Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიიღებს თუ არა პარლამენტი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონპროექტს


"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოეხმაურა. ოფიციალურ განცხადებაში უწყება წერს, რომ კანონპროექტი „არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ან დააკნინებს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას“. ეკონომიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ კანონის დღეს მოქმედი რედაქცია, რომლის თანახმადაც, ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ სათანადოდ შეისწავლოს ის წინაპირობები და კრიტერიუმები, რომლებიც დადგენილია ძეგლის სტატუსის მოსახსნელად“. ამ არგუმენტებს არ იზიარებენ ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორები. ცვლილების საწინააღმდეგო სამოქალაქო პეტიციაში კი წერია, რომ ძეგლის სტატუსის მოხსნა ყოველგვარი დაცვის გარეშე ტოვებს კულტურულ მემკვიდრეობას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების საჭიროებას რამდენიმე არგუმენტით ასაბუთებს. ერთი წარსულში დაშვებული შეცდომებია, რომელიც, უწყების განცხადებით, უნდა გამოსწორდეს, მეორე კი - მომავალში ჩასადები ინვესტიცია:

„გასულ წლებში რიგ ობიექტებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება კანონმდებლობით განსაზღვრული სამეცნიერო კრიტერიუმების უგულებელყოფით ხდებოდა, მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან დაკავშირებული ისტორიული ან კულტურული ღირებულების შეფასების გვერდის ავლით. აღნიშნული გარემოების ამსახველი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის ბრძანება, რომლითაც 4075 ობიექტს ერთდროულად მიენიჭა ძეგლის სტატუსი ყოველგვარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. ბუნებრივია, მსგავსი სახის ფაქტები ბადებს კითხვებს აღნიშნული გადაწყვეტილებების ადეკვატურობასა და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“.

რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, უარყოფითად აისახოს ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობებისა და ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით და ასევე კონკრეტული მოქალაქეების ინტერესებზე...
ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული რედაქციით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის დროს, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელი იქნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ოღონდ ეს განხორციელდება საზოგადოებრივი ინტერესების დასაბუთების, ეკონომიკური ეფექტების ანალიზისა და კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული შეფასებების საფუძველზე.

ეკონომიკის სამინისტრო განცხადებაში ასევე მიუთითებს, რომ წინა წლებში დაშვებული შეცდომების გამო აუცილებლობის შემთხვევაში ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა დღეს გართულებულია, რაც, „რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, უარყოფითად აისახოს ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობებისა და ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით და ასევე კონკრეტული მოქალაქეების ინტერესებზე, რომელთა საცხოვრებელ სახლებსაც თავის დროზე მიენიჭათ ძეგლის სტატუსი და რომლებიც დღეს რიგი პრობლემების წინაშე დგანან მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ ხორციელდება მათი საცხოვრებელი სახლებისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა“.

ამ არგუმენტაციას არ იზიარებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელმაც 22 ნოემბერს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების წინააღმდეგ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო პირების მიერ მხარდაჭერილი პეტიცია საქართველოს პარლამენტს, ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროებს წარუდგინა.

„თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლმა დაკარგა თავისი ღირებულება, კანონი ისედაც ითვალისწინებს შესაბამისი პროცედურების დაცვით ძეგლისთვის მისი სტატუსის მოხსნას. ხოლო თუ ღირებულება არ დაუკარგავს ამ ძეგლს, არ უნდა იყოს სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული, მოეხსნას თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შესაბამისი სტატუსი“, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თამჯდომარე კახა კოჟორიძე.
საიას იურისტი სულხან სალაძეც შენიშნავს, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ძეგლების დაცვის პროცესში კულტურის სამინისტროს მონაწილეობა აზრს კარგავს.

ეკონომიკის სამინისტრომ კულტურის სამინისტროს მიმართა და სთხოვა, რომ მიხეილის საავადმყოფოსთვის მოეხსნა ძეგლის სტატუსი, რადგან ინვესტორი ამას ითხოვდა. ჩუბინიშვილის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტმა უარყოფითი დასკვნა დაწერა, რომ ვერანაირ საამისო მიზეზს ვერ ხედავდა...
თამარ ამაშუკელი
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელიც ამბობს, რომ პარლამენტი კარგად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, რადგან, მისი თქმით, თუ ჩვენ დავიწყეთ კულტურული მემკვიდრეობის ფულად ერთეულში გადაყვანა, მაშინ ყველა შენობას, ცხადია, ექნება თავისი ფასი, ხოლო თუ ვინმე სოლიდურ თანხას შემოგვთავაზებს, ჩვენ კი ვიტყვით, რომ ეს სახელმწიფო ინტერესებში შედის, მაშინ არც ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღარ გვექნება. თამარ ამაშუკელი აცხადებს, რომ კანონის შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა მიხეილის საავადმყოფოს გაყიდვა გახდა:

„ეკონომიკის სამინისტრომ კულტურის სამინისტროს მიმართა და სთხოვა, რომ მიხეილის საავადმყოფოსთვის მოეხსნა ძეგლის სტატუსი, რადგან ინვესტორი ამას ითხოვდა. ჩუბინიშვილის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტმა უარყოფითი დასკვნა დაწერა, რომ ვერანაირ საამისო მიზეზს ვერ ხედავდა, მაშინ კულტურის სამინისტროც დაეთანხმა ამ დასკვნას და ეკონომიკის სამინისტროს თხოვნაზე უარი მისწერა. ეკონომიკის სამინისტრო კი, ალბათ, მიხვდა, რომ ეს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ, არამედ სხვა შემთხვევებშიც შეიძლება იქცეს მათთვის დაბრკოლებად და გადაწყვიტა კანონის შეცვლა“.

თამარ ამაშუკელი პარალელს ავლებს 2007 წელს კანონში შეტანილ ერთ ცვლილებასთან, რომლის თანახმადაც, მაშინ კანონში ჩაიწერა, რომ ძეგლის გარეგანი სახის შეცვლა შესაძლებელია, თუ ამით არ კნინდება ძეგლის ღირებულება. ზუსტად იგივე ხდება დღესაც. მაშინაც რას ნიშნავდა სიტყვა „დაკნინება“, არ იყო გაწერილი. არადა, ჩემთვის, როგორც ხელოვნებათმცოდნისთვის, სხვა რამეა „დაკნინება“ და თბილისის მერისთვის - სხვა და ეკონომიკის სამინისტროსთვის -სხვა. მაშინ ის დავა გემოვნების პლასტში გადავიდა. არადა, ძეგლების რესტავრაციასთან მიმართებით ასეთი რამ არ არსებობს. ეს კანონით რეგულირდება და მთელი ცივილიზებული მსოფლიო ცდილობს, რომ ამ პროცესიდან ამოაგდოს სუბიექტი“.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტმა უკვე განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ მას მომხრეებიც ჰყავდა და მოწინააღმდეგეებიც. ყველანი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ძეგლს არ უნდა მოეხსნას სტატუსი კომპეტენტური სპეციალისტების დასკვნის გარეშე.
„ასე თუ ისე შევჯერდით იმაზე, რომ მეორე მოსმენის დროს გონივრული ვარიანტი უნდა მოიძებნოს, სადაც ცალსახად იქნება დაფიქსირებული, რომ ძეგლის სტატუსს ვერავინ შეეხება, სანამ კომპეტენტური სპეციალისტებისგან შემდგარი საბჭო არ მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ახლანდელი ვარიანტის თანახმად, ეს საბჭო გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობს“.
ამავე საკითხზე 22 ნოემბერს მრგვალი მაგიდა გაიმართა კულტურის სამინისტროშიც. სამინისტროს შეფასებით, წარმოდგენილ კანონპროექტში ხარვეზები არის, მაგრამ ის მიესალმება იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილებას მთავრობა, კულტურის სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, ერთობლივად მიიღებს.

22 ნოემბერს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც განაცხადა, რომ საკითხს სწავლობს და მისი პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პარლამენტის ბიუროს სხდომა კი ორშაბათს გადაწყვეტს, როდის გავა აღნიშნული კანონპროეტი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი ამ კანონპროექტს საერთოდ მხარს დაუჭერს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG