Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურა ფოჩიანი კამფეტების ნაცვლად


საქართველოში დღეს უამრავი სოციალურად დაუცველი, ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვია. ეს ბავშვები გვხვდებიან ყველგან. უმრავლესობა ან თვალს არიდებს მათ, ან ზედმეტი ხურდის ჩაჩხრიალებით იხდის მოქალაქეობრივ და ადამიანურ ვალს. რა იცის საზოგადოებამ ამ ბავშვების შესახებ? რას ითხოვენ ისინი ჩვენგან და როგორ შეგვიძლია მათ რეალურად დავეხმაროთ?

ბავშვები მანქანის საბურავებისა და ყვითელი ძაფებისგან საკუთარი ხელით გაკეთებულ სკამებზე სხედან და დიდი ინტერესით უყურებენ თავიანთსავე შერჩეულ ფილმს, ჩარლი ჩაპლინის „ოქროს ციებ-ცხელებას“ - ფილმს მაწანწალაზე, რომელმაც ერთ დღეს ოქროს საბადო იპოვა და მილიონერი გახდა. ფილმის დასრულების შემდეგ აღფრთოვანებით ჰყვებიან, თუ რა ნახეს და რა მოეწონათ ყველაზე მეტად. დისკუსია ჩვენების მნიშვნელოვანი ნაწილია:

„ჩარლი ჩაპლინის ფილმი ვნახე და ყველაზე ძალიან ის მომეწონა, რომ გავერთე, თან ძალიან სასაცილო იყო“.

„მე ელენე ვარ, ყველაზე მეტად ის მომენტი მომეწონა, ფეხსაცმელს რომ ჭამდნენ და სახლი ყირაზე რომ დგას“.

„ყველაზე ძალიან მომეწონა, ქოხი რომ წაიღო ქარბუქმა და გამოფუღრულში რომ გადააგდო“.

„შვილი რომ იპოვნა და ორმოში რომ უნდა ჩაეგდო, არ მომეწონა. მერე ჩარლი ჩაპლინმა იპოვნა და გაზარდა. ნახულობდა, სუფთა თუ იყო ან ტილები ხომ არ ჰყავდა“.

პრინციპი ძალიან მარტივია. გვიკავშირდებიან კულტურის სფეროს მოხალისე წარმომადგენლები ან, უბრალოდ, სტუდენტები და გვეუბნებიან, რომ, მაგალითად, ორი თვის განმავლობაში, კვირაში ერთი დღე, წავალ იქ, სადაც გამგზავნი და მთელ დღეს ამ ბავშვებთან ერთად გავატარებ, მივცემ იმ რესურსს, რაც შემიძლია, ვასწავლი, დავეხმარები...
ანუკა ლომიძე

ფონდი „აჰუაჰუ“ უკვე ორი წელია ახორციელებს პროექტს „კულტურა, როგორც ურთიერთობის ენა“, რომელიც გულისხმობს ძნელად საკომუნიკაციო ჯგუფებთან კულტურის ენით ურთიერთობას - არტთერაპიას, მათთან ერთად ხატვას, ფოტოების გადაღებას, კინოს ყურებას ან უბრალო საუბარს. ყველა მოხალისე, რომელიც პროექტშია ჩართული, იმას აკეთებს, რაც იცის და შეუძლია. თბილისის მეორე ტირიენალეს ფარგლებში, მორიგი კინოჩვენებისთვის შეკრიბა ანუკა ლომიძემ 11 სოციალურად დაუცველი, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი.

„პრინციპი ძალიან მარტივია. გვიკავშირდებიან კულტურის სფეროს მოხალისე წარმომადგენლები ან, უბრალოდ, სტუდენტები და გვეუბნებიან, რომ, მაგალითად, ორი თვის განმავლობაში, კვირაში ერთი დღე, წავალ იქ, სადაც გამგზავნი და მთელ დღეს ამ ბავშვებთან ერთად გავატარებ, მივცემ იმ რესურსს, რაც შემიძლია, ვასწავლი, დავეხმარები“.

