Accessibility links

საქართველო კორუფციის რისკის მაჩვენებელ და აღქმის ინდექსებში


კორუფციის აღქმისა თუ კორუფციული რისკების მაჩვენებელი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა თუ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი კვლევა, რომელიც ქვეყანას ამ თვალსაზრისით აფასებს, მნიშვნელოვანია და ყურადღებას იმსახურებს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით საინტერესოა Trace International-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც 197 ქვეყანას მოიცავს და რომლის მიხედვითაც, საქართველო მე-11 პოზიციას იკავებს.

ეს რეიტინგები ითვლება სპეციალურად ბიზნესისთვის, რომელსაც საკუთარი რისკების გათვლის საშუალებასაც აძლევს. შესაბამისად, შეფასება ეფუძნება ოთხ კრიტერიუმს: ბიზნესის ურთიერთობა მთავრობასთან, რაც გულისხმობს რეგულაციების სიმარტივესა და ქრთამის მოთხოვნის მოლოდინის არარსებობას ბიზნესსექტორში; ანტიკორუფციული კანონები და მათი აღსრულება; სახელმწიფო
სერვისების გამჭვირვალობა; სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის შესაძლებლობა, რაც მოიცავს მედიის თავისუფლებასა და სოციალური განვითარების დონეს.

საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ბიზნესსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში აქვს; ამ მაჩვენებლით კი რეიტინგში სინგაპური ლიდერობს. სახელმწიფო სერვისების გამჭვირვალობით ქვეყანა ასევე ლიდერებს შორისაა და მე-5 ადგილს იკავებს.

შედარებით ნაკლებად წარმატებული, თუმცა 197 ქვეყანაში მაინც კარგი - 35-ე -ადგილი აქვს საქართველოს ანტიკორუფციული კანონებისა და მათი აღსრულების კუთხით.

ყველაზე სუსტი მხარე ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის შესაძლებლობაა. ამ კრიტერიუმით საქართველო 71-ე ადგილასაა.

ორგანიზაციის ცნობით, ოთხ კატეგორიაში მიღებული ქულების დაჯამებით იღებენ საერთო ქულასა და მაჩვენებელს ქვეყანაში. თითოეული ქვეყანა იღებს 1-დან 100 ქულამდე. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით მეტია კორუფციის რისკი. Trace International-მა საქართველო კოფურციის დაბალი რისკის ქვეყნებს მიაკუთვნა.ზოგადი მაჩვენებლით საქართველო წინ უსწრებს ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია (მე-12 ადგილი), ჰოლანდია (მე-13 ადგილი),
საფრანგეთი (მე-14 ადგილი), შვეიცარია (მე-16), დიდი ბრიტანეთი (მე-19), ავსტრია (მე-20 ადგილი).

ამ ინდექსის წყაროა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგისა და კვლევის მონაცემები: მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის, გაეროს განვითარების პროგრამის, „Freedom House“-ის, ორგანიზაციის −„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის, „Global Integrity“-სა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის.

ინდექსის განახლება 2 წელიწადში ერთხელ იგეგმება. მომდევნო კვლევის შედეგები 2016 წელს გამოქვეყნდება.მანამდე კი, 2014 წლის დეკემბერში, კორუფციის შეფასების კიდევ ერთ ინდექსი - კორუფციის აღქმის ინდექსი - გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI), რომლის საშუალებითაც 177ქვეყნის საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმის დონე იზომება, საქართველო 55-ე ადგილზეა.

კორუფციის აღქმის მაჩვენებელი საქართველოში კვლავაც უფრო მაღალია, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ესტონეთი 28-ე ადგილზეა, ლიტვა - 43-ეზე, ხოლო ლატვია - 49-ეზე), მაგრამ საქართველო ამ მაჩვენებლითაც უსწრებს ზოგიერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას: ხორვატიას და ჩეხეთის რესპუბლიკას, რომლებიც 57-ე ადგილს იყოფენ, სლოვაკეთს (61 ე ადგილი), იტალიასა და
რუმინეთს, რომლებიც 69-ე ადგილს იყოფენ, ბულგარეთს (77-ე ადგილი) და საბერძნეთს (მე-80 ადგილი). თურქეთი საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს და 53-ე ადგილზეა.

შესაბამისად, კორუფციის რისკებისა და აღქმის მაჩვენებლებით ქვეყანა ახერხებს შეინარჩუნოს მოწინავე ადგილები მსოფლიოს სხვადასხვა რეიტინგში. ცხადია, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია იმ ბიზნესებთან სასაუბროდ, რომელთაც პერსპექტივაში ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება შეიძლება მოისურვონ.

XS
SM
MD
LG