Accessibility links

logo-print
საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ კვირაში ქუთაისში პირველი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საპარლამენტო დედაქალაქის მერის თანამდებობა საკრებულოს უმრავლესობის უკვე ყოფილმა წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ ბრეგაძემ დაიკავა. საკრებულოს მიერ მერის დამტკიცებას აპროტესტებენ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები. „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლის მამუკა მღვდელაძის შეფასებით, საკრებულოს გადაწყვეტილება ქალაქს ჩიხში შეიყვანს, რადგან ახალი მერი საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეცვლილ ხელისუფლებასთან ეფექტურად ვერ ითანამშრომლებს.

საკრებულოს გადაწყვეტილებას და მერის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრები და საკრებულოს გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვენ. „ქრისტიან–დემოკრატების“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარისა და ქალაქის საკრებულოს წევრის დავით დვალის თქმით, ქალაქის საკრებულოს მიერ ახალი მერის დამტკიცებისას ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს. დვალის განცხადებით, უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი მერობის მსურველი პირებისათვის და კანდიდატს უნდა წარედგინა მომავალი სამოქმედო პროგრამა.
„ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორის ნოდარ ჯიქიას განმარტებით, კონკურსის გამოცხადებას საკრებულოს კანონი არ ავალდებულებს, თუმცა, მისივე თქმით, ეს კანონის ხარვეზია, რომელიც 2010 წლამდე უკეთესად რეგულირდებოდა.

საკრებულოს მიერ საპარლამენტო დედაქალაქის მერის არჩევას ნაჩქარევს უწოდებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“, ხელმძღვანელი ნუგზარ კოხრეიძე. მისი შეფასებით, შესაძლოა გადაწყვეტილება მალე გადახედვის საგანი გახდეს, მით უფრო მაშინ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები შეკვეცილია.

თავის მხრივ, საპარლამენტო დედაქალაქის მერად არჩეული ბესიკ ბრეგაძე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს.

ბესიკ ბრეგაძე ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქუთაისის რიგით მეშვიდე მერია. მისმა წინამორბედმა გიორგი თევდორაძემ თანამდებობა 16 აგვისტოს დატოვა, საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის გამო.
XS
SM
MD
LG