Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ადამიანთა ტრეფიკინგის შავ სიას აფართოებს


მსოფლიოს ოცამდე ქვეყანა საკმარისს არ კეთებს ადამიანთა ტრეფიკინგთან საბრძოლველად - პრობლემასთან, რომელსაც 27 მილიონამდე კაცი, ქალი და ბავშვი ემსხვერპლა. ასეთია დასკვნა, რომელსაც ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში ტრეფიკინგის პრობლემის შესახებ. შავ სიაში შეყვანილ ქვეყნებს შორის არის ირანი და ახლა უკვე თურქმენეთიც.
ადამიანთა ტრეფიკინგი ადამიანებით უკანონო ვაჭრობაა, მათი სექსუალური ექსპლუატაციის, ძალდატანებითი შრომის ან დამონების მიზნით. ტრეფიკინგის მსხვერპლი, უწინარესად, ქალები და ბავშვები ხდებიან.

ამ დანაშაულებრივ პრაქტიკასთან ბრძოლას გაერო მოითხოვს 2000 წელს იტალიის ქალაქ პალერმოში შემუშავებული პროტოკოლით. მას ებრძვიან ცალკეული ქვეყნების მთავრობები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ ის მაინც მსოფლიოს ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება.

ადამიანთა ტრეფიკინგთან ბრძოლის ეფექტიანობას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურ ანგარიშში აღრიცხავს. წლევანდელ ანგარიშში ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ თითქმის გააორმაგა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც შესაძლოა აშშ-ის სანქციები შეეხოს ტრეფიკინგთან არასაკმარისად ბრძოლისთვის.
ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს 23 ქვეყანას, რომლებიც პრობლემასთან ბრძოლის მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებსაც კი არ აკმაყოფილებენ. შარშან კი ეს სია მხოლოდ 13 ქვეყანას მოიცავდა.

ანგარიში აუდიტორიას სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა წარუდგინა. „სამწუხაროდ, იმ სიიოლის გამო, რომელიც ახასიათებს ტრანსპორტირებას და გლობალურ კომუნიკაციებს, რომელსაც სოფლების სიღრმეში შეუძლია შეღწევა, უკეთესი ცხოვრების დაპირებებით და იერსახეებით, ახლა უფრო მეტი ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, ვიდრე უწინ - 27 მილიონამდე კაცი, ქალი და ბავშვი. მთავრობებს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვთ გადადგმული, მაგრამ შედეგების მისაღწევად განცხადებები რეალურ ქმედებებთან უნდა იყოს შერწყმული“, - თქვა მან.

სულ ანგარიშში 184 ქვეყანაა შესწავლილი. საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის მოთავსებული, რომლებსაც საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ. ის ამ შეფასებას 2007 წლის შემდეგ ინარჩუნებს.

„საქართველოს მთავრობა მთლიანად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებს. წლის განმავლობაში მთავრობამ გააგრძელა საწვრთნელი და ინფორმირებულობის ასამაღლებელი პროგრამების განხორციელება, რათა ყველა პოლიციელს და მესაზღვრეს გაეარა ტრეფიკინგის საწინაააღმდეგო საგანგებო ტრენინგი“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ საქართველო უწინარესად ტრეფიკინგის წყარო ქვეყანაა და ნაკლებად არის სატრანზიტო და დანიშნულების ადგილი სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების და გოგონებისთვის, ისევე როგორც იძულებითი შრომის მსხვერპლი კაცებისა და ქალებისთვის. იქვე წერია, რომ 2010 წლის განმავლობაში საქართველოდან ქალები და გოგონები გახდნენ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე თურქეთსა და ეგვიპტეში. საქართველოდან „კაცებს და ქალებს იძულებით ამუშავებენ როგორც საქართველოში, ისე ლიბიაში, ეგვიპტესა და თურქეთში“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

რეკომენდაციის სახით, საქართველოს მოუწოდებენ გააძლიეროს ბრძოლა როგორც სექსუალურ, ისე შრომით ტრეფიკინგში დამნაშავეთა წინააღმდეგ და უფრო მეტი გააკეთოს მსხვერპლთა დასახმარებლად.

რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის შავ სიას, - იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც, ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებსაც არ იცავენ, - მასში მოხვდნენ კუბა, ირანი, ბირმა, ჩრდილოეთი კორეა, სუდანი, ერიტრეა, ლიბია და ზიმბაბვე. ამავე სიაში არიან ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეები - მაგალითად, კუვეიტი და საუდის არაბეთი.
სიას წელს მხოლოდ ერთი ქვეყანა - დომინიკელთა რესპუბლიკა - გამოაკლდა.

თურქმენეთი კი იმ ქვეყნებს შორის არის, რომელიც წელს დაემატა შავ სიას. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის მან ყველაზე უარესი შეფასება მიიღო.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG