Accessibility links

logo-print

ქალაქი არც მხოლოდ ხელსაყრელი ლანდშაფტი და ლამაზი არქიტექტურაა და არც მარტოგამართული საკომუნიკაციო საშუალებები. ქალაქი, პირველ რიგში, მსხვილი დასახლებული პუნქტია, სადაც ადამიანების გვერდით მრავალი ასეული წლის განმავლობაში ცხოვრობენ და არსებობისათვის იბრძვიან სხვადასხვა სახეობის ცხოველები და ფრინველები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქალაქის არა მარტო ყოველდღიურ ყოფაში, არამედ კულტურაშიც - იქნება ეს ფოლკლორი, მითოსი თუ თანამედროვე ლიტერატურა.

თუ გავითვალისწინებთ ლეგენდას თბილისის დაარსების შესახებ, მონადირე მეფით, ბაზიერებითა და გოგირდის მდუღარე წყაროში დაფუფქული ხოხობ-მიმინოთი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თბილისის უპირველესი ფრინველი ან ხოხობია, ანდამიმინო, თუმცა ამ ფრინველებს, მთელი რიგი მიზეზების გამო, დღეს მხოლოდ თბილისის ზოოპარკში თუ მიაკვლევთ. სამაგიეროდ, თბილისის ქუჩები, სკვერები და ცა დაპყრობილი აქვს სულ სხვა ფრინველს.

ყვავებს გააჩნიათ ინტელექტი, რაც ძალიან ბევრ ცხოველსა და ფრინველს არ აქვს. ამ მხრივაც არიან იშვიათები. რას ვგულისხმობთ ინტელექტში? მათ შეუძლიათ ადამიანის ქცევისა და ხმის გამოჯავრება. შეუძლიათ ისწავლონ ადამიანისგან და, იმავდროულად, ერთმანეთსაც უზიარებენ ბევრ რამეს...

ყვავი და ყორანი - ლათინურად Corvus — კრებითი სახელწოდება ბეღურასნაირთა რიგის ფრინველებისა. არჩევენ რუხს (Corvus cornix) - ყვავსა და შავს (Corvus corone) - ყორანს. როგორც თბილისის ზოოპარკის ფრინველთა განყოფილების კურატორი დავით თინაშვილი ამბობს, თბილისში ძირითადად გავრცელებულია რუხი ყვავი:

„იმდენად დიდი ჯგუფია, რომ მასში შედიან კაჭკაჭები, ჭილყვავები და კიდევ ბევრი სხვა. ჩვენთან უფრო მეტად გავრცელებული არიან ყვავები, რომლებიც ცხოვრობენ ჯგუფურად და ერგებიან ყველანაირ პირობებს. სიცოცხლის ხანგრძლივობა 40-60 წელია. 300 წელი მოგონილია და ტყუილია. ქალაქში არიან ძალიან ბევრი, რადგანაც სინანტროპული ფრინველები არიან - ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებთან არიან ძალიან მჭიდრო კონტაქტში და სადაც ადამიანი სახლობს, იქ აუცილებლად ჩნდებიან ყვავებიც. არანაირ ზიანს ისინი არ აყენებენ ადამიანს, რადგანაც ძირითადად იკვებებიან ნარჩენებით“.

დავით თინაშვილის თქმით, ყვავი პოლიფაგი - ყველაფრის მჭამელია. საგანგებოდ არ ნადირობს, ანუ არაა მტაცებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელსაყრელ ვითარებაში თავს არ დაესხმება სხვა, უფრო პატარა ფრინველსა და მის ბარტყებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება, ყვავს უსამართლოდ სდებენ ბრალს მტაცებლობასა და ბნელი საქმეების კეთებაში. ვაჟა- ფშაველას დაჭრილ არწივს ყვავ-ყორნები ესევიან, ხოლო „ჩხიკვთა ქორწილის“ ეკრანიზაციაში ყვავი ვერაგ მტაცებლადაა გამოყვანილი. არადა, მისი მთავარი დანაშაული ცრურწმენა, შავი ფერი და არაკეთილხმოვანი ჩხავილი თუ ყრანტალია.

