Accessibility links

ქუთაისში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობენ


ახალი პარლამენტის შენობა ქუთაისში

ახალი პარლამენტის შენობა ქუთაისში

ქუთაისში მშვიდობიანი აქციის გასამართად კოალიციამ „ქართული ოცნება“ 10 ივნისი დაასახელა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პოლიტიკურმა გაერთიანებამ ოთხჯერ შეიტანა განაცხადი, მერიაში სხვადასხვა ადგილისა და დროის გამოყოფის მოთხოვნით.

ამჟამად „ქართული ოცნება“ ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბეების მიმდებარე ტერიტორიაზე, მშვიდობიანი მანიფესტაციისთვის ემზადება.

„ქართული ოცნების“ ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებმა მერიას პირველად 28 მაისს მიმართეს და 7 ივნისისთვის ცენტრალური მოედნის გამოყოფა მოითხოვეს, რაზეც ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფესტივალ „არტ-ივნისის“ კულტურული ღონისძიებების გამო უარი უთხრა, რის შემდეგაც მერიამ ოპოზიციურ პარტიას, ნაკლებმნიშვნელოვანი ღონისძიებების მოტივით, 11-დან 15 ივნისამდე შესთავაზა ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვა. კოალიციის საბოლოო გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება “ მშვიდობიან შეკრებას დავით აღმაშენებლის ძეგლთან კვირას, საღამოს 6 საათზე, გამართავს.
კოალიციის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებმა მერიის მხრიდან რამდენჯერმე უარის მიღება და ალტერნატიული ფართის შეთავაზება პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასეს. თავის მხრივ, მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ალტერნატიული ფართისა და დროის შეთავაზება კულტურული ღონისძიებების სიმრავლის გამო მოხდა.

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას ადამიანებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაშიც ადანაშაულებენ. მწერალი ცირა ყურაშვილი სამსახურიდან დათხოვნას საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს და ამბობს, რომ ერთი თვის წინ ავტოქარხნის სამხრეთ დასახლებაში მოსახლეობისა და „ქართული ოცნების “ ხალხმრავალი შეხვედრის ორგანიზებისთვის დაითხოვეს ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან. მისივე თქმით, ბიბლიოთეკარის თანამდებობიდან გათავისუფლება ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე მოხდა.

მწერალ ცირა ყურაშვილის მსგავსად, მის სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნას უწოდებს „ქართული ოცნების “ რესპუბლიკელი წევრი ნატო ქათამაძე.

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე უარყოფს ინფორმაციას ცირა ყურაშვილის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების თაობაზე. ჩოგოვაძის განმარტებით, თანამშრომელთა შემცირება დაწესებულებაში მიმდინარე იპტიმიზაციის პროცესმა და იშვიათი განყოფილებისა და რესტავრაციის სექტორის გაერთიანებამ გამოიწვია.
თავის მხრივ, კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების უფლებების დასაცავად სამართლებრივ გზებს გამოიყენებენ.
XS
SM
MD
LG