Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისელები საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნებას ითხოვენ


პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში
საპარლამენტო დედაქალაქი საქართველოს პარლამენტში ერთი მაჟორიტარი დეპუტატითაა წარმოდგენილი. კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ წარდგენილმა გუბაზ სანიკიძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მიიღო. ახალი მოწვევის პარლამენტის ფუნქციონირების პარალელურად ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ამუშავდა, სადაც 4 თანამშრომელია დასაქმებული. პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები, ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას. როგორც ქუთაისის მაჟორიტარის ბიუროში აცხადებენ, მიმდინარე წელს ბიუროს ფუნქციონირებისთვის თვეში 5 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც თანამშრომელთა ხელფასებსა და სხვადასხვა ხარჯებზე გადანაწილდება.

რადიო თავისუფლების ქუთაისელ რესპონდენტებს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ არაერთგვაროვანი მოთხოვნები აქვთ: ნაწილი ფიქრობს, რომ დეპუტატმა ქალაქის საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს, რესპონდენტთა ნაწილი კი სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვს.

თავის მხრივ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გელა გაბადაძე ამბობს, რომ ბიუროს ყოველდღიურად 20-მდე ადამიანი მიმართავს დასაქმების, სოციალური, ჯანდაცვისა და საბინაო პრობლემების მოგვარების თხოვნით, ბიურო კი მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებთან რეკომენდაციას უწევს.

როგორც გელა გაბადაძე აცხადებს, გუბაზ სანიკიძე მოქალაქეებთან ყოველი კვირის ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრებს თვის ბოლოდან განაახლებს. ასევე იგეგმება მაჟორიტარი დეპუტატის მოსახლეობასთან შეხვედრები მართვის ტერიტორიული ორგანოების მიხედვით. გუბაზ სანიკიძის ბიურო განთავსებულია ქალაქის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობის მეოთხე სართულზე, სადაც, ამავე დროს, ქუთაისის მერია, საკრებულო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ფუნქციონირებს. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორი ოთახი უჭირავს და, როგორც გელა გაბადაძე აცხადებს, სრულყოფილი მუშაობისთვის ეს ფართი საკმარისია.
XS
SM
MD
LG