Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის თვითმართველობაში


1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის მერის ვაკანტური თანამდებობა საკრებულოს წევრმა ბესიკ ბრეგაძემ დაიკავა, რომელიც ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ახალი მერის დამტკიცებას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. მამუკა მღვდელაძის შეფასებით, საკრებულოს გადაწყვეტილება ქალაქს ჩიხში შეიყვანს, რადგან ახალი მერი საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეცვლილ ხელისუფლებასთან ეფექტურად ვერ ითანამშრომლებს. თავის მხრივ, საპარლამენტო დედაქალაქის მერად არჩეული ბესიკ ბრეგაძე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. ბესიკ ბრეგაძე ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქუთაისის რიგით მეშვიდე მერია. მისმა წინამორბედმა, გიორგი თევდორაძემ, თანამდებობა 16 აგვისტოს დატოვა, საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის გამო.

ქუთაისს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორი ახალი ვიცე-მერიც ჰყავს: მერიის შესყიდვების სამსახურის უკვე ყოფილმა უფროსმა კონსტანტინე რატიანმა და ეკონომისტმა ამირან ძოწენიძემ მერის მოადგილის თანამდებობებზე დავით ანდღულაძე და ირაკლი ჯიქია შეცვალეს. ეს უკანასკნელი იმერეთის ყოფილი გუბერნატორის, ლაშა მაქაცარიას გუნდის წევრად მოიაზრებოდა და, როგორც მერიაში აცხადებენ, თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. რაც შეეხება დავით ანდღულაძეს, იგი თანამდებობიდან, ასევე პირადი განცხადების საფუძველზე, დაახლოებით 7 თვის წინ წავიდა.

ცვლილებებია ქუთაისის საკრებულოშიც. საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ 7-მა წევრმა დატოვა. საკრებულოში შეიქმნა ფრაქცია, სახელწოდებით “ქუთაისი“, რომელსაც „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი და საკრებულოს წევრი მამუკა მღვდელაძე ხელმძღვანელობს და რომელშიც ყოფილი „ნაციონალები“ კახა ნურალიძე და გიორგი სიხარულიძე გაერთიანდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული 5 წევრი - აკაკი სიხარულიძე, ვიტალი ბოჭორიშვილი, მანანა კიკაბიძე, ირინა ივანეიშვილი და ნოე კუხიანიძე - დღემდე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს ინარჩუნებს. ნოე კუხიანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობდა.

საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას და მის თანამდებობაზე დატოვებას, რაც საკრებულოს ერთ-ერთ ბოლო რიგგარეშე სხდომაზე განხორციელდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ერთიანობის დემონსტრირებად აფასებს საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი უკლება.

საკრებულოს გადაწყვეტილება თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის, ქრისტიან-დემოკრატ დავით დვალის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თავად დავით დვალის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ოპონენტების მიმართ შიშითაა გამოწვეული.

ამჟამად ქუთაისის საკრებულოში ოთხი ფრაქციაა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „მაჟორიტარები“, „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ქუთაისი“. 2010-2014 წლების მოწვევის ქუთაისის საკრებულოს 25 დეპუტატიდან ბესიკ ბრეგაძის ქალაქის მერად არჩევის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით საკრებულოში 13 წევრი რჩება და, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობას ინარჩუნებს.
XS
SM
MD
LG