Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ქუჩებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების შეცვლის წესზე მუშაობა დაიწყო


ზუგდიდი
ზუგდიდი

ზუგდიდში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წესსა და იმ პროცედურებზე იმსჯელეს, რომელთა დაცვაც აუცილებელია ქუჩების, სკვერების, ბაღების, ჩიხებისთვის სახელწოდების შეცვლისას. ქალაქის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ქოჩუამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს მთავრობის დადგენილება და საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება გააცნო. მიღებული დადგენილების თანახმად, ქუჩისთვის ან გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელის შეცვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება, 50 ხელმოწერით, ჯგუფის წევრების შესახებ ინფორმაცია - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ხელმოწერა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომისია უკვე დღეიდან უფლებამოსილია დაიწყოს მუშაობა საინიციატივო ჯგუფების მიერ შემოსული წინადადებების საფუძველზე. იყო რამდენიმე წინადადება შემოსული, მაგრამ მთავრობოს განკარგულებისა და ჩვენი დადგენილების შემდეგ, ყველა პროცედურების დაცვით, ეს წინადადებები თავიდან იქნება შემოსატანი, იმიტომ რომ აუცილებელია საინიციატივი ჯგუფების მიერ შემოტანილ წინადადებებში იყოს 50 ხელმოწერა. აქედან გამომდინარე, დაველოდებით წანადადებებს და კომისია შემდეგ დაიწყებს მუშაობას, რომელ ქუჩებს რა სახელი უნდა გადაერქვას “, - განაცხადა თენგიზ ქოჩუამ.

ორგანიზაცია „ზუგდიდელის“ წარმომადგენელმა მურმან ნაჭყებიამ განაცხადა, რომ აუცილებელია ქალაქის რამდენიმე ქუჩას მისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ადამიანების სახელი ეწოდოს:

„სირცხვილი არ არის ზუგდიდში ეკატერინე ჭავჭავაძისა და დავით დადიანის სახელობის ქუჩები რომ არ არის? ვიცი, რთული პროცესია, მაგრამ როგორმე უნდა დავძლიოთ“.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიას თქმით კი, ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებით ვითარება, რომელიც დღეს არაერთ გაუგებრობას იწვევს, სასწრაფოდ უნდა დარეგულირდეს. მანვე აღნიშნა, კარგი იქნება, თუ დაიწყება ქუჩების დალაგება მაჟორიტარული ოლქების მიხედვითო:

„უნდა დავიწყოთ ქუჩების დალაგება და, უბრალოდ, აი, სახელების დარქმევა. ეს უნდა მოხდეს ისე, რომ გაუგებარი და გაურკვეველი არ იყოს. გეუბნებით, აი, გუშინ მთელი დღე დავკარგეთ ორი მისამართის ძებნაში. ტაქსის მძღოლს ვეკითხებით, არ იცის, მეზობელს ვეკითხებით, არ იცის, მომიჯნავე ქუჩას ვეკითხებით, არ იცის…“

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო მიიღებს. კანონით გაწერილი პროცედურების თანახმად, აღნიშნულ საკითხზე მომუშავე კომისიის გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარე გადაუგზავნის თბილისში ამ სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას. მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ მიიღებს საკრებულო გადაწყვეტილებას სახელის შეცვლის შესახებ. უარის შემთხვევაში პასუხი ინიციატივის ავტორს საკრებულოს თავმჯდომარის წერილით ეცნობება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG