Accessibility links

logo-print

ოჯახის წევრები და ადვოკატები არ იზიარებენ გამოძიების იმ ვერსიას, რომლის თანახმადაც, რადიო „საქართველოს ხმის“ დამფუძნებელმა ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა, ხოლო მანამდე, წინასწარი განზრახვით, მოკლა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება არ დასრულებულა და ჯერ არაფერია ცნობილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მკვლელის ვინაობას დარწმუნებით ასახელებს. ბიძინა კუჭავას დაცვის მხარე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე ლაპარაკობს. ჯერჯერობით გადაჭრით ვერაფერს ამბობს საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი ვახტანგ ქირია, „მაღალი ალბათობით“, სწორედ რადიო „საქართველოს ხმის“ დამფუძნებელმა ბიძინა კუჭავამ მოკლა, შს სამინისტრომ თავდაპირველად 17 იანვარს გამოაქვეყნა, 18 იანვარს საღამოს კი ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ დარწმუნებით განაცხადა, რომ მკვლელი უკვე დადგენილია:

„არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, გამოძიების მიერ მოპოვებული და იდენტიფიცირებული, რომლებიც ადასტურებს, რომ სწორედ ბიძინა კუჭავამ მოკლა პროკურორი ვახტანგ ქირია. აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ის არ მოუკლავთ იმის გამო, რომ ის იყო პროკურორი“.

ჯერჯერობით თავს შევიკავებ იმის დასახელებისგან, თუ სხეულის რომელი ნაწილების დაზიანებებზე და რომელ ნიშნებზე ვაკეთებთ აპელირებას, იქიდან გამომდინარე, რომ კუჭავას თვითმკვლელობით არ დაუსრულებია სიცოცხლე და ის მოკლეს, ჩვენი ვარაუდით...

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კუჭავამ ქირია, სავარაუდოდ, ძველით ახალი წლის შეხვედრის ღამეს მოკლა, ხოლო გვამი 16 იანვარს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტალის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში იქნა აღმოჩენილი. ეს ბინა ბიძინა კუჭავას ჰქონდა ნაქირავები. მოკლულს აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო თავის არეში - ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. არჩილ თალაკვაძემაც აღნიშნა და მანამდე შს სამინისტროს განცხადებაშიც იყო აღნიშნული, რომ, გვამის სისხლისგან დაცლის მიზნით, აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე. წ. ტალი და გვამს ემჩნეოდა დანაწევრების მცდელობის კვალი. იქვე იქნა აღმოჩენილი მძიმე საგნების გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა და ელექტროხერხი – ეს საგნები, გამოძიების თანახმად, ბიძინა კუჭავამ რამდენიმე დღით ადრე ე. წ. ელიავას ბაზრობაზე შეიძინა.

ამ და სხვა სავარაუდო სამხილების არსებობის მიუხედავად, ბიძინა კუჭავას ადვოკატები კატეგორიულად გმობენ გამოძიების დასრულებამდე შს მინისტრის მოადგილის მიერ მტკიცებით ფორმაში გაკეთებულ განცხადებებს მათი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალთან დაკავშირებით. ადვოკატ ნათია კორკოტაძის თქმით, ბიძინა კუჭავა თავად არის ძალადობის მსხვერპლი და სიმართლეს არ შეესაბამება ვერსია, თითქოს, მან 17 იანვარს თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ:

„ჯერჯერობით თავს შევიკავებ იმის დასახელებისგან, თუ სხეულის რომელი ნაწილების დაზიანებებზე და რომელ ნიშნებზე ვაკეთებთ აპელირებას, იქიდან გამომდინარე, რომ კუჭავას თვითმკვლელობით არ დაუსრულებია სიცოცხლე და ის მოკლეს, ჩვენი ვარაუდით... ვარაუდის გამოთქმის უფლება ჩვენ გვაქვს. შს მინისტრის მოადგილე ბატონი არჩილ თალაკვაძე ძალიან ცუდ განცხადებებს აკეთებს და ცუდ მასალებს დებს... ამ შემთხვევაში ნამდვილად ირღვევა ადამიანის უფლებები და უდანაშაულობის პრეზუმფცია, პირველ რიგში“.

ადვოკატებთან ერთად გავაკეთეთ მონახაზი, რომ გამოძიებას მივმართოთ ლაბორატორიულ კვლევებში ჩემი მონაწილეობის მოთხოვნით...

მაღალჩინოსნის მიერ გამოძიების დასრულებამდე მტკიცებით ფორმაში გაკეთებული შეფასებები მიუღებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილისთვის. ოჯახის მიწვევით, ის 18 იანვარს ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტიზის პროცესში. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ბიძინა კუჭავას გვამის რამდენიმესაათიანი დათვალიერების შედეგად, ამ ეტაპზე შეუძლებელია გადაჭრით რაიმეს თქმა. ექსპერტიზის პროცესი, სავარაუდოდ, გაგრძელდება:

„აბსოლუტურად სწორად მოიქცა ექსპერტი, რომელმაც პირველადი გამოკვლევა აწარმოვა და კანი ამოიღო სროლის მანძილის განსაზღვრისთვის. კანი ამოღებულია მარჯვენა საფეთქლის მიდამოდან და ფეხის თითიდან – (დაზიანების) მიმყენებელი საგნის დასადგენად. ეს აბსოლუტურად სწორი მოქმედებაა. უბრალოდ, ბუნებრივია, მე უკვე აღარ მომეცა საგნის დადგენის საშუალება – კვალწარმომქმნელი საგნის თვისებები ვერანაირად ვეღარ დავადგინე... ადვოკატებთან ერთად გავაკეთეთ მონახაზი, რომ გამოძიებას მივმართოთ ლაბორატორიულ კვლევებში ჩემი მონაწილეობის მოთხოვნით... რა თქმა უნდა, პირველადი გამოკვლევისას ჯობია, მაგრამ ინფორმაცია არც ამ ეტაპზეა დაკარგული. აუცილებლად დასათვალიერებელია მანქანა – ნამდვილად იქ მოხდა თუ არა ეს შემთხვევა, სისხლის კვალი რას ეტყობა და ვინ სად და როგორ იყო განლაგებული“.

მიეცემა თუ არა მაია ნიკოლეიშვილს, ბიძინა კუჭავას დაცვის მხარესთან ერთად, დამოუკიდებელი ექსპერტიზის გაგრძელების საშუალება, ეს, სავარაუდოდ, 20 იანვარს გახდება ცნობილი. 19 იანვარს კი ბიძინა კუჭავას მეუღლემ მარინა ნიკოლოზაშვილმა, სიმართლის დასადგენად, ერთობლივი მოქმედებებისკენ მოუწოდა პროკურორ ვახტანგ ქირიას ოჯახის წევრებს, რომელთაც ის ახლო ნათესავებად მოიხსენიებს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება ზუგდიდიდან, ვახტანგ ქირიას ოჯახი გამოძიების დასრულებას ელოდება და ამ ეტაპზე წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG