Accessibility links

logo-print

ყველა რუს სპორტსმენს არ ეკრძალება რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაში მონაწილეობა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის სპორტსმენები რიოში გამგზავრების უფლებას მოიპოვებენ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებენ შესაბამისი საერთაშორისო სპორტული ფედერაციების თანხმობას. კომიტეტი აცხადებს, რომ მან ამ გადაწყვეტილებით დააბალანსა სპორტსმენების კოლექტიური პასუხისმგებლობა და ინდივიდუალური სპორტსმენების უფლებები, თუმცა დოპინგის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურების მესვეურები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ეგრეთ წოდებულ სუფთა სპორტს ავნებს. რუსეთის მხარე გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა საერთაშორისო ანგარიშები, რომლებიც აღწერს მასშტაბურ, სახელმწიფოს ხელშეწყობით მიმდინარე დოპინგის პროგრამას რუსეთში, ისევე როგორც ამ პრაქტიკის დამალვის მცდელობებს.

ამ ანგარიშების გამოქვეყნების შემდეგ საერთაშორისო ანტისადოპინგო ორგანიზაციები მოითხოვდნენ, რომ სოკს რუსეთის ყველა სპორტსმენისთვის აეკრძალა რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი რუსეთის სპორტსმენების ბედის გადაწყვეტა სპორტის საერთაშორისო ფედერაციებს გადაულოცა. სოკის პრეზიდენტის, თომას ბახის, განცხადებით, მათ, ერთი მხრივ, კოლექტიური პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის სპორტსმენებს, მაგრამ, ამავე დროს, გაითვალისწინეს სამართლიანობის პრინციპებიც. მან თქვა: „როგორც ამ გადაწყვეტილებიდანაც ჩანს, ჩვენ რუსი ათლეტებისათვის უდანაშაულობის პრეზუმფცია გავაუქმეთ და ამით მათ დავაკისრეთ კოლექტიური პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მაკლარენის ანგარიშშია ასახული. მეორე მხრივ, ბუნებრივი სამართლიანობა მოითხოვს ინდივიდებს ჰქონდეთ, სულ მცირე, შანსი იმისა, რომ უპასუხონ ამ ბრალდებებს“.

„უდანაშაულობის პრეზუმფციის გაუქმებაში“ თომას ბახი გულისხმობს იმას, რომ ახლა რუსეთის სპორტსმენებმა სპორტის საერთაშორისო ფედერაციებს უნდა წარუდგინონ მტკიცებულება იმისა, რომ ისინი „სუფთა“ არიან და დოპინგი არ გამოუყენებიათ.

ოლიმპიური კომიტეტის განცხადებას მადლიერებით გამოეხმაურნენ რუსეთში. კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მიესალმება „ამ პოზიტიურ გადაწყვეტილებას“ და რომ რუსეთმა, სოკმა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. განცხადება გააკეთა რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომაც, რომლის თქმითაც, გადაწყვეტილება მიიღეს, მსოფლიო სპორტის ერთიანობისა და ოლიმპიური ოჯახის ერთიანობის ინტერესებიდან გამომდინარე. „საქმე ისაა, რომ დოპინგი გლობალური პრობლემაა, ის მხოლოდ რუსეთის პრობლემა არ არის და მასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალებით - ყველა საერთაშორისო და ეროვნული ინსტიტუტებისა და საზოგადოების ძალისხმევითო“, თქვა ვიტალი მუტკომ, რომელიც მაკლარენის ანგარიშში დასახელებულია, როგორც ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა. ანგარიშის მიხედვით, მუტკო პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთის სპორტსმენების, კონკრეტულად, ფეხბურთელების მიერ დოპინგის გამოყენებას და შემდეგ დოპინგის გამოყენების კვალის წაშლას.

რუსეთის მხარემ განაცხადა ასევე, რომ არ გაასაჩივრებს სოკის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალოს რუსეთის ყველა იმ სპორტსმენს, რომელიც ოდესმე ყოფილა შემჩნეული დოპინგის მიღებაში, იმისდა მიუხედავად, მოხდილი აქვთ თუ არა მათ უკვე სანქცია. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჟუკოვმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მაგრამ გასაჩივრებისთვის დრო აღარ რჩება. ამ აკრძალვის შედეგად, რიო-დე-ჟანეიროში ვერ გამოვა რუსეთის რამდენიმე მედალოსანი ათლეტი, რომლებმაც უკვე მოიხადეს დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული სასჯელი. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ოლიმპიადაზე ვეღარ გამოვა ვეღარც 800 მეტრზე მორბენალი იულია სტეპანოვა, რომელიც პირველი ალაპარაკდა რუსეთის სპორტში დოპინგის მოხმარების მასშტაბების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას კმაყოფილებით შეხვდნენ რუსეთში, სადაც სტეპანოვა მოღალატედაა მიჩნეული. საერთაშორისო ანტისადოპინგო ორგანიზაციებმა კი პროტესტი გამოთქვეს, ეს სახიფათო პრეცედენტია, რომელიც მომავალში ხელს შეუშლის სპორტსმენებს მანკიერი პრაქტიკების გამოვლენაშიო.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება გამოთქვა ყველა საერთაშორისო ანტისადოპინგო ორგანომ - ყველა მათგანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომიტეტმა არაადეკვატური პასუხი გასცა რუსეთის სპორტში გავრცელებულ ენდემურ კორუფციას. ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაციების გლობალური ინსტიტუტის თავმჯდომარემ ჯოზეფ დე პენსიემ თქვა, „სუფთა სპორტისთვის სამწუხარო დღე დადგაო“. კრიტიკული დამოკიდებულება გამოხატა ავსტრალიის სპორტის მინისტრმა სიუზან ლეიმაც, რომელიც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს მმართველთა საბჭოშიც შედის. ის დაეთანხმა სააგენტოს აზრს, რომ ოლიმპიადაზე მონაწილეობა ყველა რუსი სპორტსმენისთვის უნდა აეკრძალათ.

თუმცა ახლა გადაწყვეტილებებს სპორტის საერთაშორისო ფედერაციები იღებენ. პირველი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია იყო, რომელმაც სოკის გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ რიოში ასპარეზობის უფლებას აძლევდნენ რუსეთის რვავე წარმომადგენელს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG