Accessibility links

logo-print

ქალაქ ზუგდიდის საკრებულო მიუსაფარ ძაღლთა დაჭერისა და შემდგომ მათი თავშესაფარში გადაყვანის პროცესს მონიტორინგს გაუწევს. როგორც ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია განმარტავს, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ გურიის თავშესაფარში დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებიდან გაგზავნილ მიუსაფარ ძაღლებს სასტიკად ეპყრობიან. ქვარაიას სიტყვებით, ამ ფაქტმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია როგორც არასამთავრობო, ისე სამოქალაქო სექტორში და მათ საკრებულოს რეაგირების თხოვნით მიმართეს. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე კარლო ღადუას დაევალა ცხოველთა დაჭერაზე, თავშესაფარში გადაყვანასა და მათ მიმართ მოპყრობაზე მონიტორინგი აწარმოოს. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მტკიცებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქში წლის ბოლოს ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდეს:

„ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, რათა შესაძლებელი გახდეს ერთობლივად თავშესაფრის შექმნა. გარდა ამისა ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ცხოველთა დაცვით არიან დაინტერესებული. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ შევძლებთ ზუგდიდში უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი გვქონდეს“.

ახალი თავშესაფრის აშენებამდე კი, როგორც საკრებულოში განმარტავენ, იძულებული არიან კვლავ ოზურგეთში გადაგზავნონ ქალაქის ქუჩებში დაჭერილი ძაღლები. ამასთან, როგორც საკრებულოს წევრი კახაბერ ფარცვანია აცხადებს, ცხოველთა მიმართ დამოკიდებულების შეცვლის პირობა უკვე დადო გურიის თვშესაფრის ხელმძღვანელმა:

„მისი განმარტებით, იქ უკვე შეიქმნა შესაბამისი პირობები, მაგრამ ვინაიდან სიტყვაზე ნდობა ცოტა ძნელია, ასეთი წინადადება შემოვიდა, რომ დებულებაში ჩაიწეროს ასეთი პუნქტი: ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს“.

ძაღლების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე გასულ კვირაში ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ქალაქის მცხოვრებლები. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის არჩილ თოდუას თქმით, რეგიონში მასობრივად ხდება ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა, თუმცა ამის გამო კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა:

„მიუსაფარი ძაღლები დაიჭირა კონკრეტულმა პიროვნებამ და ისინი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მათგანი საჭიროებდა აცრას, სტერილიზაციას, კასტრაციას, ყველა მათანი დახოცეს. ეს დახოცილი ძაღლები იმარხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, სადაც ე.წ. თავშესაფარია შექმნილი, სადაც უმძიმესი პირობებია შექნილი. იქ შეუძლებელია ძაღლების 10-15 დღით შენახვა. ამიტომაც ის ადამიანი, ვისაც გაჰყავს ძაღლები ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, განურჩევლად ხოცავს მათ“.

„სახლში რომ მყავს, ზუსტად ისე განვიცდი იმ ძაღლების ბედს, რომლებიც არიან ქუჩაში. მინდა ნიშანი მივცე იმ ადამიანებს, ვისაც ხელეწიფება მათი ბედი შეცვალონ, შეცვალონ ის ჩვენთვის და მათთვის სასიკეთოდ“, - ამბობს ზუგდიდელი მაკა ქაჯაია.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეებთან ერთად, ითხოვენ როგორც თავშესაფარში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ქალაქის ქუჩებში მიუსაფარ ცხოველთა დაჭერის მეთოდების დახვეწას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG