Accessibility links

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოს კულტურის ათწლიან სტრატეგიას ქმნის, რომლის მიზანიც იქნება განისაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. სამინისტროს განცხადებით, კულტურის პოლიტიკის ხედვა ხაზს გაუსვამს კულტურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ეროვნული იდენტობის განმტკიცებაში. კონფერენცია, სახელწოდებით „ადამიანი, პროცესები, პრიორიტეტები“, აქციის ფონზე წარიმართა.

სანამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეკრებილ საზოგადოებას კულტურის გრძელვადიანი სტრატეგიის („კულტურა 2025“) შექნის აუცილებლობაზე ესაუბრებოდა, სასტუმროს გარეთ სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრები აქციას მართავდნენ: „დაიცავი საყდრისი“ და „ნგრევის პოლიტიკა“ - ეს რამდენიმეწუთიანი აქციის მთავარი გზავნილები იყო. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ნიკოლოზ ეთეურიძეს, ხელში ფოტო უჭირავს, რომელზეც საყდრის-ყაჩაღიანის უბანზე მიმდინარე სამუშაოებია ასახული:

„მოვედით იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ კულტურის სამინისტროს და, ზოგადად, ხელისუფლების მიდგომა კულტურული ძეგლების მიმართ. მაგალითად მოგვყავს საყდრისის ნგრევის შემთხვევა. ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, მისცა კერძო კომპანიას იმის უფლება, რომ საყდრისი დაენგრიათ“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი როგორც კულტურის გრძელვადიან, ათწლიან, სტრატეგიაში, ისე სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიან სამოქმედო გეგმაში - ასეთ პირობას დებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. სამოქმედო გეგმა, რომელიც 2016-2017 წლებს მოიცავს, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დაამტკიცოს. მანამდე კი მინისტრი ამბობს, რომ კონფერენცია, სახელწოდებით „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები, პროცესები, პრიორიტეტები“, სწორედ იმიტომ დაიგეგმა, რომ კულტურის პოლიტიკის შემუშავებაში მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ეს პასუხები გასაგები იყოს ყველა იმ ადამიანისათვის, რომელსაც აინტერესებს ქართული კულტურის მომავალი.

მიხეილ გიორგაძე

მიხეილ გიორგაძე

„ხალხმა უნდა იცოდეს, როგორ და რა გზით მივდივართ, რა პრობლემებია სფეროში და ერთად დავსახოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის ადამიანებიც, ვინც დღეს აქციას მართავდა, ამ პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ“, - ამბობს მიხეილ გიორგაძე.

კონფერენციაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა წარიმართა, განიხილეს სამი ძირითადი მიმართულება: კულტურული მემკვიდრეობა, საერთაშორისო გამოცდილება და სახელოვნებო სფეროები. როგორც მიხეილ გიორგაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, სფეროს უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოში არ არსებობს კულტურის სტრატეგია და, შესაბამისად, მისი სიტყვებით, დღეს მთელი დარგი ქაოტურად ვითარდება

ხელოვნებათმცოდნე და ყოფილი კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას ასევე ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დღეს საქართველოს - როგორც, ზოგადად, კულტურის პოლიტიკის შემუშავების, ისე, კონკრეტულად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროცესში - სერიოზული პრობლემები აქვს. მისი სიტყვებით, დღეს ხელისუფლებას არ გააჩნია სახელმწიფო ხედვა კულტურის პოლიტიკის მიმართულებით და, აქედან გამომდინარე, დარგი განიცდის სერიოზულ სისტემურ პრობლემას. ის აქცენტს აკეთებს საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მიმდინარე პროცესებზე. შეგახსენებთ: რამდენიმეთვიანი დავის შემდეგ, გასული წლის ბოლოს, ფორმალურად საყდრის-ყაჩაღიანის უბანზე მადნის მოპოვების განახლება შესაძლებელი გახდა, კულტურის მინისტრის ბრძანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დასკვნის საფუძველზე:

მარინე მიზანდარი

მარინე მიზანდარი

„ყველაზე მწვავედ მაინც დგას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნებისა და განვითარების საკითხი, რადგან ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არ ესმის კულტურული მემკვიდრეობის როლი ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში და თვითონ მთავრობა უპირისპირებს ერთმანეთს კულტურულ მემკვიდრეობას და ეკონომიკური განვითარების ინტერესებს, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ერთ ჭრილში, ანუ სწორედ ეკონომიკური განვითარების საფუძველს უნდა ხედავდეს მთავრობა კულტურაში, დიდ პოტენციალში, რომელიც კულტურას გააჩნია და, კონკრეტულად, ჩვენს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას. მთავრობა ხელს აწერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას. ამდენად, რაზეა ლაპარაკი, რომელ კულტურის სტრატეგიაზე?“ - კითხულობს მარინე მიზანდარი.

მარინე მიზანდარის საპასუხოდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც საყდრის-ყაჩაღიანის საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სწორედ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით მოეხსნა. მისი სიტყვებით, 2013 წელს - მაშინ, როდესაც მარინე მიზანდარი კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო - სამინისტროში შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ 2006 წელს კულტურის სამინისტრომ კანონის დარღვევით მიანიჭა საბადოს ძეგლის სტატუსი. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, კრიტიკა, რომელიც დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან ისმის, მისთვის გასაგებია. გასაგებია ისიც, რომ საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული კულტურული პროცესების მართვაში, მაგრამ არამხოლოდ კრიტიკის დონეზე:

დეა მეტრეველი

დეა მეტრეველი

„ჩართულობა არ არის მარტო კრიტიკა. კრიტიკაც უნდა იყოს, მაგრამ მას უნდა მოსდევდეს თავისი რეცეპტები. საზოგადოების ჩართულობის ეტაპი ის არის, რომ საზოგადოებამ მიუთითოს: აი, ეს ასე გააკეთე, ის - ისე. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ეს რეალობა არ გვაქვს. კულტურის პოლიტიკის დოკუმენტი ზუსტად ამ რეალობის ამსახველი იქნება - ის იქნება, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვისაც მავალდებულებელი, რომ კულტურის პოლიტიკაში მსგავსი მონაწილეობით ჩაერთოს, რომ იყოს უფრო ქმედითი მათი მონაწილეობა“.

წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ როდესაც საუბარი ეხება კულტურის პოლიტიკის გრძელვადიან სტრატეგიას, აუცილებელია დოკუმენტში გათვალისწინებული იყოს დაფინანსების წყაროებისა და დაფინანსების პრინციპების საკითხი. მით უმეტეს, შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი, რაც ქვეყანას ავალდებულებს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას როგორც საგამომცემლო ისე მთარგმნელობითი კუთხით:

„იმიტომ, რომ ძალიან რთულია შეიმუშაო დოკუმენტი გათვლილი გრძელვადიან სტრატეგიაზე და მას არ უმაგრებდეს ზურგს ფინანსური მხარე. შესაბამისად, თუკი ეს მხარეც იქნება ასახული დოკუმენტში, რომ განისაზღვროს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი დაფინანსების პრინციპები როგორც კულტურის სამინისტროსი, ისე მის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციებისა, ვთვლი, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ პროცესის განვითარებისთვის“.

დაბოლოს, უნდა ითქვას ისიც, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებით, კულტურის ათწლიან სტრატეგიაში გათვალისწინებული იქნება ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული რჩევები.

XS
SM
MD
LG