Accessibility links

logo-print
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ცენტრი, რომლის სტრუქტურის გამართვაში საქართველოს მთავრობას აქტიურ დახმარებას გაუწევენ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლება დარჩა უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს გარეშე. რა ფუნქცია ექნება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ცენტრს?

საქართველოს მთავრობის საგანგებო შეკრებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის აქტიური დახმარებით შეიქმნება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ცენტრი, რომლის შექმნა მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს, საგანგებო ვითარებებში კოორდინაციას გაუწევს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მოქმედებას, მანამდე კი შექმნილი პრობლემების გასამკლავებლად დროებითი შტაბი იმუშავებს:

„რათა გამოწვევებს ვუპასუხოთ ოპერატიულად და ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს საქართველოში, სტიქიისგან გამოწვეული, მყისიერად იქნეს მოგვარებული. ასეთი დიდთოვლობა აჭარაში არ ყოფილა ბოლო 25 წლის განმავლობაში. დაზიანდა ძალიან ბევრი ელექტროგადამცემი ხაზი, ბევრი ანძა წაიქცა. აღდგენითი სამუშაოები დაიწყო ოპერატიულად და ამჟამადაც მიმდინარეობს. ენერგეტიკის მინისტრისგან მაქვს ინფორმაცია, რომ აღდგენითი სამუშაოები დასრულდება 10-12 დღეში“.

დასაქმებული იქნებიან სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იქნებიან პროცესებში. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯოს ოპტიმალურად. არის საკითხები, რომელთა გადაჭრასაც სჭირდება ოპერატიული რეაგირება...
ამასთან, ცენტრის მუშაობა არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, რადგანაც ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, ცენტრის წევრები ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ:

„დასაქმებული იქნებიან სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იქნებიან პროცესებში. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯოს ოპტიმალურად. არის საკითხები, რომელთა გადაჭრასაც სჭირდება ოპერატიული რეაგირება. ეს ცენტრი მოგვცემს კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის ეფექტიან საშუალებას“.

ცენტრის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, რომელიც აჭარაში შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად დროებითი საბჭოს მუშაობაშიცაა ჩართული.

„კრიზისების მართვის ცენტრის მთავარი დანიშნულება იქნება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის მეტი კოორდინაციის განხორციელება ისეთი ფორსმაჟორული სიტუაციების დროს, როგორიც არის წყალდიდობა, დიდთოვლობა და სხვა არასასურველი მოვლენები. ყველა ძირითადი სამინისტრო, რომელსაც შეხება აქვს ამ საკითხებთან, იქნება ჩართული ცენტრის საქმიანობაში. იგულისხმება სტიქიური უბედურების დროს მართვის და ინფრასტრუქტურის აღდგენის კომპონენტები“.

პრეზიდენტს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება ხშირ შემთხვევაში არ აქვს. ამ დროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი პირდაპირი დანიშნულებაა შიდა საფრთხეების ანალიზი და განეიტრალების გზების ძიება. ამიტომ დადგა დღის წესრიგში კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისა უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით და გაყოფა ამ სტრუქტურის ფუნქციებისა...
სწორედ ინფრასტრუქტურის აღდგენას უკავშირდება მთავარი სირთულე, რომლის გამოც ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ხულოს, შუახევისა და ქედის რაიონები, სადაც აღდგენითი სამუშაოების დასრულება დიდთოვლობის გამო ვერ ხერხდება. ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის თქმით, აჭარისათვის ელექტროენერგიის მიწოდების სამივე ალტერნატიული წყარო იყო დაზიანებული:

„აქ ძალიან სერიოზული პრობლემები იყო. თუ არ ვცდები, 8-9 ანძა არის წაქცეული თავის ხაზებიანად. 10-12 დღეში ამ რაიონებშიც სრულად აღვადგენთ დენის მიწოდებას“.

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ცენტრის მუშაობაში ჩართული იქნებიან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, რაც ლოგიკურად მიაჩნია პოლიტიკის ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესაც. მისი თქმით, კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ, პრეზიდენტთან არსებულ უშიშროების საბჭოს აქვს უფრო მეტი უფლება, ვიდრე თავად პრეზიდენტს.

„პრეზიდენტს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება ხშირ შემთხვევაში არ აქვს. ამ დროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი პირდაპირი დანიშნულებაა შიდა საფრთხეების ანალიზი და განეიტრალების გზების ძიება. ამიტომ დადგა დღის წესრიგში კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისა უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით და გაყოფა ამ სტრუქტურის ფუნქციებისა. პრეზიდენტთან არის სათანადო ანალიტიკური აპარატი და იმ ფუნქციებით, რაც პრეზიდენტის უფლებებში აღარ შედის, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უნდა იყოს პრემიერ-მინისტრთან და ასეც არის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მივდივართ“, უთხრა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო თავისუფლებას.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ცენტრის შექმნა უაღრესად საჭირო და გადაუდებელი საქმეა, რადგანაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქვეყანა მუშაობდა ეგრეთ წოდებული „სტრატეგიული ტვინის", ანუ უშიშროების საბჭოს, გარეშე, რომელიც გეგმავდა როგორც ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკას, ასევე ადგენდა რისკებისა და გამოწვევების კატალოგს და ეძებდა მათი განეიტრალების გზებს. ხათუნა ლაგაზიძის თქმით, სულ მალე, შესაძლოა, ვიხილოთ ერთგვარი „შერკინება" პრეზიდენტთან არსებულ უშიშროების საბჭოსა და პრემიერთან არსებულ ცენტრს შორის.
XS
SM
MD
LG