Accessibility links

კოსოვოში ახალი პარტია ცინიკოსთა ხმების მოზიდვას ცდილობს


კოსოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

კოსოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

3 ნოემბერს კოსოვოში გაიმართება ადგილობრივი და მუნიციპალური არჩევნები, რომელსაც ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გამოარჩევს: კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს ახალი პარტია, რომელიც არჩევნების პროცესს პოლიტიკურ თეატრად აქცევს. ამ თემაზე ჩვენი რადიოს ბალკანური რედაქციის მიერ მომზადებულ მასალას წარმოგიდგენთ.

მაწანწალა ძაღლებს გაწვრთნიან და ზამთარში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩააბამენ; ყველა საჯარო შენობის შესასვლელში პისუარები დამონტაჟდება; პრიშტინის ცენტრი „ფორმულა ერთს“ უმასპინძლებს.

ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ ექსცენტრიული დაპირებებიდან, რომელთაც ახალი ჯგუფი - „ძლიერი პარტია“ - გამოთქვამს კოსოვოში 3 ნოემბერს დანიშნული ადგილობრივი და მუნიციპალური არჩევნებისწინა კამპანიის მსვლელობაში. ეს პარტია, რომლის სახელის ზუსტი თარგმანი იქნება „კოსოვოს ძლიერი კაცების პარტია“, სულ უფრო პოპულარული ხდება თავისი იუმორისტული და სარკასტული ნაბიჯებით. პარტია აცხადებს, რომ დედაქალაქ პრიშტინაში მერისა და ქალაქის საკრებულოს თანამდებობებისთვის იბრძვის.

ამ პარტიის ექსცენტრიულმა მიდგომამ, როგორც ჩანს, გარკვეული შედეგი გამოიღო და პრიშტინის ახალგაზრდა, პოლიტიკური მეინსტრიმით დაღლილი და ცინიკურ განწყობაზე მყოფი ელექტორატის ნაწილის მიზიდვა შეძლო. ბევრი ვარაუდობს, რომ ეს პარტია ქალაქის საკრებულოში, სულ მცირე, რამდენიმე ადგილის მოპოვებას შეძლებს, რაც მას მომავალ წელს დანიშნული საყოველთაო არჩევნებისკენ გაუხსნის გზას.

როგორც ყველა მერისთვის, ჩემი პრიორიტეტი ჩემი ოფისის გარემონტება იქნება. რასაკვირველია, ახლა რაცაა ოფისში, ყველაფერს გადავყრი. დავიწყებ სკამით, სხვა ავეჯით, კომპიუტერებით, მანქანებით...
„ძლიერი პარტიის“ ხელმძღვანელმა და მერის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, ვისარ არიფაიმ, რომელიც საკუთარ თავს „ლეგენდარული პრეზიდენტის“ ტიტულით მოიხსენიებს და ხშირად ჩნდება შორტებში გამოწყობილი, ჰალსტუხით, რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს თავისი პრიორიტეტები ასე აუხსნა:

„როგორც ყველა მერისთვის, ჩემი პრიორიტეტი ჩემი ოფისის გარემონტება იქნება. რასაკვირველია, ახლა რაცაა ოფისში, ყველაფერს გადავყრი. დავიწყებ სკამით, სხვა ავეჯით, კომპიუტერებით, მანქანებით. დიახ, მერი როგორც კი გავხდები, ეს იქნება ჩემი პირველი ამოცანა“.

კოსოვოში სანდო გამოკითხვები არ ტარდება, თუმცა, არსებული მონაცემებით, „ძლიერი პარტიის“ მხარდაჭერა 4-დან 7 პროცენტამდე მერყეობს. პარტია მხოლოდ ივნისში შეიქმნა და რეგისტრაციაც მაშინ გაიარა, თუმცა პარტიის ფეისბუკის გვერდს უკვე 61,000-ზე მეტი მომწონებელი ჰყავს.
პარტია იუმორით და სარკაზმით პასუხობს კოსოვოს პოლიტიკური თუ სოციალური ყოფის ბევრ პრობლემას.

მაგალითად, უმუშევრობას, რომელიც 40 პროცენტს შეადგენს, პარტია ასე ეხმაურება: რეალურად, პრობლემა ისაა, რომ 60 პროცენტს ჯერ კიდევ მუშაობა უწევსო. „ფეისბუკით“ გავრცელებულ ინტერივუში არიფაი ამბობს, რომ მას ძალიან აწუხებს ჩერნოგორიელების შესახებ არსებული სტერეოტიპი, თითქოს ისინი ზარმაცები არიან. „კოსოვოელებიც ზარმაცები არიან და ეს უნდა დავაფასოთო“, - აცხადებს ის. პარტია პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში 100 პროცენტიანი უმუშევრობისთვის იბრძოლებს.

გპირდებით, რომ ყოველთვის დაგპირდებით რაღაცებს. დაპირებები ლამაზია და მოსაწონი. მოქალაქეებს გულზე მოეშვებათ - დაინახავენ, რომ ამ ქვეყანაში ვიღაც ფიქრობს პრობლემების გადაწყვეტაზე...
როცა კოსოვოში ეთნიკურ ალბანელებსა და სერბებს შორის არსებულ დაძაბულობაზე ეკითხებიან, არიფაი პასუხობს, თანამშრომლობის საუკეთესო გზა განცალკევებააო. პარტია აცხადებს, რომ ამ განცალკევების პრინციპს არა მხოლოდ ეთნიკური ნიშნით, არამედ სხვა პარამეტრებითაც გაატარებს - მათ შორის, სპორტის საყვარელი სახეობებისა და საყვარელი კერძების თვალსაზრისით.

თავისი კამპანიის მთავარი დაპირებები 26 წლის არიფაიმ ასე ჩამოაყალიბა:

„გპირდებით, რომ ყოველთვის დაგპირდებით რაღაცებს. დაპირებები ლამაზია და მოსაწონი. მოქალაქეებს გულზე მოეშვებათ - დაინახავენ, რომ ამ ქვეყანაში ვიღაც ფიქრობს პრობლემების გადაწყვეტაზე. ეს არ ნიშნავს, რომ დაპირებები შესრულდება, მაგრამ თავისთავად დაპირებები საკმარისია ხალხის დასაკმაყოფილებლად. ის, თუ როგორ შესრულდება ეს დაპირებები, ძალიან უმნიშვნელო ამბავია“.

კოსოვოს საარჩევნო კანონით, ყველა პარტიის სიის, სულ მცირე, 30 პროცენტი ქალები უნდა იყვნენ. „ძლიერმა პარტიამ“ ეს ფორმულაც თავდაყირა დააყენა - მის სიაში კაცები შეადგენენ 30 პროცენტს.

არიფაი აცხადებს, რომ მერის პოსტს არ დასჯერდება და „გრძელვადიან პერსპექტივაში“ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობებისთვისაც იბრძოლებს.

კოსოვოში ადგილობრივი და მუნიციპალური არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.
XS
SM
MD
LG