Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებამდე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს გამართავს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიციის ნაწილი აუცილებლად მიიჩნევს საკითხი წინასწარ იქნეს განხილული. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პრეზიდენტს 15 იანვარს შეხვდებიან, პირველ რიგში იმის შეთანხმების აუცილებლობას ხედავენ, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა და პარლამენტისთვის წარდგენა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. პრეზიდენტი არ არის ვალდებული წინასწარ ვინმეს შეუთანხმოს, თუ რას და როგორ აპირებს, თუმცა, საზოგადოების მაღალი ინტერესისა და დემოკრატიის პრინციპების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი მარგველაშვილი საკითხის გამჭვირვალედ და ფართოდ განხილვის ინიციატივით გამოდის:

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

„მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს – როგორც სამოქალაქო სექტორში, ასევე პარლამენტში – ჩაერთონ ამ კონსულტაციებში და თავისი პოზიცია გაგვიზიარონ. ბუნებრივია, ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ დავასახელოთ საუკეთესო კანდიდატი“.

როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს საუკეთესო თავმჯდომარე და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?

ამ თემებზე სალაპარაკოდ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს ხუთშაბათს შეხვდებიან და მათ შორის იქნება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილიც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, დაასახელებს თუ არა პრეზიდენტი წინასწარ სავარაუდო კანდიდატების სახელებსა და გვარებს, ეს მისი ნება იქნება. მთავარია, რომ კონსულტაციების პროცესში შეთანხმდეს კრიტერიუმები, რაც უნდა დააკმაყოფილოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, მით უმეტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამის შესახებ პრაქტიკულად არაფერს ამბობს და მხოლოდ ზოგადი და ბუნდოვანი განმარტებით შემოიფარგლება. კონკრეტულად კი,„საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ“ იტყობინება, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურის „გამოცდილება უნდა შეეფერებოდეს უზენაესი სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს“. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და გააზრებული უნდა იყოს:

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

„ამ ადამიანის განვლილი ცხოვრება, მისი პროფესიონალიზმი, მის მიერ დაშვებული შეცდომა გამადიდებელი „ლუპით“ იქნება შესწავლილი საზოგადოების მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, რადგანაც, ასე რომ ვთქვათ, სასამართლო სისტემის პირველი მომხმარებელი არის საზოგადოება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანის შერჩევისას კარგად იფიქროს პრეზიდენტმაც, პარლამენტმაც... ის უნდა იყოს სუფთა წარსულის, პრინციპული ადამიანი“.

ანა ნაცვლიშვილის აზრით, გარდა იმისა, რომ უნდა გამოირჩეოდეს მაღალი სამართლებრივი კვალიფიკაციითა და მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და ხანგრძლივი მოღვაწეობით, ასევე აუცილებელია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს არანაირი შეხება არ ჰქონდეს პოლიტიკასთან. თუკი ესა თუ ის კანდიდატი ოდესმე წარმოადგენდა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან თუნდაც ასოცირდება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, ის ვერ დაიმსახურებს საზოგადოების ნდობას. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც უშუალოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიუკერძოებელ საქმიანობას უკავშირდება:

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ზოგადად, უზენაესი სასამართლო და სასამართლო სისტემა - დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს იმისთვის, რომ მან კონტროლი გაუწიოს განსაკუთრებით აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას, პრაქტიკას, პოლიტიკას და მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს; შეამოწმოს ამ ნაბიჯების კანონთან შესაბამისობა და, თუკი არ იქნება ასეთი შესაბამისობა, ასე ვთქვათ, წითელი შუქი აანთოს, კანონის ფარგლებში... და ადამიანს, რომელიც ძალიან ახლოს იქნება რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან, მას, ვვარაუდობ, პიროვნულადაც გაუჭირდება, რომ დისტანცირება მოახდინოს და მიუკერძოებელი მსაჯულის როლში ჩადგეს“.

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გარკვევით არის ჩამოყალიბებული პროცესის წარმატებისთვის აუცილებლად დასაკმაყოფილებელი პირობები.

კანდიდატურის საკანონმდებლო ორგანოში განხილვის დროს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს პროცესის ღიად და დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით წარმართვა...
„დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

არასამთავრობო სექტორის პოზიციით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებითია, რომ „გამჭვირვალე და ინკლუზიური“ იყოს არა მხოლოდ კანდიდატურის შერჩევის, არამედ მისი პარლამენტში წარდგენისა და დამტკიცების პროცესი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ თვლის, რომ ამ ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როლი საკანონმდებლო ორგანოსი, რომელმაც უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა:

„კანდიდატურის საკანონმდებლო ორგანოში განხილვის დროს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს პროცესის ღიად და დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით წარმართვა. საკომიტეტო მოსმენის შესახებ გონივრული ვადით ადრე უნდა გახდეს ცნობილი და ნომინირებულ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის“.

კოალიციის წარმომადგენლები - და, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - აპირებენ, რომ აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვების პროცესში. როგორ ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, აუცილებელია, რომ საპარლამენტო ფრაქციებმა თუ ცალკეულმა დეპუტატებმა გასაგებად განუმარტონ საზოგადოებას თავიანთი პოზიციები - იქნება ეს უარი თუ თანხმობა ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით.

დაბოლოს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუკი კენჭისყრის შედეგად მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუკი პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, პრეზიდენტს მისი განმეორებით წარდგენის უფლება აღარ ექნება – მეორე ცდაზე მან პარლამენტს ახალი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. კანონმდებლობა არ ადგენს ახალი თავმჯდომარის წარდგენა-არჩევა-დამტკიცების კონკრეტულ ვადებს და არასამთავრობო სექტორის კიდევ ერთი საფიქრალი ისიც არის, რომ პროცესი არ გაჭიანურდეს. მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში იწურება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG