Accessibility links

logo-print

ქუთაისის მერიის მონიტორინგს კოალიცია განახორციელებს


ქუთაისი

ქუთაისი

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგისთვის ქუთაისში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „გამჭვირვალე საქართველოსთვის“. კოალიციაში იმერეთის მასშტაბით მოქმედი 7 საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაერთიანდა და, როგორც მისი წევრები აცხადებენ, მერიის სამსახურების საქმიანობის მონიტორინგთან ერთად გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფენ.

კოალიციის ერთ-ერთი წევრის, სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის, „არგუსის“ ხელმძღვანელის, მანანა მანაგაძის განმარტებით, კოალიციის შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლობამ და მის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია, რასაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის იგნორირება მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ახლად შექმნილი გაერთიანების კიდევ ერთი წევრის, კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაცია “საჩინოს” აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ ხურციძის ინფორმაციით, კოალიცია პირველ ეტაპზე წერილით მიმართავს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ საკრებულომ ქალაქის მერიის სამსახურების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნა უზრუნველყოს.

თავის მხრივ, ქალაქის საკრებულოში აცხადებენ, რომ ოფიციალურ კომენტარს განცხადების მიღებისა და განხილვის შემდეგ გააკეთებენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მერაბ მეშველიანის თქმით, საკრებულო მზადაა ურთიერთობა იქონიოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციამ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ მერიას შტატების ოპტიმიზაციის რეკომენდაციით მიმართა. მისი ხელმძღვანელის, პაატა კლდიაშვილის თქმით, მერიამ არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციები ნაწილობრივ გაითვალისწინა. თავის მხრივ, ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძე აცხადებს, რომ საშტატო ერთეულის გაზრდა ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების შტატში გადაყვანამ განაპირობა.

ქუთაისის მერიაში შტატების მატების გამო სახელფასო ფონდიც გაიზარდა. ქალაქის წლევანდელი ბიუჯეტი 43 მილიონი ლარია და ამ თანხიდან 7 მილიონ 145 ათასი ლარი ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულთა ხელფასებისთვის დაიხარჯება.
XS
SM
MD
LG