Accessibility links

logo-print
გასული საუკუნის დასაწყისში ჯაზურ მუსიკას მეტწილად ბენდები ასრულებდნენ, გამოკვეთილი ლიდერის გარეშე. შემდეგ ლუი არმსტრონგმა ინსტრუმენტი აალაპარაკა და დაამკვიდრა კიდეც სოლისტის ცნება. ამერიკული მუსიკის ისტორიაში სწორედ საჩმო მიიჩნევა იმ არტისტად, სოლირებას რომ პირველი მოჰყვა, რევოლუციური ნაბიჯი გადადგა და ჯაზის განვითარებას უმნიშვნელოვანესი სამსახურიც გაუწია. მაგრამ ეს არასრული სიმართლეა. იყო კიდევ ერთი კაცი, ვისაც არანაკლები წვლილი მიუძღვის „სოლისტების ეპოქის“ შექმნაში. კრეოლი, რომელმაც კლარნეტი და სოპრანო-საქსოფონი, ლუიზე ადრე თუ არა, არანაკლები ენამჭევრობით აამეტყველა. თუმცა მისი ღვაწლი ნაკლებად შემჩნეული და აღიარებულია. ამგვარი დაუფასებლობის მიზეზი კი თავად მუსიკოსის შემოქმედებაა, მისი მომთაბარე ყოფა-ცხოვრების წესი და ახირებული ხასიათი. სწორედ მას გავიხსენებ დღეს - სიდნი ბეშეს, რადგან 14 მაისს დაიბადა და ამავე დღეს გარდაიცვალა კიდეც.



სიდნი ბეშეს მამა თერძი გახლდათ. სამი ძმა ჰყავდა და დედაბუდიანად ყველა ნაირ-ნაირ ინსტრუმენტზე უკრავდა - რა თქმა უნდა, ჯაზს, უფრო სწორად კი, ახალორლეანურს, ოღონდ კრეოლურ ყაიდაზე. თავად სიდნი კი ადრეულ ასაკში კლარნეტს მიეძალა. სწავლა-განათლება მაგრად დაეზარა. ბადი ბოლდენის, ჯელი როლ მორტონის, ფრედი კეპარდისა თუ ძმათა მათთა დაკრულს უსმენდა და საშემსრულებლო უნარებს საკუთარ სმენასა და მარიფათს მინდობილი ეუფლებოდა. არც სმენამ უღალატა და მარიფათიანიც გამოდგა - 13 წლის ასაკში უკვე ამაყად იდგა ახალორლეანური კლუბების სცენაზე.

ბეშე, თავისი დაუდგრომელი ხასიათით, ჯანგო რეინჰარდტს ჰგავდა - მომთაბარე ბოშას, ერთ ადგილას დიდხანს რომ ვერ ჩერდებოდა. წამდაუწუმ იცვლიდა ბენდებსაც და ქალაქებსაც - ხან ალთას იყო, ხანაც ბალთას. ჯერ კორნეტისტ ფრედი კეპარდს შეეკრა, შემდეგ ბადი ბოლდენთან გამოჩნდა „ოლიმპიურ ბენდში“, 1911 წელს კინგ ოლივერის ბიჭებთან ერთად გასტროლირებდა, რაღაც ხანი ტრომბონისტ კიდ ორისთანაც შეჩერდა, თუმცა ისიც მალევე მიატოვა - მოხეტიალე ცირკს აეკიდა და რამდენიმე შტატი მოიარა ბალაგანური „ცუმპა-რუმპით“. 17 წლის რომ შეიქნა, ჯერ ჩიკაგოში გადაინაცვლა, შემდეგ კარგა ხნით ევროპაში გაემგზავრა - პარიზში, ლონდონსა და ბერლინში გასტროლირებდა. იმასაც ამბობენ, მოსკოვში ახალორლეანური ჯაზი წითლებსაც მოასმენინაო.



ხასიათს რაც შეეხება, ბეშე მეტად ჭირვეული და შფოთიანი ვინმე ბრძანდებოდა - სიტყვას არავის შეარჩენდა, ეგრევე სდრუზავდა და თავთხლეს გაადენინებდა ხოლმე. ამგვარი ფეთქებადი ტემპერამენტის გამო ციხის საკანშიც არაერთხელ გამოუკეტავთ. ქალებისა თუ ბანქოს თამაშის გამო დღენიადაგ შარში ეხვეოდა. ყურადღების ცენტრში ყოფნაც მეტისმეტად უყვარდა. მაგალითად, ლონდონში რაღაც ხანი ერთ „სამხრეთულ სინკოპირებულ ორკესტრში“ („Southern Syncopated Orchestra“) ირიცხებოდა. ამ თავყრილობის უსტაბაში მევიოლინე უილ მერიონ კუკი იყო, რომელსაც სიდნი გვარიანად აცოფებდა: რომელიმე კლასიკური ნაწარმოების შესრულებისას ორკესტრს თვითნებურად გამოეყოფოდა და სასეირო ჯაზურ იმპროვიზირებას მოჰყვებოდა, საოპერო არიებს სულ ახალორლეანურ ყაიდაზე აჯაზებდა.



30-იანი, 40-იანი წლების ამერიკაში ჯაზმენები მუსიკალური ბაზრის კანონებს არგებდნენ თავიანთ მუსიკას, მათ შორის - არმსტრონგი, ელინგტონი და ბენი გუდმენიც. ბეშე კი ჯიუტად რჩებოდა ახალორლეანური ტრადიციული სტილის ერთგული. დიდად არც ბიგ-ბენდების რიგითი წევრობა და დისციპლინის დაცვა-მორჩილება ეპიტნავებოდა. ასე არ იკადრა ელინგტონის ჭკუაზე სიარული, ევროპის პატარა ორკესტრებში დაკვრა არჩია, სადაც თავად ბრძანდებოდა პირველი ხმა. ჰოდა, მრავალწლიანი ხეტიალის მერე სამშობლოში დაბრუნებული გენიოსი მსმენელმა ვეღარც გაიხსენა, ჯაზურ სცენაზე მისთვის თავისუფალი ადგილი აღარ დარჩენილიყო. იქ ზემოხსენებული ბატონები მეფობდნენ, სიყრმისას მისგან ჯაზური ფრაზირების მუღამები რომ ისწავლეს და გაითავისეს.

თავი რომ გაეტანა, ბეშემ მამის ხელობას მიჰყო ხელი. რაღაც სამკერვალო ატელიე გააკეთა, ჭრიდა და კერავდა - წვალობდა, მოკლედ. მხოლოდ 40-ანი წლების ბოლოს გაახსენდათ, როცა ახალორლეანური სტილი კვლავ აქტუალური გახდა, ისიც პარიზში. ადგა და მეორე სამშობლოში დაბრუნდა - კრეოლი იყო, ბოლოს და ბოლოს. ჰოდა, რაც ამერიკელებმა დაფასება და აღიარება დააკლეს, ფრანგებს არ დაენანათ, ასევე აღესრულა 62 წლის ასაკში, დიდებასა და პატივში. ჰოდა, ბარემ მის საფლავზე მისივე ბაღიდან ერთი პატარა ყვავილიც დავდოთ, რომლის სურნელსაც კაცი არ მეგულება, არ იცნობდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG