Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქორწინება ადრე


რელიგიური გაერთიანებების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ფორუმზე იმისათვის, რომ ადრეული ქორწინებისა და ამ პრობლემის მოგვარებაში სასულიერო პირთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ემსჯელათ. ფორუმზე ადრეული და იძულებითი ქორწინებისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ილაპარაკეს როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ისე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა. რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო ადრეული ქორწინების თვალსაზრისით, როგორია სტატისტიკური მონაცემები და საზოგადოების ცნობიერება?

ადრეული ქორწინების თაობაზე ფორუმის ორგანიზატორს - გაეროს მოსახლეობის ფონდს საქართველოში - მიაჩნია, რომ ცნობიერების ამაღლების პროცესში რელიგიური ლიდერების დახმარებით სწორი გზავნილების გავრცელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადრეული ქორწინებისადმი საზოგადოების შემწყნარებლური დამოკიდებულების შეცვლას. ასე ფიქრობს რამინ იგიდოვიც, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი. სწორედ მან შესთავაზა ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებს, რომ ერთობლივად დაგეგმონ ვიზიტები იმ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას ადრეული ქორწინების პრობლემა, რათა საზოგადოებამ კარგად გააცნობიეროს, თუ რა საფრთხის წინაშე აყენებენ მოზარდებს, როდესაც მათ ან იძულებით აქორწინებენ, ან ხელს უწყობენ, ჯერ კიდევ არასრულწლოვნებმა, მიიღონ გადაწყვეტილება და შექმნან ოჯახი:

„როდესაც ქორწილებში მიგვიპატიჟებენ, კი არ მივულოცოთ მათ ამ ტიპის ქორწინება, არამედ გავაკრიტიკოთ და დავგმოთ“.

ფორუმი ადრეული ქორწინების თაობაზე
ფორუმი ადრეული ქორწინების თაობაზე

​აპრილის დასაწყისში ტრადიციული ისლამის მეჩეთის იმამთა და უხუცესთა საბჭომ პანკისის ხეობაში გადაწყვიტა, რომ 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება რელიგიურად აღარ გაფორმდეს. ცნობილია, რომ ამ ხეობაში რელიგიური ლიდერების ავტორიტეტი ძალზედ მაღალია, ამიტომ, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების აზრით, მათ ამ გადაწყვეტილებას ნაადრევი ქორწინების შესამცირებლად დიდი მნიშვნელობა აქვს.

აი, რას ამბობს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, რომელიც ასევე ესწრებოდა ფორუმს, ადრეულ ქორწინებაზე საუბრისას:

„იცით რა არის, ასე ერთმნიშვნელოვნად მე ვერ ვლაპარაკობ, თუ რას დავარქმევთ ადრეულ ქორწინებას. აი, მაგალითად, 17 წლისა და ნახევრის არის და არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული ქალი. ეს რამდენიმე თვე წყვეტს რამეს? 13-14 წლის ნამეტანი ბავშვია, მაგრამ ჩვენ შედეგებით ვხედავთ, მაგალითად, 17 წლის ჩამოყალიბებული ქალი, რომელსაც უნდა ოჯახის შექმნა, მე არ მგონია, რომ ეს პრობლემის შემქმნელი იყოს. 13 წლის ასაკის ბავშვსა და პედოფილიაზე არ ვსაუბრობ. ჩვენ ჩვენს მრევლთან საუბრისას კიდევ უფრო შორს მივდივართ - არათუ ადრეულ ქორწინებაზე ველაპარაკებით, არამედ ადრეულ და გაუგებარ სექსუალურ ურთიერთობაზე, რომ ზნეობრივად და სულიერად ჩამოყალიბდეს ადამიანი“.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც,16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. კანონმდებლობაში ეს ცვლილება გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციით იქნა შეტანილი. ამჟამად, გამონაკლისის სახით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რომელიც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს და ამ შემთხვევაში, ცხადია, ოჯახის შექმნის განზრახვა გამამართლებელ მიზეზად არ ითვლება. ასევე ისჯება იძულებითი ქორწინება. აქ სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს.

ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, გვესაუბრება ადრეული ქორწინების პრევენციის მექანიზმების, ცნობიერების ამაღლებისა და სახელმწიფოს გააქტიურების შესახებ. ის ლაპარაკობს იმ მაღალ სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც, რომელიც საქართველოში მოზარდთა ქორწინებას უკავშირდება. ლელა ბაქრაძის თქმით, 2010 წლის გამოკვლევების მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ქალების 14 % 18 წლამდე დაქორწინდა, რაც, მისი სიტყვებით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მართალია, 2010 წლის შემდეგ ადრეული ქორწინების პრევენციის მიზნით აქტიური კამპანიები დაიწყო და განხორციელდა, შეიცვალა და გამკაცრდა კანონმდებლობაც, მაგრამ, როგორც ირკვევა, 18 წლამდე ასაკში ქორწინების მაჩვენებელი მაინც საკმაოდ მაღალია:

ლელა ბაქრაძე
ლელა ბაქრაძე

„ნათელია და ყველა გამოკვლევა, რომელიც კი ჩატარებულა, აჩვენებს, რომ ადრეული ქორწინება არის ძალიან ნეგატიური და უარყოფითი გავლენის მომტანი გოგონასათვის. განსაკუთრებით მათზე ვამახვილებთ ყურადღებას, რადგან როდესაც ადრეულ ასაკში ქორწინებაზე ვსაუბრობთ, უდიდესი ნაწილი მათგან სწორედ გოგონები არიან. პირველ რიგში, ძალიან ნათელია კავშირი ადრეულ ასაკში ქორწინებასა და განათლების შეწყვეტასთან. გამოიკვეთა, რომ ადრეული ქორწინება იწვევს გოგონას უფლებრივ და სოციალურ გარიყვას და ასევე ისინი იმყოფებიან ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკის ქვეშ. ასევე მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა არის ჯანმრთელობისათვის უდიდესი რისკის შემცველი როგორც დედისთვის, ისე შვილისთვის“.

ჩავხედოთ სტატისტიკურ მონაცემებსაც, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა ასახა 2015 წლის თავის სპეციალურ ანგარიშში ადრეული ქორწინების შესახებ. ამ წელს 600-ს გადააჭარბა 16-დან 18 წლამდე პირთა რეგისტრირებულმა ქორწინებამ. ამავე წელს 1 440-ზე მეტი არასრულწლოვანი გახდა მშობელი, ოჯახის შექმნის მიზნით კი სკოლა 408 არასრულწლოვანმა მიატოვა. მიუხედავად ამ მონაცემებისა, ანგარიშში მითითებულია, რომ ეს არ არის საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების ზუსტი რაოდენობა და ეს რიცხვები სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა სხვადასხვა უწყების კომპეტენციის ფარგლებში შეაგროვა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი სოფო რუსეცკი ჩამოთვლის იმ რეკომენდაციებს, რომელთაც სახალხო დამცველი აძლევს სახელმწიფო სტრუქტურათა წარმომადგენლებს ადრეული და იძულებითი ქორწინების პრევენციისათვის. ის ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს თან უნდა სდევდეს მისი განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებები:

„აუცილებელია, რომ სერვისის მიმწოდებლების მხრიდან თითოეულ შემთხვევაზე მოხდეს კანონით გათვალისწინებული სათანადო რეაგირება და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. გამომდინარე იქიდან, რომ ქორწინების რეგისტრაციას განსაკუთრებული გავლენა აქვს ქალთა ქონებრივ უფლებებზე, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ამ კუთხითაც გადაიხედოს და დაიხვეწოს საქართველოს კანონმდებლობა. მიგვაჩნია, რომ საჭიროა შსს-მ შეიმუშაოს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების სახელმძღვანელო პრინციპები და გაძლიერდეს უბნის ინსპექტორი, რათა მოხდეს თემის გაძლიერება და მოხდეს მათი ინფორმირებულობა“.

რაკი სახალხო დამცველის რეკომენდაციებში ადრეულ და იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი სწორედ კანონის აღსრულება და სამართალდამცავთა რეაგირებაა, აუცილებლად უნდა მოვიყვანოთ ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც სწორედ მათ საქმიანობაზე მიუთითებს.

არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

​ამ მონაცემების შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბრობს არჩილ თალაკვაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. მისი თქმით, გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი მომართვიანობის მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. 2015 წელს შს სამინისტრომ 183 შემთხვევა დააფიქსირა 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თუ იძულებითი ქორწინებისა. მათგან 140 შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრვი კავშირი სწორედ ოჯახის შექმნის მიზნით განხორციელდა. არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ამ საქმეებიდან გამოძიება 17 შემთხვევაში შეწყდა. მინისტრის მოადგილე იმ გეგმებზე საუბრობს, რომლის განხორციელებასაც შსს ადრეული თუ იძულებითი ქორწინების პრევენციის მიზნით აპირებს:

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ გადავამზადოთ პოლიციელები ყველა რეგიონში, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ იმ ჯგუფებთან, სადაც შეიძლება, რომ ადრეული ქორწინება შესაძლოა იყოს ენდემური პრობლემა. ზოგიერთ რეგიონში ეს განსაკუთრებული პრობლემაა. ასევე ის ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადია ამ მიმართულებით, იქნებიან პოლიციის მეთვალყურეობის და დაცვის ქვეშ. პრევენციისთვის ვგეგმავთ შეხვედრებს საზოგადოებრივ ჯგუფებთან. ვგეგმავთ, რომ თემს მივაწოდოთ აუცილებელი ინფორმაცია ამ მიმართულებით, თუ რატომ წარმოადგენს ადრეული და იძულებითი ქორწინება პრობლემას, თუ როგორ ისჯება და რა საკანონმდებლო სანქციები არსებობს იმ ადამიანების მიმართ, ვინც არასრულწლოვანზე მოახდენს ზეწოლას“.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, სსკ 143-ე მუხლით ისჯება ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მათ შორის, არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რომელიც შეიძლება იყოს ქორწინების მიზნით მოტაცება. აღსანიშნავია, რომ 82 %-ით გაზრდილია სსკ 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის პირთა მიმართ დევნის მაჩვენებელიც, რომელიც 2014 წელს 11 იყო, ხოლო 2015 წელს 60-ს მიაღწია. ამ შემთხვევებიდან 2015 წლის პირველ ნახევარში დევნა სულ სამი პირის მიმართ დაიწყო და სამივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკვეთა, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთა ქორწინების მიზნით მოხდა.

​ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგებიდან ერთ-ერთი განათლების მიღების შეწყვეტაა. 2014-2015 სასწავლო წელს, სავალდებულო განათლების, ანუ 9 კლასის, დასრულებამდე სწავლა მიატოვა 107-მა მოსწავლემ. სკოლის მიტოვების მიზეზი ოჯახის შექმნა იყო. გაცილებით მეტი იყო მაჩვენებელი სწავლის მიტოვებისა 12 კლასის დამთავრებამდე. დღეს არსებული რეგულირების მიხედვით, თითოეული სკოლა ვალდებულია გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ სწავლის შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზი და ასახოს ეს მიზეზი შესაბამის გრაფაში.

რაც შეეხება არაფორმალურ განათლებას, ეს არის სამოქალაქო განათლების კლუბები და საქართველოს მასშტაბით ასეთი კლუბი, ჯამში, 1000-მდე სკოლაში გვაქვს, რომლებიც ფოკუსირებულად მუშაობენ ამ მიმართულებით. არაფორმალური განათლება შეიძლება ვუწოდოთ იმ სადამრიგებლო საათს, სადაც ამ საკითხებზე ხდება აქცენტის გაკეთება...
ლია გიგაური

​ლია გიგაური, განათლების მინისტრის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს რეგულაცია განათლების სამინისტროს აძლევს საშუალებას განსაზღვროს, თუ რამდენმა მოსწავლემ მიატოვა დროზე ადრე სწავლა, რათა შემდეგ უკვე წარიმართოს მუშაობა მოსწავლესთან იმისთვის, რომ მან შეძლოს ალტერნატიული გზით განათლების მიღება. 2014-2015 სასწავლო წელს 93 ორსული გოგონა სწავლობდა სკოლაში. რა ინფორმაციას იღებენ სკოლის მოსწავლეები ადრეულ ასაკში ქორწინების რისკების შესახებ? ლია გიგაური ამბობს:

„ეროვნულ სასწავლო გეგმაში, როგორც გამჭოლი კომპეტენცია, მსუბუქად არის ასახული ეს საკითხები. მოსწავლეებს ვაწვდით ინფორმაციას ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებით, სამართლებრივ რისკებთან დაკავშირებით, ასევე შემდგომში განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ისინი ამ ინფორმაციას სხვადასხვა საგნის ფარგლებში იღებენ. რაც შეეხება არაფორმალურ განათლებას, ეს არის სამოქალაქო განათლების კლუბები და საქართველოს მასშტაბით ასეთი კლუბი, ჯამში, 1000-მდე სკოლაში გვაქვს, რომლებიც ფოკუსირებულად მუშაობენ ამ მიმართულებით. არაფორმალური განათლება შეიძლება ვუწოდოთ იმ სადამრიგებლო საათს, სადაც ამ საკითხებზე ხდება აქცენტის გაკეთება“.

ლია გიგაურის თქმით, აშკარა შედეგი გამოიღო როგორც არასამთავრობო და საერთაშორისო სექტორის, ისე სახელმწიფოს აქტიურობამ. მისი სიტყვებით, ამაზე მეტყველებს განათლების სამინისტროსადმი იმ გოგონების მიმართვიანობაც, რომლებიც მსგავსი რისკის წინაშე დგანან. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე მსგავსი შეტყობინებების რიცხვმა 16-ს მიაღწია. ლია გიგაური ამბობს, რომ მსგავსი პრეცედენტი მანამდე არასდროს დაფიქსირებულა.

თუმცა, თუკი საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშს ჩავხედავთ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ რეგიონებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემის, მისი გადაჭრის გზებისა და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის დონე ძალიან დაბალია. ახალგაზრდებს არ აქვთ ინფორმაცია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ისევე როგორც სკოლებს, უძნელდება კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, ვინაიდან ენობრივი ბარიერი საგრძნობლად აფერხებს მუშაობის პროცესს და განაპირობებს ასევე სერვისების ნაკლებობას. შედეგად კი, ზარალდება ისეთი მოწყვლადი ჯგუფი, როგორიც ძალადობის მსხვერპლი ბავშვები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG