Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი „აღშფოთებულია“ პუტინის შესახებ აშშ-ის განცხადებებით


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

კრემლი „აღმაშფოთებელსა და შეურაცხმყოფელს“ უწოდებს ამერიკელი ოფიციალური პირების ბრალდებებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კორუფციაშია გახვეული.

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში ბოლო დღეების სკანდალი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კორუფციაში დადანაშაულებას უკავშირდება, დაიწყო 25 იანვარს, როცა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სიმ აჩვენა შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, ადამ ზუბინთან, ინტერვიუ.

ბი-ბი-სი მინისტრის მოადგილეს ეკითხება, ვლადიმირ პუტინი კორუმპირებულიაო? რაზეც იღებს პასუხს, ჩვენი აზრით, დიახ, არისო.

ამის შემდეგ, აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ასეთ პასუხს აძლევს შეკითხვას პუტინის სავარაუდო ქონების შესახებ: „ვერ წარმოგიდგენთ მონაცემებს, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ის (პუტინი) სახელმწიფოსაგან იღებს ხელფასს - წელიწადში, დაახლოებით, 110 ათასი დოლარის ოდენობით. ეს არ არის ზუსტი განცხადება, რომელიც ამ ადამიანის სიმდიდრეს ასახავს. მას აქვს დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, როგორ უნდა შენიღბოს ქონება, რომელსაც რეალურად ფლობს“.

ადამ ზუბინი
ადამ ზუბინი

ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში, კერძოდ, პროგრამა „პანორამაში“, ზუბინმა უპასუხა შეკითხვას პუტინთან დაახლოებულ პირებზეც. „ჩვენ ვნახეთ, როგორ ამდიდრებს პუტინი თავის მეგობრებს, თავის ახლო მოკავშირეებს და როგორ ახდენს იმ პირთა მარგინალიზებას, ვისაც მეგობრებად არ მიიჩნევს. საამისოდ ის იყენებს სახელმწიფო რესურსებს - იქნება ეს რუსეთის ენერგეტიკული სიმდიდრე თუ სხვა სახელმწიფო კონტრაქტები. ის ამ რესურსებს აძლევს ხალხს, ვისზეც ფიქრობს, რომ გამოადგებიან და არ აძლევს იმათ, ვინც არ გამოადგება“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, რომელიც ტერორიზმისა და საფინანსო დაზვერვის განყოფილებას ხელმძღვანელობს.

მომდევნო დღეს, 26 იანვარს, პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი კრიტიკით გამოეხმაურა ამ შეფასებას და მას „ოფიციალური ბრალდების“ ტოლფასი უწოდა. თუმცა გუშინ აშშ-ის მხრიდან გაკეთდა კიდევ ერთი განცხადება კორუფციასთან პუტინის შესაძლო კავშირზე. აი, როგორ უპასუხა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ირნესტმა შეკითხვას, იზიარებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეხედულებას, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ადამ ზუბინმა გამოთქვა: „იცით, ასეთ შეფასებას გამოთქვამს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო. ვფიქრობ, ეს არის შეფასება, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს აშშ-ის ადმინისტრაციის შეხედულებას“.

თეთრ სახლში ჩემი კოლეგის განცხადებას მიუღებლად მივიჩნევთ - როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ზოგადი პრაქტიკის, ისე ორმხრივი, ამერიკა-რუსეთის, ურთიერთობის თვალსაზრისით...
დმიტრი პესკოვი

თეთრი სახლის პრესმდივანმა ამ სიტყვებით, პრაქტიკულად, დაადასტურა კორუფციაში პუტინის ბრალდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მომდევნო დღესვე, 29 იანვარს, დაგმო ვაშინგტონში გაკეთებული განცხადება. „თეთრ სახლში ჩემი კოლეგის განცხადებას მიუღებლად მივიჩნევთ - როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ზოგადი პრაქტიკის, ისე ორმხრივი, ამერიკა-რუსეთის, ურთიერთობის თვალსაზრისით. ამ განცხადებას მივიჩნევთ აღმაშფოთებლად და შეურაცხმყოფელად. ცხადია, მოველით მორიგ განმარტებებს აშშ-ის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან“, - განაცხადა პესკოვმა რუსეთის ტელეარხ „როსია 24“-თან ტელეფონით საუბრისას.

ამდენად, კრემლმა კვლავ უარყო პუტინის კორუფციასთან კავშირში ბრალდება, როგორც ადრეც არაერთხელ უარუყვია. 2007 წელს აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პუტინის ქონება, სავარაუდოდ, 40 მილიარდ დოლარს აღწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG