Accessibility links

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, ქუთაისის მოსახლეობა, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, პასიური სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩევა, რაც, კვლევის მიხედვით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ უარყოფით პასუხში აისახება. ეროვნულ მონაცემებთან შედარებით, ქუთაისში 10%-ით მეტია რაოდენობა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

რადიო თვისუფლების რესპონდენტთა ნაწილი კი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ადამიანებს ნიჰილიზმი დააძლევინა და აქტიურობისკენ უბიძგა. მას შემდეგ კი, რაც პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა და საპარლამენტო არჩევნების თარიღად 1 ოქტომბერი ოფიციალურად გამოცხადდა, მოქალაქეთა ინტერესი პოლიტიკური საკითხებისადმი და არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის პირველი კანდიდატი კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა. გუბაზ სანიკიძე ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს მეორედ იყრის. მას ოპონირებას გაუწევენ „ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატი, ქუთაისის საკრებულოს წევრი მამუკა მღვდელაძე და პარტიების “თავისუფალი საქართველოს“, „თეთრებისა“ და „ტრადიციონალისტების“ მაჟორიტარი დეპუტატობის ერთობლივი კანდიდატი თემურ შაშიაშვილი. შაშიაშვილი „ვარდების რევოლუციამდე„ იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი იყო. მმართველი პოლიტიკური გუნდი ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფიციალურად წარდგენას არ ჩქარობს. გასულ კვირაში „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქუთაისში ჩატარებულ გამოკითხვებში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე დასახელდა. რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას ღიად აფიქსირებს. ქუთაისელებს მაჟორიტარის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ.
XS
SM
MD
LG