Accessibility links

საქართველოში დასრულდა ძველი და ახალი წლის აღნიშვნა და საშობაო დღესასწაულები. წინა წლებისგან განსხვავებით, საახალწლოდ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში გრანდიოზული მასობრივი ღონისძიებები თითქმის არ გამართულა, ამიტომ მოსახლეობის ერთი ნაწილი ისევ ტელევიზორებს მიუბრუნდა. რა შესთავაზეს ტელევიზიებმა მაყურებელს?

ვიზეიმეთ ძველი ახალი წელი და ახალი ახალი წელი. ზოგმა შობაც ორჯერ აღნიშნა, ბედობაც. შესაბამისად, ადვილად შეივსო 2014 წლის პირველი ნახევრის სატელევიზიო ეთერი: ის, რაც გავიდა 31 დეკემბერს ღამით, ვნახეთ 13 იანვარს ღამით. ამ განმეორებას, შესაძლებელია, ზოგიერთმა ტელემაყურებელმა არც მიაქცია ყურადღება და იმიტომ კი არა, რომ განსხვავებას ვერ გრძნობს. რა მნიშვნელობა აქვს გაიმეორებდნენ პროგრამას თუ არა, როცა ქართულ საახალწლო სატელევიზიო ეთერში განსხვავებული ჟანრის და შინაარსის გადაცემაც კი ერთნაირია. სადღაც 4, 5 წლის წინ კიდევ იყო განსხვავება: “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ახალ წელს უფრო ფოლკლორს, უფროსი თაობის მუსიკოსებს ანიჭებდა უპირატესობას, “იმედს” უფრო “იუმორინა” მოსწონდა, “რუსთავი 2“-ს პროდასავლურ ტელევიზიაზე ჰქონდა პრეტენზია და ტირაჟირებდა ყველაფერს, რაც ევროპულს ჰგავდა. დღეს ეს განსხვავება მოისპო..

არა, “იმედმა” ახალ წელსაც ვერ უღალატა თავის საყვარელ „იუმორინას“. როგორც ჩანს, ამ ტელეკომპანიას საავტორო უფლება აქვს ქართული მასკულტურის ერთ-ერთ ყველაზე ბანალურ შოუზე, რომელიც სავსეა ასევე ბანალური, გაცვეთილი ხუმრობებით.

მაგრამ ეს ერთი გამონაკლისი იყო. სხვა მხრივ - იმას თუ არ ჩავთვლით, რომ „რუსთავი 2“-ზე არ გავიდა საქართველოს პირველი პირებისა და კათოლიკოს- პატრიარქის საახალწლო მოლოცვები, ქართული არხების სტილი უკვე იმდენად დაუახლოვდა ერთმანეთს, რომ ვერ გაარჩევდით რას უყურებდით, მით უმეტეს, რომ მომღერლები, პოლიტიკოსები ერთი არხიდან მეორეზე ინაცვლებდნენ და იქიდან გვილოცავდნენ ახალ წელს. ახალი წლის დადგომამდე გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტელეპროექტის ავტორებმა ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერში ერთი წუთი დაუთმეს არა უცნობ, მაგრამ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც კამერის წინ თავიანთ გაჭირვებაზე, პრობლემებზე გვიამბობდნენ, სინამდვილისადმი თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ, არამედ ისევ და ისევ ამ ცნობად სახეებს. ეტყობა, ტელევიზიები დარწმუნებულები არიან, რომ ახალ წელს ჩვენს ოჯახებში “სატელევიზიო მეკვლე” აუცილებლად პოლიტიკოსი უნდა გახდეს. თვით ეკა ხოფერიამაც კი თავის შოუში - არც მეტი, არც ნაკლები - გვიამბო, როგორ ემზადებიან ახალი წლის შესახვედრად ცნობილი პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ გადაცემის ავტორებიც, როგორც ჩანს, დარწმუნებულები არიან, რომ ქართველ მაყურებელს აინტერესებს რას ფიქრობს ახალი წლის შეხვედრაზე, მაგალითად, პარლამენტარი საგანელიძე, როგორია ამ ხალხის სამზარეულო, გაზის ქურა ან სუფრას როგორ აწყობენ და როგორი სერვიზი აქვთ სახლში.

თუმცა წლევანდელი საახალწლო პროგრამების მთავარი და საკმაოდ დამაფიქრებელი ტენდენცია მაინც ეგრეთ წოდებული ქავერების განსაკუთრებულ სიმრავლეში, შეიძლება ითქვას, ქავერების თავდასხმაში გამოიხატებოდა. 31 დეკემბერს ღამით საახალწლო კონცერტზე (თუ არ ვცდები, ერთადერთ მუქთა ღონისძიებაზე თბილისში ახალ წელს), რომელიც მერიამ მოაწყო რიყეზე, წამყვანებად „რუსთვი 2“-ის სახეები ვიხილეთ. ტელევიზიისთვის ეს თავისებური რეკლამა გამოვიდა - პრაქტიკულად ყველა ცნობილმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, იმათაც, ვისაც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ეპოქაში ეს ტელევიზია მაინცდამაინც არ სწყალობდა. და რა მოვისმინეთ? ძველი ჰიტების ქავერები - მხოლოდ და მხოლოდ ძველი სიმღერები (რუსული პოპულარული გადაცემა რომ იყო, ხომ გახსოვთ, “ძველი სიმღერები მთავარზე”). ესეც, როგორც ჩანს, მაყურებლის დაკვეთით უნდა გამართლდეს: ახალ წელს ქართველ მაყურებელს ურჩევნია მოისმინოს ათასჯერ გაგონილი სიმღერა, ნახოს ათასჯერ ნანახი ფილმი (წელს ამ მხრივაც დამყარდა რეკორდი რუსული ფილმების ჩვენებისა ტელევიზიებით. რას ნიშნავს, რომ ტელევიზია განთავისუფლდა ცენზურისგან! ნანუკა ჟორჟილიანის შოუშიც კი რუსული სიმღერები მოვისმინეთ ქართველების, მათ შორის, თავად ნანუკა ჟორჟოლიანის შესრულებით) - მოკლედ, ყველაფერი ძველი, ვიდრე ახალი. მოდი, ასე ვთქვათ, ვიდრე უხარისხო ახალი, რადგან ხარისხიანი ახალი, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში უკვე ვერ იქმნება ახალი წლის დღეებშიც კი, როცა ადამიანებს უხარიათ ცხოვრება.

შობა-ახალი წლის სატელევიზიო ეთერის, თუ რ ვცდები, ერთადერთი ორიგინალური პროექტი იყო სატელევიზიო ფილმი “ლურჯი ფრინველი”, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში 7 იანვარს გავიდა და რომლის ავტორი დავით დოიაშვილია. პრინციპში, ვის უნდა დაუკვეთოს ტელევიზიამ ორიგინალური პროექტი, თუ არა წარმატებულ რეჟისორს?! ჰოდა, როგორც ჩანს, ასე დაუკვეთეს. თუმცა აქ ერთი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: წარმატება თეატრში ერთია და კამერის, ახლო ხედის, ფონოგრამის შეგრძნება - მეორე. თეატრის რეჟისორებს, როგორც წესი, უჭირთ უარი თქვან იმ პირობითობაზე, რომელიც თეატრალური ხელოვნების ხერხემალს განსაზღვრავს: მაშინ, როცა კინოსა და ტელევიზიაში იწყებენ მუშაობას, ავიწყდებათ, რომ კამერა “ოხერი” რამეა - ყველა სიყალბეს ხედავს. ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა: მივიღეთ “ლურჯი ფრინველი”, ყალბად გათამაშებული, ცუდად ნამღერი... თანაც, როგორც ჩანს, საკმაოდ მწირი ბიუჯეტით გადაღებული, რადგან აშკარაა, რომ ავტორებს უნდათ შექმნან სანახაობა, მაგრამ ეს სანახაობა ვერ იქმნება - არც ბიუჯეტი იძლევა ამის საშუალებას და არც ავტორების ფანტაზია, კინოდან ტელესანახაობის შექმნის გამოცდილება.

თუმცა მთავარი არც ესაა. მთავარია, რომ ვერ გამოინახა კომპოზიტორი, რომელიც „ლურჯი ფრინველისთვის“ ორიგინალურ მუსიკას დაწერდა, აი, თუნდაც გოგი ცაბაძემ რომ დაწერა თავის დროზე მუსიკა “ვერის უბნის მელოდიებისთვის”, ისეთს. და ამჯერად შობაზე - არც მეტი, არც ნაკლები, - ანსამბლ „ბიტლზის“ ქართულად შესრულებული ქავერები მოვისმინეთ.

დიახ, 2014 წლის პირველი ნახევარი იყო ქავერების ცვენა ტელევიზიით. პატრიარქის საშობაო ეპისტოლესი არ იყოს, ჩვენში საკმაოდ ორიგინალურად ესმით სიტყვა “პოსტმოდერნიზმის” მნიშვნელობა.
XS
SM
MD
LG