Accessibility links

logo-print

ჰაკერებმა, უკრაინული ჯგუფიდან „კიბერხუნტა“, სამშაბათს გამოაქვეყნეს ორი ათასამდე წერილი, რომელიც მათ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ვიაჩესლავ სურკოვის მისაღების ელექტრონული ფოსტის გატეხვით მოიპოვეს. წერილები ცხადყოფს, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი ყირიმის უკრაინისაგან მოწყვეტას ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მაიდანის მოვლენები დაიწყებოდა.

ბევრად ადრე, ვიდრე უკრაინის „ღირსების რევოლუცია“ მოხდებოდა, კრემლს დაწყებული ჰქონია სხვადასხვა ვარიანტის მოსინჯვა, რაც, უკრაინის ევროპული კურსის დამცველთა წარმატების შემთხვევაში, უკრაინისაგან ყირიმის ჩამოშორებას და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული პროექტის, „ნოვოროსიის“, მხარდაჭერას ითვალიწინებდა. ასეთი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა ის სკანდალური მიმოწერა, რომელიც ინტერნეტში გაავრცელა უკრაინულმა ჰაკერულმა ჯგუფმა „კიბერხუნტამ“.

გამოქვეყნებული წერილები მოიცავს 2013-2014 წლების შემოდგომა-ზაფხულის პერიოდს. სწორედ 2013 წლის ოქტომბერში დაბრუნდა კრემლში სურკოვი, მთავრობის აპარატიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, და დაინიშნა ვლადიმირ პუტინის თანაშემწედ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთქმედების საკითხებში.

ბევრი არაოფიციალური წყარო ვარაუდობს, რომ სურკოვი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ორი წლის შემდეგ კრემლში იმ მიზნით დააბრუნეს, რომ, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კურირების გარდა, უკრაინის საქმეებითაც დაკავებულიყო. ჰაკერული გზით მოპოვებული მიმოწერა ასეთ ვარაუდებს ადასტურებს და დეტალურად აჩვენებს, რომ რუსეთი იმთავითვე ემზადებოდა ყირიმის ანექსიისა და პროექტ „ნოვოროსიის“ ორგანიზებისათვის.

უკრაინელი ჰაკერები პირობას დებენ, რომ უახლოეს ხანში გამოაქვეყნებენ სურკოვის მისაღების გატეხილი საფოსტო ყუთიდან ახალ-ახალ ფრაგმენტებს. როგორც ჰაკერები ამბობენ, მათ მიეცათ წვდომა უფრო მოგვიანებითი პერიოდის – 2015-2016 წლების წერილებთან. თუმცა, მძარცველების თქმით, ეს ფაილები მათ გაუგზავნეს უკრაინულ სპეცსამსახურებს და ამიტომ ისინი, ჯერჯერობით, ვერ გამოაქვეყნებენ წერილებს, მათი „ოპერატიული დანიშნულების“ გამო.

ის, რომ ინტერნეტით გავრცელებული მიმოწერა არ არის ფალსიფიცირებული, ეს უკვე დაადასტურა რამდენიმე რუსულმა და საერთაშორისო საექსპერტო (Bellingcat, Atlantic Council, InformNapam) ჯგუფმა. სამშაბათ საღამოს, მიმოწერის ნამდვილობა ასევე დაადასტურა ლონდონში მცხოვრებმა რუსმა ბიზნესმენმა ევგენი ჩიჩევარკინმა. გამოქვეყნებულ წერილებში ფიგურირებს ჩიჩევარკინის მიერ სურკოვის სახელზე გაგზავნილი ნათან დუბროვიცკის წიგნის რეცენზიის შავი პირი. როგორც ირკვევა, ნათან დუბროვიცკი ეს ვიაჩესლავ სურკოვის ლიტერატურული ფსევდონიმია, ხოლო ზემოხსენებული რეცენზია რამდენიმე კვირაში ჟურნალ „რუსსკი პიონერში“ გამოქვეყნებულა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG