Accessibility links

logo-print
საპარლამენტო ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის პირველი კანდიდატი კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა - გუბაზ სანიკიძე ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს მეორედ იყრის. მას ოპონირებას გაუწევენ „ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატი, ქუთაისის საკრებულოს წევრი მამუკა მღვდელაძე, „ქრისტიან- დემოკრატი“ გიორგი ახვლედიანი და პარტიების “თავისუფალი საქართველოს“, „თეთრებისა“ და „ტრადიციონალისტების“ მაჟორიტარი დეპუტატობის ერთობლივი კანდიდატი თემურ შაშიაშვილი. შაშიაშვილი „ვარდების რევოლუციამდე“ იმერეთის მხარის გუბერნატორი და ქუთაისის მერი იყო.

მმართველი პოლიტიკური გუნდი ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფიციალურად წარდგენას არ ჩქარობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქუთაისში ჩატარებულ გამოკითხვებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე დასახელდა. გასულ კვირაში ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მერს გიორგი თევდორაძეს უფლებამოსილება შეუჩერა. გიორგი თევდორაძე, ამავე დროს, „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელიცაა და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოფიციალური წარდგენა, სავარაუდოდ, 1 სექტემბრამდე მოხდება. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალში განმარტავენ, სწორედ ამ დრომდე აქვთ ვადა პოლიტიკურ სუბიექტებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინონ.

ამომრჩეველთა ნაწილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას ღიად აფიქსირებს. რადიო თავისუფლების რესპონდენტებს ქუთაისის მაჟორიტარის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ.
XS
SM
MD
LG