Accessibility links

logo-print

სასამართლო სისტემაში კორუფციის საფრთხეებთან დაკავშირებით 10 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმსჯელა, თუმცა კონკრეტული ფაქტები არ დასახელებულა. დახურულ სხდომაში მონაწილეობდნენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კორუფციის საფრთხეზე ამახვილებდნენ ყურადღებას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე პრევენციის აუცილებლობაზე საუბრობს. რა მდგომარეობაა სასამართლო სისტემაში არასამთავრობო სექტორის დაკვირვებით?

„სისტემაში არსებულ კორუფციულ საფრთხეებზე ზოგიერთი მოსამართლის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების განხილვა“ – ასეა ჩამოყალიბებული პირველი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხშაბათის სხდომის დღის წესრიგში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც რამდენიმე დღის წინ სისტემაში არსებულ კორუფციის რისკებზე ლაპარაკობდა და რომელსაც ასეთი აქცენტები ოპონენტებმა პოლიტიკურ მიკერძოებად ჩაუთვალეს. 10 ივნისის სხდომაზე მას კორუფციის ფაქტები არ დაუკონკრეტებია და როგორც მედიასთან საუბრისას აღნიშნა, კორუფციის რისკები სისტემაში „რყევებისა და არასტაბილურობის“ ფონზე გაჩნდა და ამ საქმეს პრევენციული ღონისძიებები მოაგვარებს.

ნინო გვენეტაძე

ნინო გვენეტაძე

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შევიმუშავოთ მართლმსაჯულების სტრატეგია, რომელშიც კორუფციის პრევენციას ცალკე დიდი თავი მიეძღვნება – უთხრა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ – ნინო გვენეტაძემ და იქვე განმარტა, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა დაგეგმილი:

„პრევენციულ ღონისძიებებში, რასაკვირველია, იგულისხმება ყველა იმ შესაძლო საფრთხეზე დროული რეაგირება, რომელმაც შეიძლება მოიცვას მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლება, რაოდენობის გაზრდა, სასამართლო შენობების დამატება, სასამართლო სხდომის დარბაზების გამრავალფეროვნება, ვადების გაჭიანურების საკითხი და სხვა – განსაკუთრებით – მოსამართლის მუდმივობისა და, ასე ვთქვათ, შეუცვლელობის მაღალი სტანდარტის დაცვა“.

მართალია, კონკრეტული ფაქტები არც დახურულ სხდომაზე და არც საჯაროდ დასახელებულა, მაგრამ კორუფციის რისკების საკითხის წამოწევა საქართველოს მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორის, ნაზი ჯანეზაშვილისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ სფეროშიც არასტაბილური მდგომარეობაა. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ვერ მოხერხდა სრულფასოვანი სისტემის შექმნა:

„ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ დამოკიდებულებები თავად სასამართლოს მხრიდან, მიდგომები სხვადასხვა ხელისუფლების მხრიდან იცვლება და არასტაბილურ ვითარებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ჩვენ უნდა შევქმნათ მყარი ინსტიტუტი, რომ, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, შეუძლებელი იყოს მასში რაიმე სახის ჩარევა და შეუძლებელი იყოს, რომ კორუფციის საფრთხე არსებობდეს. ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ეს ვერ შევძელით და მუდმივად დამოკიდებული ვართ კონკრეტულ პირებზე“.

თუკი მოსამართლე იმყოფება გარკვეული ჯგუფის, მთავრობის, პოლიტიკური პარტიის ან რაიმე სხვა ჯგუფის გავლენის ქვეშ და მის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას, ესეც შეიძლება მიჩნეულ იქნეს კორუფციად...

ბოლო წლებში ასეთი გამოკვლევა აღარ ჩატარებულა, მაგრამ როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამის ხელმძღვანელი ერეკლე ურუშაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, „გლობალური კორუფციის ბარომეტრის“ გამოკვლევის თანახმად, 2013 წლამდე, წლების განმავლობაში – სასამართლოს მოქალაქეები ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფო ინსტიტუტად მიიჩნევდნენ. ერეკლე ურუშაძის განმარტებით, კორუფცია მხოლოდ მექრთამეობას არ ნიშნავს და მას მრავალნაირი გამოვლინება ახასიათებს:

„კორუფციაა თანამდებობის გამოყენება კერძო სარგებლისთვის, გამორჩენისთვის ან კერძო მიზნებისთვის. ეს შეიძლება იყოს ერთი ადამიანის პირადი გამორჩენა, ასევე ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა თუ სხვა ჯგუფების მიერ მიღებული სარგებელი. ამიტომ, ვთქვათ, კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ სასამართლოში, აუცილებელი არ არის, რომ მოსამართლე იღებდეს ფულს გარკვეული გადაწყვეტილების სანაცვლოდ (ქრთამის აღება კორუფციის ერთ-ერთი სახეობაა და არა – ერთადერთი). თუკი მოსამართლე იმყოფება გარკვეული ჯგუფის, მთავრობის, პოლიტიკური პარტიის ან რაიმე სხვა ჯგუფის გავლენის ქვეშ და მის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას, ესეც შეიძლება მიჩნეულ იქნეს კორუფციად“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ ჩინჩალაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერი ცერცვაძემ უარყვეს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას ბრალდება იმის თაობაზე, რომ თითქოს ისინი, ე.წ. „კაბელების საქმის“ გაყალბების მიზნით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან იმყოფებოდნენ და გარიგებაც შედგა. მოსამართლეები ასეთ ბრალდებას სასამართლოს შეურაცხყოფად და მასზე ზეწოლის მცდელობად მიიჩნევენ. თუმცა, ირაკლი ალასანია 10 ივნისს ამავე ეჭვებზე ლაპარაკობდა და აღნიშნავდა, რომ მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG