამდენიმე ცვლილების შეტანა. პირველ რიგში ვგულისხმობ მთავრობის და პარლამენტის მიმართებით საკითხს, ნდობა-უნდობლობის საკითხს, რომელიც მთავრობის სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი და პარლამენტს უფრო მეტი როლი უნდა მივანიჭოთ...
ვახუშტი მენაბდე

რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია ასევემეხუთე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავიანის განმარტება, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუცია ვერ პასუხობდა დროის მოთხოვნას:

„დღეს რაც გვაქვს, ის არ აკმაყოფილებს კონსტიტუციონალიზმის უმთავრეს პრინციპს, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, და ეს დაირღვა 2004 წლის თებერვალში, რომლის შემდეგ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გახდა ისეთი ჩვეულებრივი რამ, როგორც ყველაზე უბრალო კანონში, რომელსაც წელიწადში რამდენჯერმე ცვლიან“.

ავთანდილ დემეტრაშვილის თქმითაც, ცვლილების შედეგად, მთელმა ძალაუფლებამ თავი მოიყარა ერთი ინსტიტუტის - პრეზიდენტის - ხელში.

„როდესაც 2009 წელს პრეზიდენტმა დამნიშნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ, მე ვკითხე მას: ბატონო პრეზიდენტო, რაში დაგჭირდათ 2004 წელს არსებითად ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება კონსტიტუციით? მან მიპასუხა, რომ სჭირდებოდა ფუნდამენტური რეფორმების ჩატარება, კორუფციასთან ბრძოლა, საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება, საერთაშორისო სარბიელზე გასვლა და ა.შ. ამიტომ მჭირდებოდაო ხელისუფლების კონცენტრაცია იმისათვის, რომ სხვადასხვა პატარ-პატარა ჯგუფებს არ შეეშალათ ხელი ამ რეფორმების ჩატარებაშიო“, უთხრა რადიო თავისუფლებას ავთანდილ დემეტრაშვილმა, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა იმ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც დღეს მოქმედი კონსტიტუციის ტექსტი შეადგინა. იურისტ ვახუშტი მენაბდის თქმით, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, განვლილმა ოცმა წელმა აჩვენა, რომ კონსტიტუციური სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით საქართველომ წინ წაიწია:

„არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი კონსტიტუცია სანაგვეზე არის გადასაგდები. ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში საჭიროა რამდენიმე ცვლილების შეტანა. პირველ რიგში ვგულისხმობ მთავრობის და პარლამენტის მიმართებით საკითხს, ნდობა-უნდობლობის საკითხს, რომელიც მთავრობის სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი და პარლამენტს უფრო მეტი როლი უნდა მივანიჭოთ. ეს არის საბიუჯეტო საკითხები, რომელშიც პარლამენტის როლია განსასაზღვრი, და კიდევ რამდენიმე საკითხი, რომლებიც მკაფიო ჩამოყალიბებას მოითხოვს. მათ შორის ერთ-ერთია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების გამიჯვნა“.

ვახუშტი მენაბდის თქმით, კონსტიტუცია ზოგადი კანონია და მისი ინტერპრეტაცია ყოველთვის წარმოშობს დავას, რადგანაც ყველა დეტალის გათვალისწინება ვერ ხერხდება. მთავარია, კონსტიტუციის პრინციპები იყოს მკაფიო ინტერპრეტაციისათვის. ყველა სახელმწიფოში შეიძლება მოხდეს დავა საკონსტიტუციო ორგანოებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ დავა გადაიჭრას შეთანხმებით ანდა საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებით. ვახუშტი მენაბდის თქმით, ცუდია, როცა ხდება კონსტიტუციის ინტსტრუმენტალიზაცია, ხშირად მორგება პოლიტიკურ ინტერესებზე და ზოგჯერ მისი უგულებელყოფაც კი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG