Accessibility links

კოსოვოს პრეზიდენტი რადიკალურად განწყობილ სერბებს დაემუქრა


პრეზიდენტი ატიფეტე იაჰიაგა აფრთხილებს რადიკალურად განწყობილ ეთნიკურ სერბებს, არ შეარყიონ კოსოვოს ცენტრალური ხელისუფლება. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბების მიერ ორგანიზებულმა ძალადობამ ჩრდილი მიაყენა კვირას გამართულ მუნიციპალურ არჩევნებს.

სერბეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ბელგრადიდან მოუწოდა კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბებს, მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც პირველად ჩატარდა კოსოვოში მას შემდეგ, რაც 2008 წელს პრიშტინამ სერბეთიდან გამოყოფა გამოაცხადა. თუმცა კოსოვოში მცხოვრები ბევრი ამომრჩეველი ჩივის, რომ ისინი დააშინეს რადიკალურად განწყობილმა სერბებმა. მათ შორის არის მიტროვიცაში მცხოვრები ქალი დრაგიჩა ჩერიჩი, რომელმაც ჩვენს რადიოს უთხრა, რომ, მუქარის მესიჯების მიუხედავად, მაინც მისცა ხმა:

„ჩვენ დღეს ხვალინდელ უკეთეს მომავალს მივეცით ხმა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვწამს. ჩვენ დავუჯერეთ სერბეთის პრეზიდენტს ტომისლავ ნიკოლიჩს და სერბეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ალექსანდრ ვუჩიჩს. მე ხმა მივეცი, რადგან არაფერი მაბადია. ჩვენ ტელეფონით მუქარის მესიჯები მივიღეთ, რამაც მიბიძგა წავსულიყავი და ხმა მიმეცა. ეს სამარცხვინოა. მეშინოდა, როდესაც ხმის მისაცემად მივდიოდი. ისინი გველოდნენ და გვემუქრებოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება. იმედი ბოლოს კვდება“.

კვირას კოსოვოში გამართულ არჩევნებში 46 პროცენტს მიაღწია ამომრჩეველთა გამოცხადების დონემ. გამონაკლისი იყო მხოლოდ ეთნიკური სერბების უმრავლესობით დასახლებული ჩრდილო კოსოვო, რომელიც არ ცნობს 2008 წელს გამოცხადებულ კოსოვოს დამოუკიდებლობას. ნიღბიანმა ადამიანებმა დაარბიეს მიტროვიცის ჩრდილოეთში განლაგებული ძირითადი საარჩევნო უბნები, ააფეთქეს ცრემლსადენი გაზის კანისტრები და გაანადგურეს საარჩევნო უბნები. ინციდენტის შედეგად, სამი საარჩევნო უბნიდან დამკვირვებლების ევაკუაცია მოხდა.

ამ ეტაპზე ვერ შევძელი ხმის მიცემა. ყველა ამ საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის მხოლოდ ორი წევრი იმყოფებოდა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად კი, სულ მცირე, კომისიის სამი წევრი მაინც უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო უბანზე...
მიტროვიცის მერის არჩევნებში კანდიდატი იყო კრსტიმირ პანტიჩი, ბელგრადზე ორიენტირებული სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფ „სპრსკას“ წევრი, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვერ შეძლო მიეღო მონაწილეობა არჩევნებში:

„ამ ეტაპზე ვერ შევძელი ხმის მიცემა. ყველა ამ საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის მხოლოდ ორი წევრი იმყოფებოდა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად კი, სულ მცირე, კომისიის სამი წევრი მაინც უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო უბანზე. განსაკუთრებით კი იმან გამაოცა, რომ უბანზე ეუთოს არც ერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. ეს კი ეჭვის ქვეშ აყენებს მათი განცხადების გულწრფელობას იმის თაობაზე, რომ ხმის მიცემის პროცესი დემოკრატიულ და ნორმალურ ატმოსფეროში ჩატარდა“.

კოსოვოს პრეზიდენტი იაჰიაგა აცხადებს, რომ არჩევნების დროს მომხდარი ძალადობა ბოლომდე იქნება გამოძიებული, ხოლო თუკი შემდგომში საერთაშორისო დამკვირვებლებს ან დიპლომატიურ წარმომადგენლებს საფრთხე დაემუქრებათ, „კანონის უზენაესობის დასამყარებლად ხელისუფლება უსწრაფესად გამოიყენებს უსაფრთხოების მექანიზმებს“.

ბელგრადი ოფიციალურად კვლავაც უარყოფს კოსოვოს დამოუკიდებლობას, თუმცა კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მოუწოდა მონაწილეობა მიეღოთ მუნიციპალურ არჩევნებში, რაც პრიშტინასთან ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო მოწესრიგების შემადგენელი ნაწილია.

2013 წლის აპრილის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ბელგრადს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ბრიუსელთან მოლაპარაკება დაეწყო.
XS
SM
MD
LG