Accessibility links

logo-print

9 მაისის კონტრაქცია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად


კონტრაქცია

კონტრაქცია

„გორი არ არის წითელი“ - ამ სახელწოდებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო სექტორის, საზოგადოებისა და ჟურნალისტების შეხვედრა გაიმართა. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 9 მაისს გორში სტალინისტებისა და კომუნისტების მიერ გამართული აქციის საპასუხო აქციის ორგანიზებაზე იმუშავებს. ეს აქცია სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაიგეგმა და მისი ინიციატორია მოძრაობა „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის“. მოძრაობის ლიდერი ანდრო ბარნოვი აცხადებს, რომ კონტრაქციის მოწყობა გორელების ღირსების საქმეა, რადგან 9 მაისს რუსეთთან ინტეგრაციის მომხრეებმა ვითარება ისე წარმოაჩინეს, თითქოს მთელ ქალაქს მხოლოდ კომუნისტური ნოსტალგია ჰქონდეს.

შეხვედრაზე ძირითადად სტუდენტები აქტიურობდნენ, რომლებიც სოციალურ ქსელში გორელების წინააღმდეგ დაწყებულ ლანძღვას მტკივნეულად აღიქვამენ. მათი თქმით, ახალგაზრდების დიდ ნაწილს კარგად აქვს გააზრებული საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. გორის უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ ხიბლიშვილი დაგეგმილ აქციაზე მეგობრებთან ერთად წასვლას და ამით ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერის გამოხატვას აპირებს.

ჟურნალისტი თინა თაყაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ დაივიწყეს ადამიანებმა 2008 წლის ომი და ამ ომში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი. მისი აზრით, გორში რუსეთისა და საბჭოთა კომუნისტური დროშების ფრიალი, პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა შეურაცხყოფაა, რომლებიც რუსეთის ავიაციისა და არტილერიის ბომბებს ემსხვერპლნენ.

გორის მცხოვრები რამაზ ჩუტკერაშვილი ამბობს, რომ 9 მაისს პრორუსული ძალების მიერ გამართული აქცია კარგად ორგანიზებული და გარედან დაფინანსებული იყო. მისი აზრით, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ვეტერანებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქში რუსეთის დროშების ფრიალი.

9 მაისი გორში

9 მაისი გორში

9 მაისს გორში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული კომუნისტები და სტალინისტები საბჭოთა კავშირისა და რუსეთის დროშებით გამოვიდნენ. ისინი ანტიამერიკული და ანტიევროპული ტრანსპარანტებით მოძრაობდნენ და საქართველოს ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციას მოითხოვდნენ. ამის შემდეგ სოციალური ქსელებით დაიწყო გორის მცხოვრებთა ლანძღვა, რადგან ეს აქცია ბევრმა გორელების აქციად მიიჩნია. არადა, ქალაქში ჩამოსულ დემონსტრანტებს ხელში საკუთარი ქალაქების მაჩვენებელი აბრები ეჭირათ. დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილმა ახალგაზრდებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, 19 მაისს, პირველ საათზე, გორის თეატრის სკვერში გაიმართოს აქცია, სახელწოდებით „გორი საქართველოს ღირსებისთვის“. აქციის მონაწილეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გამოვლენ და საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერას დააფიქსირებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG