Accessibility links

logo-print

რაში ვერ დაარწმუნა ამერიკის ელჩმა ნატოს პარტნიორები 2008 წლის აგვისტოში? რატომ ამოიღეს „უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტიდან“ აბზაცი, რომელიც უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას ამერიკის ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის (MNNA) სტატუსს ანიჭებდა?

კურტ ვოლკერი ნატოში შეერთებული შტატების ელჩად რამდენიმე დღის დანიშნული იყო, როცა 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო. ამჟამად მაკეინის ინსტიტუტის პრეზიდენტი „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის მიერ ნატოსკენ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და საუბარში პარალელებს საქართველოსთანაც ავლებს.

უკრაინამ 23 დეკემბერს ნაბიჯი ნატოში გაწევრიანების მიმართულებით გადგა. პარლამენტმა გააუქმა კანონი კიევის ნეიტრალური, ბლოკგარეშე ქვეყნის სტატუსის შესახებ, რომელიც 2010 წელს რუსეთის ზეწოლით იქნა დამტკიცებული. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ის ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეეცდება.

კურტ ვოლკერი, ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ამჟამად კი მაკეინის ინსტიტუტის პრეზიდენტი უკრაინის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას უფრო განმარტებითი ხასიათი აქვს და უშუალო გავლენას ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტზე ჯერჯერობით ვერ მოახდენს. კიევმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ „უკრაინელებს საკუთარი ხედვა აქვთ; მათ შეუძლიათ არჩევანის გაკეთება და მათ აქვთ სურვილი გამოხატონ ის... ჩვენ ყველა ვალდებული ვართ მათ მოვუსმინოთ და გავიგოთ, რომ ის, რაც უკრაინას რუსეთის ხელით დაემართა, ვგულისხმობ თავდასხმას, ანექსიას და ოკუპაციას, ეს უკრაინის სურვილით და ნებით არ მომხდარა“ - აღნიშნავს ვოლკერი.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ქვეყანა, რომლის ტერიტორია ხელყოფილი და ოკუპირებულია, ნაწილი კი მიტაცებული, თავდაცვით ალიანსში შესვლას ცდილობს, რათა საკუთარი ტერიტორია, სუვერენიტეტი და ხალხი დაიცვას. 303 ხმა 8-ის წინააღმდეგ ძალზე „შთამბეჭდავი პასუხია რუსეთის მცდელობაზე თავს მოახვიოს უკრაინას საკუთარი ნება“. თუმცა, ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში იმასაც ამბობს, რომ ჯერჯერობით ვერავინ იტყვის, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა.

„იმისათვის, რომ ქვეყანა ნატოში მართლაც გაწევრიანდეს, აუცილებელია თვითონ ნატოს წევრი ქვეყნების კონსენსუსიც მისი მოწვევის შესახებ. ამასთან ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს წევრობის იმ სტანდარტებს, რომელიც დიდი ხნის წინ არის დამკვიდრებული, როცა ესა თუ ის სახელმწიფო გაწევრიანდა. მათ შორის არის: დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა, უსაფრთხოების ძალების ფუნქციონალური თავსებადობა, არმიის სამოქალაქო კონტროლი, მეზობლებთან კარგი ურთიერთობა, ზოგადად ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილი და ასე შემდეგ... თუმცა, იანუკოვიჩის დროს რუსეთის ზეწოლით მიღებული ბლოკგარეშე სტატუსის მოხსნა, თავისთავად, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ეს არის სიგნალი, რომელიც ადასტურებს უკრაინელი ხალხის ნებას, რომელსაც სურს, რომ ევროპის ნაწილი რეალურად გახდეს“.

უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ობამას ხელმოწერით კანონის ძალა მიიღო „უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერმა აქტმა“. ხელმოწერამდე კანონპროექტიდან ამოიღეს აბზაცი, რომელიც უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას ამერიკის ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის (MNNA) სტატუსს ანიჭებდა. ვოლკერი ამ ნაბიჯის გამომწვევ მიზეზზეც საუბრობს და ამბობს, რომ ძალზე სამწუხაროა, რომ ევროპაში და ამერიკაშიც „არის ხალხი, ვისაც სჯერა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც საკუთარ არჩევანს აკეთებენ უსაფრთხოების ურთიერთობებთან დაკავშირებით, როგორღაც რუსეთის პროვოცირებას ახდენენ“. ამგვარ არგუმენტირებას ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში „აბსოლუტურად მიუღებლად“ მიიჩნევს.

„ისინი ამტკიცებენ, რომ ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭება თავისთავად რუსეთის პროვოცირება იქნება, რამაც შესაძლოა რუსეთის მხრიდან შესაბამისი რეაქცია გამოიწვიოს. მაგალითად, თავს დაესხას ამ ქვეყნებს, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის. ამიტომ, რუსეთთან მშვიდი ურთიერთობის შესანარჩუნებლად ამგვარი ლექსიკისთვის თავის არიდება ამის ერთ-ერთი მიზეზი უნდა იყოს... ისეთი ხალხიც არსებობს, ვინც ამტკიცებს, რომ ამ ქვეყნების მხრიდან თავდაცვის მცდელობაც კი რუსეთის პროვოცირების საბაბია. ისევე როგორც საქართველო ცდილობდა თავის დაცვას 2008 წელს, როცა მასზე იერიში რუსეთმა მიიტანა“ - ამბობს ის.

აქედან გამომდინარე, ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკის „სურვილია, თავი აარიდოს იმ არასწორი იმედის გაჩენას, თითქოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები, ან ევროპა ამ ქვეყნების დასაცავად გაეშურება". ვოლკერი ასეთ არგუმენტაციასაც არასწორად და „საკმაოდ შეცდომაში შემყვან მტკიცებად“ მიიჩნევს, თუმცა, ამის მიუხედავად ამბობს, რომ ეს გავრცელებული აზრია.

„ამერიკის ხმა“ დაინტერესდა, თუ რა რეაქცია ჰქონდათ უშუალოდ ნატოს ელჩებს 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ღიად შეიჭრა. ამასთან, სამხრეთ ოსეთში განვითარებული საომარი ქმედებების ფონზე რა იყო ამერიკის ელჩისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა?

„ყველაზე დიდი გამოწვევა, მაქსიმალური გულწრფელობით გეტყვით, იყო ის, რომ კონსენსუსის აუცილებლობიდან გამომდინარე, უნდა როგორმე დაგვერწმუნებინა ნატოს დანარჩენი მოკავშირეებიც, რომ ეს ყოველივე ნატოს პრობლემა იყო... რუსეთი როცა საქართველოში შეიჭრა, ეს ნატოში ჩემი სამსახურის ერთ-ერთი პირველი დღე იყო. მე შევთავაზე ალიანსს განცხადება გაეკეთებინა. ეს უნდა ყოფილიყო ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ; რომ ორივე მხარემ უკან დაიხიოს იმ პოზიციებზე, რომელსაც ისინი 6 აგვისტოს იკავებდნენ და რომ კრიზისის გადაწყვეტისთვის სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის ლიდერების მცდელობასთან თანხმობაშია. ვერაფრით მივაღწიე თანხმობას ნატოს დანარჩენი მოკავშირეებისგან თუნდაც ამგვარი ერთობლივი განცხადების გაკეთებაზე. მოისმენდით ასეთ აზრებსაც: „ჩვენ არ გვსურს სიტუაციის მილიტარიზება“. და ეს მაშინ, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე უკვე სამხედრო ძალას იყენებდა. ასეთ დროს ჩვენი განცხადების სიტყვები თურმე მილიტარიზების ნიშანი იქნებოდა...“ - იგონებს კურტ ვოლკერი.

მისი აზრით, ზოგადად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბევრად უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ ევროპელი პარტნიორების დიდი ნაწილი ნატოს აღიქვამს, როგორც მხოლოდ სამხედრო ბლოკს. მათი მხრიდან ერთიანი პოლიტიკური ქმედების საჭიროების უგულვებელყოფა ხდება. ვოლკერის თქმით, ასევე ხდება იმ ნიუანსების იგნორირება, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას და ევროპის უსაფრთხოების დაწინაურებას შორის უნდა არსებობდეს.

რაც შეეხება შემდგომში მოსკოვიდან მომავალ საფრთხეს და უახლოეს მომავალში კრემლის სავარაუდო აგრესიას, ვოლკერი მოვლენების განვითარების შესაძლებლობის მთელ სპექტრზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში ქმედებას ალბათ ისევ გააგრძელებს, მითუმეტეს, პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების პასუხად. უფრო შორსაც წავა და სავარაუდოდ იმ სახმელეთო ნაწილის დასაკუთრებას შეეცდება, რომელიც ყირიმს აღმოსავლეთ უკრაინასთან აკავშირებს, მათ შორის, მარიუპოლისაც. ამას გარდა, შეიძლება მოლდოვაში, დნესტრისპირეთშიც იმოქმედოს, რომელიც უკვე ოკუპირებულია, მაგრამ ანექსირებული - ჯერ არა.

„შავი ზღვისკენ დნესტრისპირეთს და ყირიმს შორის არსებული სივრცითაც შეიძლება დაინტერესდეს და ამ მიმართულებით წავიდეს. უკვე ვნახეთ დუმაში აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. არც აფხაზეთის ანექსიაა გამორიცხული. შეიძლება სამხრეთ ოსეთი მიიერთოს და ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად ის რუსეთის ფედერაციის ფარგლებში მოაქციოს“ - ამბობს ვოლკერი.

ის სკეპტიკურად უყურებს ბალტიისპირეთის საზღვარზე სამხედრო ძალის გამოყენებით შეჭრის ალბათობას, რადგან მისი აზრით, ამგვარი ნაბიჯი დანამდვილებით გამოიწვევს ნატოს საპასუხო რეაქციას. „პუტინი კი ისეთ ქმედებას ამჯობინებს, რომელსაც უფრო შეფარული მეთოდებით მოქმედება სჭირდება. როგორიცაა მაგალითად, დაზვერვის ოფიცრების, ან საგანგებო ძალების საშუალებით უწესრიგობების, საპროტესტო აქციების მხარდაჭერა, ეთნიკურ რუსებში პროპაგანდის გაძლიერება და მათი გამოწვევა და შემდეგ შეხედვა, თუ როგორ მოიქცევა მაგალითად ლატვია, ან ლიტვა. ამასობაში დააკვირდება ნატოს, თუ რას მოიმოქმედებს ალიანსი და ამის შესაბამისად საბოლოო მიზნების ადაპტირებას მოახდენს“ - აცხადებს ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში.

XS
SM
MD
LG