თუმცა ყვავის ბედისადმი ყველა როდია აგრესიულად განწყობილი. გავიხსენოთ თუნდაც გალაკტიონი და ბუდიდან ამოვარდნილი მისი ყვავის ბახალა, რომელიც ქარმა ზაფხულის ტყეებს გადაახალა: „ტიროდა მწარედ ყვავის ბახალა, ქარმა ტყეებს რომ გადაახალა“. ასევე გალაკტიონის თარგმნილია მარიეტა შაგინიანის ლექსის ერთი სტროფი, რომელიც ყორნისადმი თანაგრძნობითაა სავსე:

„ყორანს ცრემლით უმძიმს უპე -

როგორც შავი ყვავილი,

„დავიღუპე, დავიღუპე“, -

ისმის მისი ჩხავილი“.

„გადმოფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს“ - წერდა გალაკტიონი, რომელიც ეცადა ედგარ პოს „ყორნის“ თარგმნასაც, თუმცა, ვაჟა-ფშაველასგან განსხვავებით, რატომღაც არ დაასრულა. ყვავისადმი თანაგრძნობითაა სავსე პოეტი ლია ლიქოკელიც, რომელსაც ყვავის სიყვარულმა ლექსიც კი დააწერინა, სათაურით „როგორ შემიყვარდა ყვავი“:

„...სამი გრძელი ღამე გადაება ერთმანეთს მერე გაუთენებლად.

სახლის წინ მავთულზე ქანაობდა და ჩხაოდა

ჩემი ცხოვრების მთავარი შავი ყვავი.

ჩავალაგე ჩემოდანი და ფანჯრიდან გადავძვერი, როგორც წესია.

დავტოვე წერილი, როგორც წესია,

და ჩვენი ახალი საცხოვრებელი ხის ტელეფონის ნომერი...“

ლია ლიქოკელი

ლია ლიქოკელი

„შემიყვარდა არა უბრალოდ ლექსში, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებაშიც. რაღაც მარგინალი, ცალკე და მარტო მდგომი ადამიანების ამბავია... ერთი პერიოდი სპეციალურად მივდიოდი ხოლმე დედაენის ბაღში იმისათვის, რომ დავმჯდარიყავი და მეყურებინა ყვავებისათვის. ახლაც ძალიან მიხარია, როცა სადმე მოვკრავ ხოლმე თვალს. გაცოცხლებულ სათამაშოს ჰგავს, დაქოქილ სათამაშოს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლია ლიქოკელმა, რომლის მსგავსად, ყვავების ქცევით და გამჭრიახობით მოხიბლულია თბილისის ზოოპარკის ფრინველთა განყოფილების კურატორი დავით თინაშვილი:

„ყვავებს გააჩნიათ ინტელექტი, რაც ძალიან ბევრ ცხოველსა და ფრინველს არ აქვს. ამ მხრივაც არიან იშვიათები. რას ვგულისხმობთ ინტელექტში? მათ შეუძლიათ ადამიანის ქცევისა და ხმის გამოჯავრება. შეუძლიათ ისწავლონ ადამიანისგან და, იმავდროულად, ერთმანეთსაც უზიარებენ ბევრ რამეს. იმას არ ვგულისხმობ, რომ მშობელი ბარტყს ასწავლის ფრენას, კვებას და ა.შ., ანუ თავის გატანას, არამედ სხვა რაღაცები: საიდან შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეთ, რას უნდა მოერიდოს და ა.შ.“

ყვავებს ასევე უყვართ თამაში და საკმაო დროს ხარჯავენ გართობაზე, თუმცა, ამის მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობისთვის ის მაინც დაწყევლილი და სიკვდილის მაუწყებელი ფრინველია, რომელიც არავის არაფერში არგია. არადა, ზოგიერთი ხალხი - მაგალითად, სკანდინავიელები - ყორნებს ღვთიურ და ბრძენ ფრინველებად მიიჩნევდა. სკანდინავიელთა უმაღლესი ღვთაება ოდინი ამბის მოსატანად ან თავის წყვილ ყორანს გზავნიდა, ანდა თავად გადაიქცეოდა ყორნად. აკი ნოემაც კიდობნიდან პირველი ყორანი აფრინა ხმელეთის მოსაძებნად. ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“ ყორანი სულაც თეთრი ყოფილა, ვიდრე აპოლონს სატრფოს ღალატის ამბავი არ მიუტანა: „შენც, ჭორიკანა ყორანო, ხომ ქათქათა იყავ, მაგრამ უეცრად თეთრი ფერი შავმა გიცვალა“, ანდა: „ყორანს კი, ვინც სიმართლის ჯილდოს ელოდა, თეთრ ფრთოსნად ყოფნა აეკრძალა“. რაც შეეხება საქართველოს, როგორც პროფესორი ზურაბ კიკნაძე ამბობს, ქართულ ფოლკლორსა და მითოლოგიაში, ისევე როგორც ბევრი სხვა ხალხისაში, ყვავ-ყორანი სიკვდილის, ვერაგობისა და ავი ბედისწერის სიმბოლოა. ზურაბ კიკნაძეს მაგალითად მოაქვს თედო რაზიკაშვილის მიერ ჩაწერილი ერთი ხალხური ლექსი:

"ერთი ვაჟკაცი ფხოველი შავწყალს საომრად დადგაო,

ადგა და შინ წამოვიდა, გზად შავანელი შახვდაო.

ჩაჭრეს, ჩაკაფეს ერთურთი, მაშველი აღარ შარჩაო.

ცითა მოვიდა ყორანი, მაგათ ნაომარს დახყვაო,

ჯერა დაითვრა სისხლითა, მერე ლეშ ჭამა, გაძღაო.

ადგა და ისევ წავიდა, მაგათ ვაგლახი დასცაო:

ორნივ ყოფილან უჭკონი, ერთმ მაინც რად არ დათმაო". - ამ ლექსში ყორანი ჩნდება ძალიან საინტერესო ფუნქციით. ასევე ცნობილია, რომ ყორანი თვალებს უჩიჩქნის გარდაცვლილს, მოკლულს და არწივი გადაეფარება ხოლმე, არ ანებებს კაი ყმის თვალების ამოკორტნას“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ კიკნაძემ, რომლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფოლკლორსა და მითოლოგიაში ყვავი და ყორანი გვერდიგვერდ მოდიან, მათ შორის დიდი განსხვავებაა:

ზურაბ კიკნაძე

ზურაბ კიკნაძე

„ყვავი უფრო არასიმპათიური ფრინველია და ყოველთვის დაკავშირებულია სიკვდილთან და ლეშის ჭამასთან. რაც შეეხება ყორანს, ხალხური ტექსტები მას ახსენებს ყოველთვის ბედისწერასთან დაკავშირებით. ყორანი კი არ არის ანტიპათიური და მავნებელი, არამედ მისი გამოჩენაა სიკვდილის წინასწარმეტყველური. მაგალითად, არის ასეთი ხალხური ლექსი, რომელშიც ყორნის გამოჩენას მოჰყვება სიკვდილი:

„ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს,
ქვენ ბაცალიგოს შრებისა,
თინიბექაურთ ციხესა
კუთხე მარჯვენა სკდებისა.
ზედა ზის შავი ყორანი,
ლიბოში გველი ძვრებისა,
შიგა წევს თინიბექაი,
გულსუწადინოდ კვდებისა,
გვერდს უზის ცოლი ლამაზი,
სანთელივითა დნებისა...“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG