Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ტუროპერატორებისთვის დაბეგრილი შიდატურიზმი არამომგებიანია


ქუთაისი
ქუთაისი
ბაგრატის ტაძარი, გელათისა და მოწამეთას მონასტრები, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ვანის ანტიკური კულტურის არქეოლოგიური მუზეუმები, კაცხის სვეტი - ეს ის ადგილებია, რომლებსაც ქუთაისში ჩასული ტურისტები ყველაზე ხშირად ათვალიერებენ. ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში შესულ ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, წელს ქალაქს, შარშანდელისგან განსხვავებით, მეტი ტურისტი ორგანიზებული ტურის მეშვეობით ეწვია, გასულ წელს კი ინდივიდუალურად და ოჯახით ვიზიტორები ჭარბობდნენ. სტატისტიკური მონაცემებით, მნახველთა სიჭარბე, შარშანდელის მსგავსად, იმერეთის მღვიმეთა კომპლექსში დაფიქსირდა. სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები მაისიდან ივლისის ჩათვლით 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.
ქუთაისში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, სადაც ვიზიტორები სასურველ ინფორმაციას იღებენ, ქალაქის შუაგულშია განთავსებული. როგორც საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გიორგი გულუა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, ვიზიტორები ძირითადად კულტურულ-ისტორიული ტურებით ინტერესდებიან. გიორგი გულუა სტატისტიკურ მონაცემებს დადებითად აფასებს და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც ტურისტებს ექმნებათ.

ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ქუთაისში 5 ტურისტული კომპანია ფუნქციონირებს. როგორც ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს, „ვანდერლენდის“ ქუთაისის ფილიალის მენეჯერმა ლაშა ბერეკაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, გასულ წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 30%-ითაა გაზრდილი, რაც, თავად ტურისტების თქმით, უსაფრთხო გარემოს არსებობითა და ქართული სტუმართმოყვარეობითაა განპირობებული. ბერეკაშვილის თქმით, საზღვარგარეთიდან ჩასული ტურისტების განმეორებითი ვიზიტები გახშირდა, თუმცა ქვეყანაში შიდატურიზმის განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები შექმნილი ჯერ კიდევ არაა.

სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები და ტუროპერატორები ქუთაისში ვიზიტორთა მატებას აგვისტოსა და სექტემბერში ელოდებიან. ვიზიტორთა დაინტერესების ზრდის პარალელურად კომპანიები მათთვის შემეცნებით-კულტურულ სანახაობებთან ერთად ეკო, ექსტრემალური და რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი ტურების შეთავაზებას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG