Accessibility links

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე უმრავლესობას დაელაპარაკება


გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

ვიდრე უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას დაასახელებდეს, საქართველოს პრეზიდენტი კონსულტაციებს გამართავს საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან. 21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით პრეზიდენტ მარგველაშვილს დავით საგანელიძე შეხვდება. საპარლამენტო ოპოზიციაში აზრი ორად არის გაყოფილი. პარალელურად, პროცესებს აქტიურად და ფხიზლად ადევნებენ თვალყურს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გასულ კვირაში უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს. რატომ არის სახიფათო უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესის გაჭიანურება?

ჯერჯერობით არ დაზუსტებულა, თუ როდის შეხვდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პრეზიდენტ მარგველაშვილს, მაგრამ აქტუალურია შეკითხვები: რაზე უნდა ილაპარაკონ მათ და უნდა დასახელდეს თუ არა კონკრეტული გვარები კონსულტაციების პროცესში? თავად საგანელიძე ამ შეხვედრაზე კონკრეტული გვარების დასახელებას არ მოელის:

„აქ საუბარია არა იმაზე, რომ მე რაიმე კონკრეტული გვარებით მივდივარ, ან რაიმე კონკრეტულ გვარებს ველოდები ბატონი პრეზიდენტისგან, არამედ ჩვენ ვისაუბრებთ იმ ფორმატზე, იმ ფორმაზე, იმ მეთოდზე, თუ რა მეთოდებით ვიმუშაოთ“.

კანდიდატურის დასახელების შემდეგ, რაც, უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა, კონსულტაციებს აზრი ეკარგება ...

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში სხვა მოსაზრებაც არსებობს. ასე მაგალითად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ უთხრა ჟურნალისტებს, კონსულტაციების გამართვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება უპრიანი, რაც პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტისთვის კონკრეტულ კანდიდატურას დაასახელებს. ამგვარ მოსაზრებას არ ეთანხმებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ამბობს, კონკრეტული კანდიდატურის დასახელების შემდეგ საკონსულტაციოც არაფერი იქნება:

„კანდიდატურის დასახელების შემდეგ, რაც, უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა, კონსულტაციებს აზრი ეკარგება, ვინაიდანკონსულტაციების შედეგი, დანიშნულება და მიზანი სწორედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტაა“.

მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს და ის არ არის ვალდებული წინასწარ ვინმეს შეუთანხმოს, რას აპირებს, საკითხის საგანგებო მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 13 იანვარს ყველა დაინტერესებულ მხარეს კონსულტაციებში ჩართვისკენ მოუწოდა.

თუკი კონსულტაციები გადაიზარდა კონკრეტული კანდიდატის შეთანხმებაში და თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი პრეზიდენტს მოსთხოვს მასთან შეთანხმდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, ეს არსებითად დააზარალებს, ერთი მხრივ, პროცესს...

პრეზიდენტს სწრაფად გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და შეხვედრაც მალევე, კერძოდ,15 იანვარს შედგა. კონსულტაციების პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, თვლიან, რომ უზენაესი სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე სრულიად აპოლიტიკური და მიუკერძოებელი პროფესიონალი უნდა იყოს, ხოლო იმისათვის, რომ ღირსეული კანდიდატურის შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ, ობიექტურად და პოლიტიკური ზეგავლენების გარეშე წარიმართოს, პრეზიდენტს მე-3 სექტორმა საგანგებო საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართა. გიორგი მარგველაშვილი იმ დღეს სტუმრებს დაჰპირდა, რომ ამ ინიციატივაზე აუცილებლად იფიქრებდა და თუკი ასეთი საბჭო ვერ შეიქმნებოდა, მაინც გაგრძელდებოდა კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან.

„საბჭოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით პრეზიდენტის პასუხი არ მიგვიღია“, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სოფო ვერძეული – ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, რომელმაც 21 იანვარს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურთან ერთად, პრესკონფერენციაც გამართა სწორედ უზნაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით.

სოფო ვერძეულის აზრით, პრობლემა არ არის, თუკი პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებსაც დაელაპარაკება, მაგრამ საჭიროა სახიფათო ზღვრის დაცვა:

თუკი სასამართლო ხანგრძლივი ვადით დარჩება თავმჯდომარის გარეშე, ეს გამოიწვევს შიდა პროცესების არასწორ მართვას. იქ, სავარაუდოდ, დაიწყება გავლენების მოპოვების პროცესები. დღეს მაინც, ასე თუ ისე, ჰომოგენურია ეს სიტუაცია...

„თუკი კონსულტაციები გადაიზარდა კონკრეტული კანდიდატის შეთანხმებაში და თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი პრეზიდენტს მოსთხოვს მასთან შეთანხმდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, ეს არსებითად დააზარალებს, ერთი მხრივ, პროცესს; ეს აუცილებლად დააზარალებს, მეორე მხრივ, სასამართლოში არსებულ განწყობებს, მოქმედ მოსამართლეებში არსებულ განწყობებს და, რა თქმა უნდა, ნდობის საკითხს, რაც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის მიმართ“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ჯანდიერიც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მეტად მნიშვნელოვანია პროცესების დროულად წარმართვა, რადგანაც, თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ვადები გაჭიანურდება, სასამართლო სისტემა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჯანდიერი არ ეთანხმება ვარაუდს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატის დროულად არჩევა არც „ნაციონალური მოძრაობას“ აწყობს და არც „ქართულ ოცნებას“.

„თუკი სასამართლო ხანგრძლივი ვადით დარჩება თავმჯდომარის გარეშე, ეს გამოიწვევს შიდა პროცესების არასწორ მართვას. იქ, სავარაუდოდ, დაიწყება გავლენების მოპოვების პროცესები. დღეს მაინც, ასე თუ ისე, ჰომოგენურია ეს სიტუაცია. ჩემი აზრით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ ინტერესში უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პროცედურა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ჯანდიერმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუკი კენჭისყრის შედეგად მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუკი პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ პირველ ჯერზე წარდგენილ კანდიდატურას, მეორე ჯერზე პრეზიდენტმა პარლამენტს ახალი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. კანონმდებლობა არ ადგენს ახალი თავმჯდომარის წარდგენა–არჩევა–დამტკიცების კონკრეტულ ვადებს და პროცესის გაჭიანურების საფრთხეს ექსპერტები დიდწილად სწორედ კანონმდებლობაში ხედავენ.

XS
SM
MD
LG