Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი კურტ ვონეგუტის ტელეგრაფიულ-შიზოფრენიული ენით


პლანეტაზე ერთადერთი ადამიანია, რომელსაც დრეზდენის დაბომბვამ ათობით მილიონი დოლარი შესძინა. „დაბომბვამ ვერ შეამცირა ომი ნახევარი წამითაც კი, ვერ დაასუსტა გერმანული დაცვა, ვერავინ გაათავისუფლა საკონცენტრაციო ბანაკიდან. მხოლოდ ერთი დარჩა მოგებული, და არა ორი, ხუთი თუ ათი. მხოლოდ ერთი – მე. წარმოდგინეთ, თითოეული მკვდრისგან სამი დოლარი მერგო", – თქვა კურტ ვონეგუტმა ინტერვიუში, რომელიც მის რომანს, „სასაკლაო 5“-ს ეხებოდა.

გადმოწერა

ვინც ვონეგუტის შემოქმედებას ასე თუ ისე იცნობს, მის სარკაზმს თუ შავ იუმორს, მაინცდამაინც, ალბათ, არც ეს გამონათქვამი გაუკვირდება. კაცმა რომ თქვას, ომზე დაწერილი წიგნებით ძალიან ბევრ მწერალს გაუკეთებია ფული, მაგრამ ვონეგუტის ეს ფრაზა იმითაა გამორჩეული, რომ იმ პოზიციის გაგრძელებას თუ შეჯამებას წარმოადგენს, რომელიც ამ რომანში უკიდურესი ფორმებითაა გამოხატული. „სასაკლაო 5“, რომელიც შარშან დაბეჭდა გამომცემლობა „დიოგენემ“, ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ, ტექსტში გაფანტული ლექსების მთარგმნელი კი დავით ახალაძეა. ეს რომანი ვონეგუტმა 1969 წელს გამოსცა და ამერიკაში მაშინვე „შავ სიაში“ მოხვდა, მავნე წიგნად ჩაითვალა. ამერიკული ქვეითი რაზმის ჯარისკაცი, 22 წლის ვონეგუტი, 1944 წელს გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა, მერე სამუშაოდ დრეზდენში გადაიყვანეს, სადაც 1945 წლის 13-14 თებერვალს საშინელ დაბომბვას შეესწრო, მაგრამ გადარჩა.

მარი ბექაური
მარი ბექაური

წიგნის შესახებ პროზაიკოს მარი ბექაური გვესაუბრება:

მარი ბექაური: „ძალიან საინტერესოა, წიგნის შესავალ ნაწილში რაც წერია: როგორ გადაწყვიტა ვონეგუტმა ამ წიგნის დაწერა. თავის ძველ მეგობარს ესტუმრა, რომელთან ერთადაც ომში იბრძოდა და იქ უთხრა ამ მეგობრის ცოლმა ძალიან კარგი რაღაც: რომ ისე გამოიყვანთ, თითქოს მაშინ ბავშვები კი არა, კაცები იყავით და მერე ამ წიგნზე ფილმს გადაიღებენ, სადაც როლებს ფრენკ სინატრა და ჯონ უეინი ითამაშებენ და ა.შ., მართალს ეუბნება. მერე წერს უკვე ვონეგუტი, რომ მაშინ გადაწყვიტა, დაეწერა სიმართლე ჯარისკაცებზე და წიგნისთვის დაერქმია „სასაკლაო 5, ანუ ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობა".

მე ვთვლი, რომ მართლა გმირობა ისაა, რაც ვონეგუტმა ამ წიგნში გააკეთა, იმიტომ რომ, ძალიან ძნელია, გაბედო და ისაუბრო სამხედრო დანაშაულზე, რომელსაც შენი ქვეყანა სჩადის მოწინააღმდეგე ქვეყნის მიმართ, და მითუმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა გერმანიაზე, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან გამარჯვებული გამოვიდა. როგორც ვონეგუტის სხვა წიგნებშიც ხდება ხოლმე, ამ წიგნშიც შავი იუმორი უხვად და მრავლადაა, მაგრამ ვონეგუტი ამბობს, რომ მას ჩაფიქრებული ჰქონდა, დაეწერა ისეთი წიგნი, როგორსაც სხვები წერენ ხოლმე ომზე, მაგრამ არა, გაყვა თავის სტილს.

შევეცადოთ მოკლედ აღვწეროთ ამ სტილის მთავარი მახასიათებლები. საერთოდ, ვონეგუტს წერის წყვეტილი მანერა აქვს. მუდამ ფლითავს სათქმელს ფრაგმენტებად, ნერვიულად კუწავს, აქუცმაცებს. აქაც იგივე ხდება და, ამ შემთხვევაში, თავად იგი ამას ტელეგრაფიულ-შიზოფრენიულ სტილს უწოდებს. ასე წერენ პლანეტა ტრალფამადორზე, სადაც რომანის მთავარი გმირი, ბილი პილგრიმი, მფრინავი თეფშით მიჰყავთ და როგორც საჩვენებელ არსებას, ზოოპარკში აცხოვრებენ. სად დრეზდენის დაბომბვა და სად უცხოპლანეტელებიო, ცხადია ყველა გაიფიქრებს, და სწორედ ამაშია საქმე: ყოველივე ეს ვონეგუტს სჭირდება, რათა რაც შეიძლება მეტი დისტანცირება მოახდინოს იმ მოვლენისგან, რომლის ეპიცენტრშიც იმყოფებოდა, უცხო თვალით დაინახოს ყოველივე ეს, მეტიც – უბრალოდ უცხო კი არა, საერთოდაც უცხოპლანეტელის თვალით. „სასაკლაო 5“ რეალურად ის ადგილია, სადაც ავტორი სხვა ამერიკელ ტყვეებთან ერთად ცხოვრობდა დრეზდენში, მაგრამ სიმბოლურად შეიძლება ტრალფამადორების მიერ შერქმეულ დედამიწის სახელწოდებადაც წარმოვიდგინოთ. თუმცა ისიცაა, რომ ტრალფამადორები ოთხგანზომილებიან სივრცეს აღიქვამენ და ამიტომ წარსულის, აწმყოს და მომავლის ყველა მოვლენას ხედავენ. მათთვის ადამიანი კვდება, მაგრამ არც კვდება, რადგან წარსულიც და აწმყოც მუდამ არსებობს და ადამიანი ამ დროებში ცხოვრებას მაინც განაგრძობს. ტრალფამადორელების ეს უნარი აქვს ბილი პილგრიმსაც და მთელი რომანის განმავლობაში ის დროში მოძრაობს: ბავშვობა, ომი, ომისშემდგომი პერიოდი ერთმანეთს ენაცვლება და სწორედ ეს ქმნის ამ ტელეგრაფიულ-შიზოფრენიულ სტილს, რომელიც დატვირთულია გროტესკით, კარიკატურულობით და, რაც შემზარავისა და კომიკურის მუტაციას აკეთებს, სტერეოტიპებს ანგრევს და ამ გზით ახერხებს რეალური სურათის ჩვენებას.

მარი ბექაური: ბილის ყველა შეშლილად მიიჩნევს, აწვენენ კლინიკაში, მაგრამ უცნაური ის არის, რომ ექიმები მისი გაგიჟების მიზეზებს ეძებენ მის ბავშვობაში და არ ითვალისწინებენ ომის ფაქტორს. ანუ არავინ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი შეიძლება გამოწვეული იყოს ომისგან. კითხვისას რაც მომეწონა, ის იყო, რომ მუდმივად იცვლება დრო, ჩვენ სხვადასხვა დროში და სხვადასხვა გარემოში ვხვდებით, და ყველაზე საინტერესო ჩემთვის იყო თვითონ ომის ეპიზოდები.

შეიძლება ვიღაცისთვის „სასაკლაო 5“ იყოს საი-ფაი, იმიტომ რომ აქ არის უცხო პლანეტა ტრალფამადორი, არის დროში მოგზაურობა და გადაადგილება და ბევრი უცნაური რამ, უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის შესწავლა, მაგრამ, პირადად ჩემთვის, ეს წიგნი არის ომზე დაწერილი ყველაზე გულწრფელი წიგნი, რომელიც წამიკითხავს, რომელიც ყველაზე ობიექტურად ასახავს ომის რაობას და ომის მნიშვნელობას...
მარი ბექაური

ოფიციალური ცნობებით, ვიკიპედიაში ახლაც რომ გადავამოწმოთ, ვნახავთ, რომ დრეზდენის დაბომბვისას დაიღუპა 22 000 ადამიანი, როცა რეალურად, როგორც წიგნის ავტორი ამბობს, და კურტ ვონეგუტი თვითონ იბრძოდა, თვითონ იმყოფებოდა დრეზდენში, ამ დროს დაიღუპა 130 000-135 000 ადამიანი. გამოდის, რომ დრეზდენს ემსხვერპლა უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე, ვიდრე ატომური ბომბის ჩამოგდებას ჰიროსიმაზე. შეიძლება ვიღაცისთვის „სასაკლაო 5“ იყოს საი-ფაი, იმიტომ რომ აქ არის უცხო პლანეტა ტრალფამადორი, არის დროში მოგზაურობა და გადაადგილება და ბევრი უცნაური რამ, უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის შესწავლა, მაგრამ, პირადად ჩემთვის, ეს წიგნი არის ომზე დაწერილი ყველაზე გულწრფელი წიგნი, რომელიც წამიკითხავს, რომელიც ყველაზე ობიექტურად ასახავს ომის რაობას და ომის მნიშვნელობას, იმიტომ რომ, ძირითადად, ომზე დაწერილ წიგნებში ან თუნდაც ომზე გადაღებულ ფილმებში, ყოველთვის არის ისეთი სიუჟეტი, რომ საგმირო ამბებია და ვიღაც გმირია და ვიღაც სასტიკი დამნაშავე და ერთი მხარე ყოველთვის კეთილია და მეორე ბოროტი, და, რაც მთავარია, კიდევ, ყოველთვის ხდება ომის რომანტიზება, რაც არ ხდება ამ წიგნის შემთხვევაში. ანუ კურტ ვონეგუტი მოგვითხრობს, რა ემართება ადამიანს ომში ყოფნისას. რომ მისთვის აბსოლუტურად ყველაფერი აზრს და მნიშვნელობას კარგავს, იმიტომ რომ, აი, თუნდაც ბილი პილგრიმის ეპიზოდებში, ეს ადამიანი იმ მდგომარეობამდე მიდის, რომ რეალობის აღქმა საერთოდ დაკარგული აქვს. ვეღარ არჩევს, ძინავს თუ ღვიძავს, დგას თუ მიდის, საკუთარ მდგომარეობას ვეღარ აცნობიერებს, ანუ მისი ფსიქიკა დარღვეული და განადგურებულია.

„სასაკლაო 5“-ს რეფრენად ერთი ფრაზა მიჰყვება. ხდება რაღაც საშინელება, ხშირად ბოროტი იუმორით გაფორმებული, იტყვის ვონეგუტი: „ჰოდა ეგრე“ და გააგრძელებს თხრობას. და ასე, ბოლომდე. გულგრილობის, ანტიჰუმანურობის თითქოსდა ზეიმია. შეიძლება გაიფიქრო კიდეც მწერალზე, როგორ ახერხებს, ასეთი საძაგელი იყოს. მაგრამ ის ხომ ყველაზე ამაზრზენ საძაგლობაზე, ომზე წერს და ამიტომ წერს ასეც. გავიხსენოთ, რომ ორი მინუსი - პლუსია. ომზე რომანტიკულად რომ წერენ ხოლმე, აი, მაშინ გამოდის სწორედ მინუსი, რადგან მინუსი და პლუსი მინუსია. ვონეგუტმა კი ამ თავისი მწარე ენით და ვითომდა ცივი გულით, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი დაწერა ომზე. ბევრ ენაზეა იგი ნათარგმნი და კარგი იქნება, დღესაც ამ რომანს მეომარ ჯარისკაცებს პროკლამაციებად თუ ჩავუყრით და, რაც მთავარია, ვინც ამ ომებს იწყებს, ძალით თუ წავაკითხებთ. თუმცა, ეგენი, ალბათ, მაინც ვერაფერს მიხვდებიან. ისევ ჯობს, რიგითი ჯარისკაცები და მოქალაქეები მიხვდნენ, რისი თქმა უნდოდა ასეთი წიგნით ბომბებს სასწაულებრივად გადარჩენილს მწერალს. ჰოდა ეგრე. წაიკითხეთ...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG