Accessibility links

logo-print

ქრისტიანების ბედი ერაყის ქალაქ მოსულში


ერაყელი ქრისტიანები ქურთების ავტონომიურ რეგიონში

ერაყელი ქრისტიანები ქურთების ავტონომიურ რეგიონში

რავან ჯინანი 25 წლის ერაყელი ქრისტიანია. გასულ თვემდე ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულში ცხოვრობდა, ახლა კი შინიდან შორს, ლტოლვილთა ბანაკს აფარებს თავს და არც იმედი აქვს, რომ ოდესმე დაბრუნდება მშობლიურ ქალაქში. შინიდან წასვლა მას შემდეგ მოუხდა, რაც გასულ თვეში შეტყობინება მიიღო ისლამისტი მეამბოხეებისგან. ამ ყველაფრის შესახებ რავან ჯინანმა უამბო რადიო თავისუფლების ერაყული სამსახურის კორესპონდენტს, აბდელჰამიდ ზებარის.

რავან ჯინანმა და მისმა მეუღლემ 18 ივნისს წერილობითი შეტყობინება მიიღეს. მათ 24 საათს აძლევდნენ მოსულის დასატოვებლად, თუ არ სურდათ ისლამზე მოქცეულიყვნენ ან კიდევ ისლამისგან განსხვავებული რელიგიის მიმდევრობისათვის ყოველთვიური ხარკი ეხადათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ, თუ მოსულში დარჩებოდნენ, დახოცვით ემუქრებოდნენ. ასეთივე შეტყობინება მიუვიდათ მოსულის მკვიდრ დანარჩენ ქრისტიანებსაც ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოსაგან“. ისლამისტების ეს გაერთიანება ადრე ცნობილი იყო სახელწოდებით „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“. მოსულს ახლა სწორედ მისი მეომრები აკონტროლებენ.

რავან ჯინანი იხსენებს: "შეტყობინებას რომ ვკითხულობდით, მე და ჩემი ქმარი თვალებს არ ვუჯერებდითო. „ყველაფერს მოველოდით, გარდა იმისა, რომ ასე გაგვაძევებდნენ ქალაქიდანო. პირველად რომ შეგვატყობინეს, შეგვეშინდა - ვიფიქრეთ, რომ მოსულს დაბომბვას უპირებდნენ - არ ვიცოდით, რომ ასე გაგვძარცვავდნენ და გამოგვყრიდნენო“.

ერაყელი ქრისტიანები ქურთების ავტონომიურ რეგიონში

ერაყელი ქრისტიანები ქურთების ავტონომიურ რეგიონში

ცოლ-ქმარს ჯერ ეგონა, ალბათ, დროებით ევაკუაციას გვიპირებენო. მათ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ერთხელ უკვე მოუწიათ ბრძოლების გამო მოსულიდან გაქცევა. ეს მოხდა წელს, ივნისის დასაწყისში, როცა „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები ერაყელ ჯარისკაცებს ებრძოდნენ მოსულის დასაპყრობად. ბრძოლები 9 ივნისს დასრულდა ჯარისკაცების განდევნით.

ამის შემდეგ რავან ჯინანი ოჯახთან ერთად შინ დაბრუნდა. ცნობების თანახმად, „ისლამური სახელმწიფო“ უსაფრთხოებას აღუთქვამდა მოსულის ყველა რელიგიურ უმცირესობას - ისლამური კანონების პატივისცემის სანაცვლოდ.

თავდაპირველად მეამბოხეები, მართლაც, არავის ავიწროებდნენ და ქრისტიანებიც მზად იყვნენ შერიგებოდნენ მოსულის მუსლიმი ფუნდამენტალისტების ხელში გადასვლას. ქრისტიანი ქალები აბაიით შეიმოსნენ - გრძელი მოსასხამით, რომლის ტარებაც ერაყში მუსლიმ ქალებს სჩვევიათ. ამას გარდა, ქრისტიანები უმეტესწილად თავიანთ უბნებში ტრიალებდნენ, თავს არიდებდნენ ქალაქის სხვა რაიონებს.

მაგრამ ამ „თაფლობის თვემ“ დიდხანს არ გასტანა... მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა მოსულში პოზიციები გაიმყარეს, რელიგიური უმცირესობისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. ისლამისტები ეკლესიებს აწიოკებდნენ, მღვდლებს შეურაცხყოფდნენ.

ყველაზე ფართო რეზონანსი მოჰყვა იონა წინასწარმეტყველის სალოცავის დარბევას, რამაც ქრისტიანებთან ერთად მუსლიმებიც გაანაწყენა. იონას საფლავი მდებარეობს მეჩეთში, რომლის ადგილზეც ადრე ეკლესია იდგა. ამიტომ ის ორივე რელიგიის წარმომადგენლებისათვის მნიშვნელოვანი სალოცავი იყო და მოსულის ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობის სიმბოლოდ ითვლებოდა.

მალე მეამბოხეები შინაც მიადგნენ ქრისტიანებს. რავან ჯინანი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 16 ივნისამდე, ანუ ზემოხსენებული შეტყობინების მიღებამდე, შეამჩნია, რომ ქრისტიანების სახლებს ასო ნ-ს აწერდნენ, სიტყვა „ნასრანის“ ინიციალს. ყურანში ნასრანი ეწოდება ქრისტიანს - ნაზარეთის გამო, სადაც, გადმოცემით, იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა.

„ჯერ კიდევ ოთხშაბათსა (16 ივნისსა) და ხუთშაბათამდე დაიწყეს ქრისტიანების სახლების მონიშვნა. აწერდნენ ასო ნ-ს და ფრაზას „ისლამური სახელმწიფოს საკუთრება“. რომ ვეკითხებოდით, ამას რატომ აკეთებდნენ, გვპასუხობდნენ, ეს სახლის გაძარცვისაგან დაგიცავთ - მძარცველებს შეეშინდებათ, რაკი სახლი „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკუთვნისო. გვეუბნებოდნენ: ნუ შეგეშინდებათ, ცუდი არაფერი ხდებაო“, - ჰყვება რავან ჯინანი. არადა, როგორ არ შეშინებოდათ ქრისტიანებს, როცა ისლამისტი მეამბოხეები ეკლესიებს ჯვრებს ხსნიდნენ, რათა მათ ადგილას თავიანთი შავი დროშები აღემართათ?

ჩვილის რძის ქილა გახსნეს და შიგთავსი ქუჩაში გადაღვარეს, გადაყარეს ბავშვის სახვევებიც. ვეხვეწებოდით, წყალი მოეცათ ბავშვებისათვის, რომ დაგვეწყნარებინა. მაგრამ ბოთლები გახსნეს და წყალი ჩვენ წინ გადაღვარეს...

როცა შეტყობინება მიუვიდათ, - ან ისლამზე მოექეცით, ან ხარკი გადაიხადეთ, ან მოსული დატოვეთო, - ქრისტიანებს უკვე დაკარგული ჰქონდათ მეამბოხეებისადმი ნდობა. ჯინანს და მის ქმარს არც უყოყმანიათ, ისე მოჰკიდეს ხელი შვილებს და მანქანით გაემგზავრნენ მოსულიდან. ახლა ისინი ქურთების ავტონომიურ რეგიონში იმყოფებიან, ქალაქ აინ ქავაში.

ქურთების რეგიონი რელიგიური შემწყნარებლობითაა ცნობილი და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკუთარი შეიარაღებული ძალები ჰყავს.

მაგრამ ჯინანი წუხს, რომ მისმა ოჯახმა, რაც ებადა, ყველაფერი დაკარგა. „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებმა ბარგი გაუჩხრიკეს, ფული და ტანისამოსი წაართვეს. მეტიც:

„ჩვილის რძის ქილა გახსნეს და შიგთავსი ქუჩაში გადაღვარეს, გადაყარეს ბავშვის სახვევებიც. ვეხვეწებოდით, წყალი მოეცათ ბავშვებისათვის, რომ დაგვეწყნარებინა. მაგრამ ბოთლები გახსნეს და წყალი ჩვენ წინ გადაღვარეს“, - იხსენებს ჯინანი, რომლის უმცროსი შვილიც სულ წლინახევრისაა.

ერაყელი ქრისტიანების ეს ოჯახი ახლა მოსულის დასავლეთით, 80-მდე კილომეტრში ცხოვრობს. ერთადერთი, რაც ჯინანმა დანამდვილებით იცის, არის ის, რომ აღარასოდეს დაბრუნდება მშობლიურ ქალაქში - მოსულში, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ცნობილი რელიგიური შემწყნარებლობით და საიდანაც ის დანარჩენ ქრისტიანებთან ერთად გააძევეს „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებმა.

XS
SM
MD
LG