Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერებულია


პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა.
ერთ-ერთი ძვირად ღირებული პროექტი, რომელიც ქუთაისში ამჟამად შეჩერებულია, პარლამენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაა. როგორც მერიაში განმარტავენ, 17 მილიონ ლარადაა შეფასებული პარლამენტის შენობის გარე პერიმეტრის გამწვანებისა და ავტოპარკინგის მოწყობის სამუშაოები. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელს ლევან ჭანჭალეიშვილს აუცილებლად მიაჩნია დასრულდეს პარლამენტის რეზიდენციის მშენებლობა და იმედს გამოთქვამს, რომ დასრულდება კიდეც. მისივე თქმით, იმ ძვირად ღირებულ პროექტებს შორის, რომლებიც მიმდინარე წლიდან არ გაგრძელებულა, წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტიცაა.

როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რამდენიმე პროექტი, რომლებიც პარლამენტის მშენებლობის პარალელურად უნდა განხორციელებულიყო, დაწყებულიც არ არის, რადგან კერძო ინვესტორები პარლამენტის ადგილსამყოფლის საბოლოოდ განსაზღვრის მოლოდინში არიან. ცენტრალური ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ მსხვილ პროექტებს შორის კი ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპიც არის. ლევან ჭანჭალეიშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამის პროექტს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროში მიმდინარე წელსაც წარადგენს და, მისი რენტაბელობისა და სხვა ასპექტების გათვალისწინებით, სამინისტრო პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილებას მიიღებს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ინიციატივას არ იჩენს. ამასთან, მისივე თქმით, გასულ წელს ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ რეკონსტრუირებული და დაშენებული ობიექტების იმ ფორმით შენარჩუნება, როგორშიც ისინი დღესაა, მიუღებელია.

თავის მხრივ, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქის ცენტრში მესამე სართულად დაშენებული ობიექტები ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე ირიცხება და გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ფართების გასხვისება, მიღებული არ არის.
XS
SM
MD
LG