ბავშვებს მძიმე სოციალური პირობების გამო ბევრი აგრესია აქვთ დაგროვილი, ამიტომ მოხალისეები ცდილობენ ჯერ ერთმანეთთან დააახლოონ პროექტში მონაწილე ყველა ბავშვი, შემდეგ კი საზოგადოებასთან მათ მეგობრობას შეუწყონ ხელი:

„ზოგადად, ძალიან საინტერესო პრაქტიკა იყო, რადგან ამ დღის ცენტრშიც ერთი პატარა პრობლემა ჰქონდათ: ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს არ ჰქონდათ სურვილი, რომ ემეგობრათ და ურთიერთობა ჰქონოდათ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებთან. ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ პროტესტი, რომ იმათ სახლი მაინც აქვთ, ესენი კი ქუჩაში ცხოვრობენ. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძელით მათი ერთ წრეში გაერთიანება. ერთად ვათამაშებდით, დავამეგობრეთ და იმ ეტაპამდე მივედით, რომ თუკი ვინმეს რამე სჭირდებოდა, ერთმანეთზე ზრუნავდნენ. ვინმეს თუ ფლომასტერი დააკლდებოდა, აწვდიდნენ. თითქოს ელემენტარულია, მაგრამ აქ ისახება ურთიერთობისა და თანაგაგების პირველი კომპონენტები“.

თვითონ ამბობენ, რომ ჩვენ არ გვჭირდება თქვენი ფოჩიანი კამფეტები, ჩვენ გვირჩევნია, რომ იმ ფულით, რაც დღესასწაულებზე იხარჯება, თუნდაც მასწავლებელი აგვიყვანოთ. ამას, რა თქმა უნდა, უფროსები ამბობენ - პატარებს რასაც მიაწოდებ, ის ახარებთ და აბედნიერებთ...
ანუკა ლომიძე

ბავშვებმა, პროექტის ფარგლებში, უკვე ბევრი ფილმი ნახეს და, მიუხედავად იმისა, რომ ტირიენალეს სპეციალური ჩვენებისთვის ჩარლი ჩაპლინის „ოქროს ციებ-ცხელება“ შეარჩიეს, პრეზენტაციისთვის გაკეთებულ პლაკატებზე დახატეს სცენები სულ სხვა ფილმიდან. ანუკა ამის გაუცნობიერებელ მიზეზებზე საუბრობს:

„ათიდან შვიდმა ბავშვმა დახატა სცენა ფილმიდან „ბიჭუნა“ - სცენა, რომელშიც დედა ბავშვს მარტოს ტოვებს მანქანაში. ეს, რა თქმა უნდა, გაუცნობიერებლად მოხდა, მაგრამ ძალიან მენიშნა, რომ ფილმი, რომელიც მართლა შეეხოთ მათ, არ აირჩიეს დღეს წარმოსადგენად, სხვებისთვის საჩვენებლად. ალბათ, პროექტის არსიც აქ დევს, რომ ჩვენ მათ არ უნდა შევხედოთ როგორც საცოდავ ბავშვებს, რომლებსაც ერთჯერადი მზრუნველობა, საჭმელი ან ტანსაცმელი სჭირდებათ. ეს მათ მართლა არ სჭირდებათ“.

პროექტი ცდილობს დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა ვიცით ამ ბავშვების შესახებ, რა უფრო სჭირდებათ მათ ჩვენგან - ხურდა ფული თუ ჩვენი დასახმარებლად და სამეგობროდ გაწვდილი ხელი.

„ეს ბავშვები მიჩვეულები არიან, რომ კონკრეტული კომპანიები ან ტელევიზიები არამიზნობრივად იყენებენ მათთან ურთიერთობას. თვითონ ამბობენ, რომ ჩვენ არ გვჭირდება თქვენი ფოჩიანი კამფეტები, ჩვენ გვირჩევნია, რომ იმ ფულით, რაც დღესასწაულებზე იხარჯება, თუნდაც მასწავლებელი აგვიყვანოთ. ამას, რა თქმა უნდა, უფროსები ამბობენ - პატარებს რასაც მიაწოდებ, ის ახარებთ და აბედნიერებთ“, - ამბობს ანუკა ლომიძე​.

ამ ბავშვებს, ალბათ, ფოჩიანი კამფეტებიც სჭირდებათ და კიდევ ბევრი სხვა რამ, მაგრამ კულტურა ის ენა აღმოჩნდა, რომელმაც მათთან ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მიიტანა - ამბავი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათზე ზრუნავენ და მათი აზრი აინტერესებთ. ამიტომ ამგვარი კინოჩვენებები ყველაზე მეტად ახალისებთ:

„ვიკრიბებით მეგობრები, უფრო ხალისიანად ვატარებთ დროს, ვიცინით. აბა, ისე ზოგი მოწყენილია ხოლმე, მაგრამ ფილმს რომ ვუყურებთ, ყველა ხალისდება და ჩემი მეგობარი თუ ხალისდება, მეც ხალისიანად ვარ ყოველთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG