Accessibility links

logo-print

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ - საქართველოს მცირედ გაუარესებული მდგომარეობა აქვს


კორუფციის აღქმის რუკა

კორუფციის აღქმის რუკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI), რომლის მეშვეობითაც 177 ქვეყნის საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმის დონე იზომება, საქართველო 49 ქულით 55-ე ადგილზეა. შარშან საქართველო 176 ქვეყანას შორის 52 ქულით 51-ე ადგილზე იმყოფებოდა. კორუფციის აღქმის მაჩვენებელი საქართველოში კვლავაც უფრო მაღალია, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მაგრამ, მდგომარეობის რამდენიმე პუნქტით გაუარესების მიუხედავად, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას - ხორვატიას და ჩეხეთის რესპუბლიკას. კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დანიაში, ახალ ზელანდიაში, ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და სინგაპურშია. ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად ერაყი, ლიბია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, ავღანეთი, ჩრდილოეთ კორეა და სომალი აღიქმებიან. რა შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში საქართველოში, კორუფციის აღქმის თვალსაზრისით?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის ერეკლე ურუშაძის სიტყვებით, კვლევის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ცვლილება არ არის ისეთი საგანგაშო, რომ შორსმიმავალ გრძელვადიან გაუარესებაზე საუბარი შეიძლებოდეს. ამასთან, 2013 წლის ქულა შეიძლება წინა წლების ტენდენციებსაც ასახავდესო, ამბობს ერეკლე ურუშაძე, ვინაიდან გარკვეული დაყოვნება ასეთ კვლევებს ყოველთვის ახასიათებს. თუმცა კორუფციის აღქმის ინდექსში რამდენიმე ქულით მდგომარეობის გაუარესების მთავარ განმაპირობებლად ერეკლე ურუშაძე გასულ წელს ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით საჯარო სამსახურში ათასობით თანამშრომლის გათავისუფლებას და მათ ნაცვლად ახალი კადრების ხშირად კონკურსის გვერდის ავლით აყვანას ასახელებს და იმ მიზეზებზეც საუბრობს, რამაც განაპირობა გასულ წლებში საქართველოში კორუფციის ერთ-ერთი ფორმის, სახელდობრ, ელიტური კორუფციის გავრცელება:

„მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა საქართველოში მაღალი დონის კორუფციის რისკის არსებობა, ეს იყო ძალაუფლების კონცენტრაცია თანამდებობის პირთა ძალიან ვიწრო ჯგუფის ხელში - პრინციპში, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ხელში. აღმასრულებელი ხელისუფლების ძალიან მაღალ რგოლებში ძალაუფლების კონცენტრაციის დონე იყო ძალიან მაღალი. ამავე დროს, ქვეყანაში სუსტი იყო პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება, სუსტი იყო მედია, იგივე სახელმწიფო აუდიტის სამსახური. პრინციპში, არ არსებობდა არანაირი მაკონტროლებელი მექანიზმები, რომლებიც მოგვცემდა საშუალებას, რომ საზოგადოებას გაეკონტროლებინა ხელისუფლების მცირე ჯგუფის საქმიანობა, რომლის ხელშიც რეალურად კონცენტრირებული იყო ძალაუფლება“.

მიმდინარე წლის გაზაფხულიდან სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ვებგვერდზე ქვეყნდება ყველა კონტრაქტი, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დადებული, მათ შორის, ისინიც, რომლებიც გამარტივებული შესყიდვის წესით იდება, რაც ადრე, წინა წლებში, არ ხდებოდა...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის ერეკლე ურუშაძის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მაინც სუსტია ანტიკორუფციული მექანიზმები, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც, რომელსაც წინა წლებში საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა რესურსების თვალსაზრისითაც და, ბოლო წლებში, პოლიტიკური დამოუკიდებლობის თვალსაზრისითაც, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უარყოფითი ტენდენციების პარალელურად, პოზიტიური ცვლილებები მაინც შეინიშნება კორუფციასთან ბრძოლის მხრივ:

„მიმდინარე წლის გაზაფხულიდან სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ვებგვერდზე ქვეყნდება ყველა კონტრაქტი, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დადებული, მათ შორის, ისინიც, რომლებიც გამარტივებული შესყიდვის წესით იდება, რაც ადრე, წინა წლებში, არ ხდებოდა. აღასანიშნავია ის გარემოება, რომ თავდაცვის სამინისტრო ახლა თავისი შესყიდვების გაცილებით დიდ ნაწილს აკეთებს ღია ტენდერების გზით, ვიდრე ეს ხდებოდა წინა წლებში, თუმცა მაინც შეინიშნება კომპლექსური მიდგომების ნაკლებობა ანტიკორუფციული მიდგომებისადმი, ანუ ერთიანი კონცეფცია ანტიკორუფციული რეფორმის, შეიძლება ითქვას, რომ არც წინა წლებში გვქონია და არც ახლა გვაქვს“.

მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე მდგომარეობა გაუარესდა. შესაძლოა, სხვაგან გაუმჯობესდა. თუმცა ყველაფერი სტაბილურია, იგივეა, და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ არ დავუშვათ კორუფცია და მე ვერ მეტყვით ვეღარც ელიტარული და ვეღარც არაელიტარული კორუფციის მაგალითებს...
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიციის მცირედით გაუარესების თაობაზე დასმულ შეკითხვაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 3 დეკემბრის პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორუფციის მაგალითები ქვეყანაში არ არსებობსო:

„მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე მდგომარეობა გაუარესდა. შესაძლოა, სხვაგან გაუმჯობესდა. თუმცა ყველაფერი სტაბილურია, იგივეა, და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ არ დავუშვათ კორუფცია და მე ვერ მეტყვით ვეღარც ელიტარული და ვეღარც არაელიტარული კორუფციის მაგალითებს. ჩვენ ძალიან მკაცრნი ვართ ჩვენი საკუთარი თანაგუნდელების მიმართ იმისათვის, რომ ქვეყანაში არ დავუშვათ კორუფცია და სახელმწიფომ შეასრულოს თავისი ფუნქციები“.

კორუფციის არარსებობაზე საუბრობდა წინა ხელისუფლებაც, ამბობს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე. მისი ორგანიზაციის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფციის არსებობას სასამართლო პრაქტიკა უჩვენებდა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესზე ზეწოლის თაობაზე მიმდინარე სასამართლო პროცესების 90-%-ში გამარჯვებულად სახელმწიფო სახელდებოდა. ამგვარი ზეწოლის შესახებ უკანასკნელ პერიოდში ნინო ევგენიძეს აღარ სმენია, თუმცა, მისი სიტყვებით, მთავარი ანტიკორუფციული კანონმდებლობა და ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, გამოვლინდეს კორუფციის თუნდაც მცირემასშტაბიანი შემთხვევები:

„მთავარია, სახელმწოფო რამდენად ეფექტურად ებრძვის ამ ცალკეულ შემთხვევებსაც კი და როცა ელიტურ კორუფციაზე ვსაუბრობთ, ანუ უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციაზე და ბიზნესთან სახელმწიფოს ურთიერთობაზე როცა ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ ამგვარი დამოკიდებულება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის მომავალში აუცილებლად ძალიან გამჭვირვალე და ღია უნდა იყოს“.

ნინო ევგენიძის სიტყვებით, უნდა გაძლიერდეს ანტიკორუფციული საბჭოს როლი და პოლიტიკური ნება, გაძლიერდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა. იგივე რეკომენდაცია აქვს „საერთაშორისო გამჭვირვალობასაც“. ექსპერტების შეფასებით, კორუფცია საქართველოში ენდემური პრობლემა აღარ არის და ახლა მთავარი აქცენტი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრაზე კეთდება.
XS
SM
MD
LG